რას არ ნახავ სპორტდარბაზში

რას არ ნახავ სპორტდარბაზში

რას არ ნახავ სპორტდარბაზში

გაცვეთილი ფრაზით უნდა დავიწყო პოსტი: რას არ ნახავ ცხოვრებაში…
რასაც ვერც ცხოვრებაში ნახავ და ვერც ინტერნეტში, სპორტდარბაზში ნახავ.

კაფეში, მეგობრებთან ერთად წასვლას, ყველაზე და ყველაფერზე ლაპარაკს, ნაცნობების ნახვას და „რაშვები“-ს თუ რამე ჩაანაცვლებდა არ მეგონა, მაგრამ რა არ ხდება…

„დო“:
კაფე იყო რიტუალი, რომელსაც ყოველდღიური თუ არა, ყოველმეორედღიური სახე ჰქონდა (აი, უკვე წარსულში ვლაპარაკობ). კაფეში შესვლისას სულ ერთი წამი გჭირდება, რომ დაინახო ნაცნობები, დაინახო ვისთან ერთად არიან ეს ნაცნობები, გაიფიქრო რაც გასაფიქრებელია და ისიც კი დააფიქსირო, რას ჭამენ და დიეტაზე არიან თუ არა. თუ ჭამენ კიდეც და თან კარგად გამოიყურებიან, პატარა „შურთულაკები“ იწყებენ გააქტიურებას ტვინის რომელიღაც ნაოჭში და ამაოდ ცდილობენ გადაფარონ იქვე, მთელი ნახევარი საათით ადრე „დასეივებული“ კაფის მენიუ. მეტი ისეთი არაფერი – შედიხარ, ჯდები, უკვეთავ, თავს იმშვიდებ, ჭამ და მწვანე ჩაის აყოლებ. თუ გულგრილად ლაპარაკობ, კიდევ ბევრ სხვა დეტალს აფიქსირებ გარშემო. თუმცა, ხდება ისეც, რომ თემა ისეთი ცხელია, სულ რომ მიწა იძრას და თავზე ჩამოგენგრეს შენობა, არ ჩერდები და დაღლილი მეგობრის წამიერად გაქცეული მზერა გაცოფებს. ოდნავ პაუზას აკეთებ, თვალებში უყურებ, შემოგხედავს და შენია! სიტყვით „ხოდა“ აგრძელებ იმავე შემართებით.

ამ მეტად საინტერესო რიტუალს, ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა სპორტდარბაზის სახით. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში. შესვლა და ნაცნობების დანახვა იმავენაირად ხდება, უბრალოდ სიგარეტის კვამლში არ ზიხარ, არ ჭამ უსარგებლო საჭმელს, ათას სისულელეზე ლაპარაკით არ იღლები და რაც მთავარია, შენი ჯანმრთელობისა და სილამაზის სრულყოფის იდეით ხარ დაფრთიანებული.

„პოსლე“:

სანამ ვარჯიშს დაიწყებ, აუცილებლად იღებ ფოტოს „დო“-სთვის და იწყებ მუხლჩახრილ შრომას „პოსლე”-სთვის, რომელსაც შეიძლება ვერც მიაღწიო. პირველი დღეა რთული (პრინციპში მომდევნო რამდენიმე დღეც), თორემ მერე იწყებ სიამოვნების მიღებას ამ პროცესისგან.

ახალბედებს ყოველთვის ერთნაირი სახეები აქვთ. უხერხულ-მორიდებული გამომეტყველებით, ტრენერის დაწერილი პროგრამითა და ახალი ნაყიდი სპორტულებით დადიან დარბაზში და ნომრებით ეძებენ ტრენაჟორებს. თუ ეს ახალბედა გოგოა და კარგადაც გამოიყურება, მისი დახმარება და სწორ გზაზე დაყენება არავის ეზარება – მიატოვებენ ვარჯიშს, გაყვებიან, ასწავლიან, რჩევებს აძლევენ… (მერე ეს დაბნეული ახალბედები იქცევიან „არსებებად“, რომლებზეც ქვემოთ მოგიყვებით).

ვარჯიშის პირველი ტალღისგან გამოწვეულ კუნთების ტკივილი რომ გადაუვლით (აი, რომ ვერ ინძრევი ისეთი), ტრენაჟორებსაც უნომროდ ცნობენ და მათი სავარჯიშო გარდერობიც იცვლება. ხშირ შემთხვევაში, სპორტულები მოვარჯიშის სხეულის ფორმებზეა ადაპტირებული. თუმცა, ისეთებსაც შეხვდებით, სპორტული ბიუსტჰალტერის შესახებ რომ ჯერ არ სმენიათ და წესით სარბენ ბილიკზე ასვლა ან სირბილი უნდა ეკრძალებოდეთ, მამაკაცებისთვის გასაგები მიზეზის გამო.

