შარშან ამ დროს რომ გეკითხათ, უკვე დაღლილი ვიყავი დისტანციური მუშაობით, ონლაინ კონფერენციებით, იმაზე ფიქრით, როგორ მემართა პროექტები ვირტუალურად, მაგრამ სრულფასოვნად. ვფიქრობდი, რომ ცოტაც უნდა გამეძლო და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა.
წელიწადზე მეტი გავიდა და პირიქით, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი გახდა ჩვეული რიტმი. განსხვავება ისაა, რომ დაღლილი აღარ ვარ. მეტიც, ზოგ ცვლილებას ისე შევეგუე, რომ ალბათ, აღარც დავუბრუნებ პირვანდელ სახეს.
პანდემია როდესმე დასრულდება და იმედია, ეს „როდესმე“ ძალიან მალე მოვა, მაგრამ შეცვლილი სამუშაო პროცესების რაღაც ნაწილი იმდენად კომფორტულად მოვირგეთ, დიდი შანსია, ასე დავტოვოთ.
თუკი დისტანციურად მუშაობა ადრე უცხო ხილი იყო და ჩვენს წარმოდგენაში, ამის კეთება მხოლოდ პროგრამისტებს შეეძლოთ (ისიც, იშვიათ შემთხვევაში), ახლა თითქმის აღარავინ სცდება საკუთარი სახლის კარს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ სფეროშია შესაძლებელი ფინანსური ეკონომიის გაკეთება. თანამშრომელი გადაადგილების ხარჯს ზოგავს, დამსაქმებელი კი – ქირის. საქართველოშიც არაერთმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, თანამშრომლები სრულად, ან ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადაეყვანა. ბევრმა მათგანმა ოფისის არენდაც გააუქმა.
Zoom-ი იქნება, Google meet-ი თუ Facebook room-ი, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. არც ისე დიდი შანსია, ონლაინ კონფერენციაზე უკეთესი ალტერნატივა გვქონდეს ოდესმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის რეალობა გადაადგილებისას უსასრულო საცობში დგომას გვთავაზობს, დღე-ღამის უკვე ნებისმიერ მონაკვეთში. თითო გზაზე თითო საათის დაკარგვა რომ სისულელეა, ამაში უკვე ყველა დავრწმუნდით.
ჩემი, როგორც მედია მენეჯერის ყველაზე ხშირი პრობლემა მედიისთვის რესპონდენტის მოძიება იყო. რატომღაც, კლიენტების ნაწილი, სხვადასხვა მიზეზის გამო, პერიოდულად, უარს აცხადებდა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე. ახლა, მიზეზებმა – სახლიდან ვერ გამოვდივარ, ქალაქში არ ვარ, შეხვედრისთვის არ მცალია – და ა.შ. ძალა დაკარგეს. სამართლიანობისთვის, ისიც უნდა ითქვას, რომ ხანდახან მედია არ იყო კმაყოფილი შემოთავაზებული პირობებით, იგულისხმება, მაგალითად, სატელეფონო, ან ონლაინ ინტერვიუ. ახლა Zoom-ით, Skype-ით ან სხვა პროგრამით ჩაწერა აღარავის აკვირვებს და ყველა მხარე კმაყოფილია.
ენა რომ ცოცხალი ორგანიზმია და ძალიან სწრაფად იცვლის ფორმას, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ პანდემიის ფონზე შემოვარდნილი ახალი ლექსიკა, მგონი, მაინც ყოველგვარ რეკორდს ხსნის. სიტყვები ქოლი, კლასტერი, ზუმი, თიმსი, თვითიზოლაცია, ლოქდაუნი, გა ან დატესტვა, სოციალური დისტანცია და ა.შ. მანამდე დარჩება ჩვენს ლექსიკონში, სანამ რამე სხვა არ ჩაანაცვლებს. ის კი არა, სხეულის ენაც შეიძლება ახლებური სახით შევინარჩუნოთ და შეხვედრისას, გადაკოცნის მაგივრად, კიდევ დიდხანს მივარტყათ ერთმანეთს იდაყვები, ან მუშტები.