რა უნდა იცოდეთ, როცა კომპლიმენტების ქვეყანაში მოხვდებით

რა უნდა იცოდეთ, როცა კომპლიმენტების ქვეყანაში მოხვდებით

რა უნდა იცოდეთ, როცა კომპლიმენტების ქვეყანაში მოხვდებით

 

არასდროს მჯეროდა გაცვლით პროგრამების უწი-პუწი თამაშებისა და უცხოელებთან გადაღებული ფოტოების. მარაზმამდე დაყვანილი სიმარტივე მეგონა ჯგუფური თამაშები და ენერჯაიზერები. თუ ჩემი ვარაუდები სიმართლე იყო, მაშინ კრეტინი გამოვდივარ, რადგან ამდენი დიდი ხანია, არც მიცინია და არც გამხარებია. ასე სცოდნია თურმე ბრიტანეთში წასვლას – როცა ყველა საზრუნავი ცოტა ხნით ცალ ფეხზეც კი არ გკიდია. ეს პოსტი არ იქნება ბლა-ბლა-ბლა ბრიტანეთზე.

რა უნდა იცოდეთ, როცა კომპლიმენტების ქვეყანაში მოხვდებით

რა უნდა იცოდეთ, როცა კომპლიმენტების ქვეყანაში მოხვდებით

ყველამ ვიცით, რომ უზენაესად მაგარი ქვეყანაა. თუ არ იცით, მე დამიჯერეთ და თუ არ გჯერათ, თქვენი პრობლემაა. ეს პოსტი იქნება პატარ-პატარა რჩევების კრებული ამ დალოცვილ ქვეყანაში წამსვლელთათვის.

  • თუ ფული თავზე არ გადაგდით, ბრიტანეთში 100% თქვენი ხარჯებით ნუ წახვალთ. მოძებნეთ რაიმე საინტერესო პროგრამა, რომელიც რაღაც ნაწილს მაინც დაგიფინანსებთ ან აგინაზღაურებთ. 10 ფუნტი სუვენირში შეიძლება, არც ისე შოკისმომგვრელად ჟღერდეს, მაგრამ როცა გაიგებთ, რომ 36 ლარი გადაიხადეთ, მაშინ ჰო.
  • გახსოვდეთ, ბრიტანეთი შენგენის ქვეყნებზე ძვირი სახელმწიფოა და ვიზაშიც გაცილებით მეტის გადახდა გიწევთ – 219 დოლარის. შეეგუეთ ამას.
  • თუ შემოდგომით მიდიხართ, წაიღეთ ჩვენი ზამთრის ტანსაცმელი, თუმცა 1-2 გამოსასვლელი სამოსის ჩაგდებაც არ დაგავიწყდეთ: ლონდონში ყველა დაზმანული დადის და უცნობი ხალხი ქუჩაში ერთმანეთს კომპლიმენტებს ეუბნება.
  • არ დაგავიწყდეთ, გზაზე გადასვლისას გაიხედოთ ჯერ მარჯვნივ და მერე მარცხნივ, რადგან იქ ტრანსპორტი „უკუღმა“ მოძრაობს.
  • წასვლამდე ჰკითხეთ მეგობრებს, სად შეიძლება იაფი საკვების ყიდვა. მაგალითად ლონდონში, Victoria Coach-ის კვეთაზე, ელიზაბეთის ქუჩაზე, Sainsbury’s სუპერმარკეტია, სადაც 4 ცალ მაფინის ან წინა დღის სენდვიჩს ერთ ფუნტად შეიძენთ. მაგრამ გარწმუნებთ, უგემური ნამდვილად არ არის. სხვა საკვებიც იაფი ღირს. ასე რომ, წარმატებით მოიხმარეთ.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის დაგჭირდებათ Oyster ბარათი, რომელსაც უმარტივესად აიღებთ ნებისმიერ მეტროსადგურში. ბარათის ღირებულება 5 ფუნტია, რომლის უკან დაბრუნების შემთხვევაში, აპარატი ბარათის საფასურსაც დაგიბრუნებთ და ზედ დარჩენილ თანხასაც.
  • თუ გზები გაინტერესებთ, ყოველ 100 მეტრში ქალაქის რუკაა.
  • თუ რამე დაგაინტერესებთ, გააჩერეთ ნებისმიერი ბრიტანელი მოქალაქე: თუ არ ეცოდინება, ყველაფერს იღონებს, რომ რაღაც მაინც აგიხსნათ ან სწორი მიმართულებით გაგიშვათ. უთავაზიანესი ხალხია.
  • ღამით სეირნობისას ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ გაჩახჩახებულ ლონდონს ნახავთ: ბაკინჰემის სასახლეც, პავლეს ტაძარიც, ტაუერიც, ვესტმინსტერის სააბატოცა და პარლამენტიც ჩაბნელებულია. ანთია მხოლოდ ბიგ-ბენის საათი.
  • ნურც 24 საათიანი პაბების იმედი გექნებათ: ღამის 1 საათზე, ფაქტობრივად, ყველაფერი იკეტება და მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტების თეიქ ევეი მუშაობს. სამაგიეროდ, დღისგანმავლობაში ყველგან ბევრი ხალხია. ასე რომ, თუ რომანტიკული ხეტიალის მუღამი გაქვთ, ლონდონური ღამე მისწრებაა, ხოლო თუ გაწეწვა – დღე.
  • დაბოლოს, გაიღიმეთ. დაიჯერეთ თავაზიანი ხალხის არსებობის და დატკბით კომპლიმენტებით, რომლებსაც ბრიტანელები არ იშურებენ, თუ თქვენი ჩაცმულობა მოეწონებათ.

უცნობი ადამიანებისთვის ნათქვამი კომპლიმენტების დონის საზოგადოებას გისურვებთ საქართველოში 🙂

რა უნდა იცოდეთ, როცა კომპლიმენტების ქვეყანაში მოხვდებით

რა უნდა იცოდეთ, როცა კომპლიმენტების ქვეყანაში მოხვდებით