დარბაზში რამდენი ადამიანიც არის, იმდენი მოსაზრებაა წონისა და სხეულის კორექციასთან დაკავშირებით. ვინც არ უნდა იყო შენ, ახალბედა თუ გამოცდილი, როგორც წესი, იზიარებ სწორი კვების რეჟიმის ჭეშმარიტებას, ყველას გულდასმით უსმენ და ეთანხმები (რადგან მათ ვარჯიშისთვის განკუთვნილი დრო დაგითმეს, დიდი პატივისცემაა).

თუ ერთი და იგივე დროს დადიხარ, ერთსა და იმავე სახეებს ხვდები. თუ დიდი ხანია ვარჯიშობ, ეს სახეები ისეთი ახლობელი და მშობლიური ხდება შენთვის, სადმე რომ გხვდებიან, გინდა მიესალმო.

ყველაზე რთული მაინც საღამოს საათებია, რადგან სპორტდარბაზის ცენტრალური უბნების ფილიალებში სამსახურიდან სავარჯიშოდ მოსულებისა და ზემოთ ხსენებული „არსებების“ რაოდენობა პიკს აღწევს. გასახდელში ჩანთის შესანახი ადგილიც არ არის. დადიხარ წრეზე და ელოდები, როდის წავა ვინმე ღვთისნიერი, რომ მისი კარადა დაიკავო.

გასახდელში ვრწმუნდები, რომ საქართველოში მკერდის პლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციაა. პირველად რომ დავინახე სილიკონიანი მკერდი, დაახლოებით ისეთი რეაქცია მქონდა, ჩემს შვილს რომ ჰქონდა ზღვის დანახვისას. თან ისე ამაყად იხდიან, პირდაპირ გული გაგისკდება. მერე პირსახოცის გარეშე დატანტალებენ, რაზეც ზოგ გოგოს ეცინება. ამაზე მკერდის პატრონები გამჭოლი მზერით პასუხობენ ყველას და სამარისებული სიჩუმეც  დაისადგურებს ხოლმე.

სარკესთან და ტრენაჟორებთან ერთნაირი რიგებია. გინდა-არ გინდა, ნერვები გეშლება ბილიკზე მოსეირნე ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ მუსიკას უსმენენ და ათვალიერებენ ხალხს. თუ ამას ისიც ემატება, რომ თან facebook-ს სქროლავს ან მესიჯობს, სადისტური აზრები მოგდის თავში!

რას არ ნახავ სპორტდარბაზში

ვინ არიან „არსებები“… გაპრანჭული სელფისტები – ფერადი ბოტასებით, მოტკეცილი ელასტიკებით, ფუშაფიანი სავარჯიშო ბიუსტჰალტერებითა და საღამოს მაკიაჟით. საუბრისას ხმოვნების უმეტესობას ტოვებენ და მუდამ წელში არიან გამართულები. სიმბოლურად ვარჯიშობენ, მათი ოფლიც სიმბოლურია. და მაშინ, როდესაც ჩვენ, „მშრომელები“ კალორიების წვის ზენიტში ვართ, ერთს ისეთს ჩაიბუქნებიან, რომ მთელი დარბაზის კუნთმაგარი საზოგადოება მათ აშტერდება (ამ დროს, განსაკუთრებით სახალისოები თინეიჯერი ბიჭები არიან). „არსებები“ ერთი-ორს წაივარჯიშებენ, მერე ძალიან დაღლილი სახეებით დადიან დარბაზში შემოვლაზე და პერიოდულად წრუპავენ წყალს. ან ბართან სხედან დაქანცული სახეებით და „აი ქონთაქთს“ ამყარებენ გამვლელ-გამომვლელებთან (გამვლელ-გამომვლელსაც გააჩნია ოღონდ). ზოგჯერ სელფებსაც იღებენ ახლადშეძენილ მეგობრებთან და დებენ სოციალურ ქსელში შემდეგი ჰეშთეგებით : #gym #workout #fatburn #cardio და ა.შ. მერე ივლებენ წყალს, იახლებენ მაკიაჟს და ამაყად ტოვებენ დარბაზს.
ხოდა ძალიანაც კარგი, რას ვერჩი.

მოვარჯიშის რამდენიმე კატეგორია არსებობს
პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ზემოთ ხსენებული „არსებები“. ასეთები შეიძლება იყვნენ ბიჭებიც. მთელი საღამო მუსიკას უსმენენ, თავს აყოლებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ძალიან მოწონთ რასაც უსმენენ და ასევე დაღლილი სახით დადიან დარბაზში რაღაცნაირი, „ჰალკური“ მანერით. ეს კატეგორია ძირითადად „აი ქონთაქთზე“ მუშაობს.

მეორე კატეგორიას ის ადამიანები განეკუთვნებიან, რომლებიც არც იქით არიან და არც აქეთ. ანუ, თან კარგად ვარჯიშობენ, მაგრამ ოფლი მათ მაკიაჟს ვერაფერს აკლებს. ამ კატეგორიის ბიჭებიც და გოგოებიც, ძალიან მეგობრულები არიან და კვებისა და ვარჯიშის თემაზე დისერტაციასაც დაიცავენ რამე რომ იყოს. არ დაგზარდებიან და თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ყველაფერს კარგად აგიხსნიან. მოკლედ, საერთო ჯამში კარგი ტიპები არიან.

ხალხი, რომელიც გულმოდგინედ ვარჯიშობს და გარშემო არავის აქცევს ყურადღებას, მესამე კატეგორიას მიეკუთვნებიან. მათზე ბევრი არაფერია სალაპარაკო. უბრალოდ უნდა უყურო და მოტივაცია აგიმაღლდება. რამეს რომ ჰკიხავ, შეიძლება გიპასუხონ „არ ვიცი, არ ვარ ტრენერი“. მაგრამ პრანჭვა და დემონსტრაციული ვარჯიში ისეთი რამაა, ყველას შეიძლება დაემართოს.

მეოთხე კატეგორიაა კიდევ – წყვილები სპორტდარბაზში. ვარჯიში კოცნისა და ფერების ფონზე საკმაოდ ეროტიულად გამოიყურება, მაგრამ მერე გბეზრდება და გინდა, რომ განტელი ესროლო (მომიტევეთ, ძალიან ბოროტულად ჟღერს, მაგრამ ვაღიარებ, რომ ნერვებს მიშლიან). აი, ვუყურებ ხოლმე და ვერ გამიგია, რა მიზნით დადიან დარბაზში. ნორმალურად ვერც ვარჯიშობენ და განმარტოვების შანსსაც კარგავენ. თუ წყვილის ურთიერთობა ახალი დაწყებულია და გოგო სინაზისა და უსუსურობის ზენიტშია ხო საერთოდ, თვალები უნდა დახუჭო.

რას არ ნახავ სპორტდარბაზში

კიდევ არიან ძალიან გამხდარი ბიჭები, მეც კი რომ ცალი ხელით ავწევ ისეთები. საოცარ სიმძიმეებს ეჭიდებიან, თვალებში უყურებენ გოგოებს და თავს აწონებენ. სულ მგონია, რომ ერთხელაც შუაზე გაწყდებიან. გაძლება მისცეთ ღმერთმა.

რას არ ნახავ სპორტდარბაზში

მე არ ვიცი რომელი კატეგორია ვარ. ალბათ, რაღაც დოზით ყველა კატეგორია გამოვლილი მაქვს (გამხდარი ბიჭებისა და წყვილების გარდა). ეხლა ძირითადად დავრბივარ. ბილიკიდან დანახული სამყარო სულ სხვაა. მუსიკის ფონზე ყველაფერი საიტერესო გეჩვენება. ჰოდა, ჩავრთავ ხოლმე Youtube-ს და ვიწყებ განტვირთვას. მუსიკის შერჩევასაც ცოდნა ჭირდება – კალორიების წვა რომანტიკას აბსოლუტურად გამორიცხავს.

რას არ ნახავ სპორტდარბაზში

მოკლედ, ასეა თუ ისე, მაგარია ვარჯიში. მიდიხარ, ნახულობ ნაცნობებს, მთელი დღის დაგროვილ ნეგატიურ ენერგიას ტრენაჟორებზე ტოვებ და იქიდან რომ გამოდიხარ გგონია, რომ უფრო გამხდარი და ლამაზი ხარ, ვიდრე მისვლისას იყავი. მშვიდად გძინავს. დღის განმავლობაში კი, სანამ შოკოლადს შეჭამ, ითვლი დაახლოებით რამდენი კილომეტრის გარბენით დაწვავ ამ კალორიებს და მერე ისე იღებ გადაწყვეტილებას.

საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მეგობრებთან ერთად კაფეში, კინოში ან გასართობად წასვლას სავარჯიშოდ წასვლა მირჩევნია ხოლმე. თუმცა, მაინც ვერ ვარ თავგადაკლული ფიტნეს გოგო.

ძირითადად, დღის განმავლობაში ჩადენილ ცოდვებს ვინანიებ კარდიო ტრენაჟორებზე.

რას არ ნახავ სპორტდარბაზში