რა მოგვდის თავში ფრაზაზე „იდეალური დიზაინი“ ან „პროპორციული დიზაინი“?
ალბათ ვიზუალი, რომელშიც ყველაფერი მათემატიკურად გამართულია და გეომეტრიულად სრულყოფილი. დავიწყოთ იმით, რომ კარგი ლოგოს დიზაინისთვის გვჭირდება ბალანსი.
ბალანსი ვიზუალური პროპორციის კონცეფციაა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ფიზიკური ჰარმონიის შეგრძნებასთან. ანუ ვეძებთ პროპორციებს ზომებში, შეხამებას ფერებში და ვანგარიშობთ მათემატიკური სიზუსტით, რათა მივაღწიოთ ჰარმონიას, მაგრამ მათემატიკური გამოთვლებით ყოველთვის ვერ მივიღებთ იმას, რასაც მოველით და ასეთ სიტუაციებში ჩვენ ვიზუალური გეომეტრია გვეხმარება. ეს არის შემთხვევა, როდესაც არ არსებობს არანაირი მათემატიკა, არანაირი პროპორცია და არანაირი წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
ბევრმა გამოცდილმა დიზაინერმა უკვე იცის, რომ არსებობს ვიზუალური და სიმეტრიული პროპორცია და ზუსტად ამაზე მომინდა საუბარი, როდესაც დავაკვირდი გუგლის განახლებულ ლოგოს.
გუგლს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პროგრესული კომპანია დღევანდელ ბაზარზე და როცა მის დიზაინს ვაკვირდებით მასშიც უნდა ვეძებოთ ის პროგრესი, რასაც ეს სახელი უკავშირდება.
ერთი შეხედვით, ამ მონოგრამულ ლოგოს ვერაფერ უცნაურს ვერ შევამჩნევთ და ვიფიქრებთ, რომ ყველაფერი პროპორციულია, ვინაიდან ჩვენი თვალები და ტვინი არასრულყოფილი ორგანოებია. ისინი იდეალურად აკეთებენ იმას, რაც უნდა აკეთონ, მაგრამ ზუსტი გეომეტრიის ამოცნობა მათ მოვალეობაში არ შედის. პირიქით, ჩვენი ტვინი იღებს რაიმე უცნობ ფორმას და ამსგავსებს მას რაიმე ისეთს, რაც მისთვის უკვე ნაცნობია. ზუსტად ამიტომ გვგონია სკამის საზურგეზე გადაკიდებული ქურთუკი ადამიანი ოთახში სინათლის ანთებისას და ვფრთხით ხოლმე მისს იმ ადგილას დანახვისას, სადაც არავინ არ გვეგულება (ვისარმოსვლია არა?). დავუბრუნდეთ ლოგოებს. გუგლის ეს შემთხვევა, რა თქმა უნდა არ არის დიზაინერის მიერ გაპარული ხარვეზი ან უყურადღებობა, პირიქით ყურადღების გამახვილება ასეთ მცირე მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებზე აყალიბებს ნებისმიერ დიზაინერს პროფესიონალად და მისი ნამუშევრებს უფრო ჰარმონიულს ხდის. აი მაგალითად, ავიღოთ გუგლის ლოგო და გავხადოთ ისეთი პროპორციული, როგორიც გვგონია რომ არის.
მარცხენა მხარეს არის გუგლის ნამდვილი ლოგო, მარჯვნივ კი უბრალოდ გეომეტრიული პროპორციებია დაცული. თქვენთვითონ განსაჯეთ რომელი უფრო ჰარმონიულია და შეეფერება პროგრესულ ბრენდს.
გუგლის გარდა ასეთი დიზაინერული გადაწყვეტები გვხვდება ბევრ სხვა ლოგოებშიც როგორებიცაა: Facebook, Nintendo Switch, Juventus და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესად აღმოვაჩენთ რაიმე ამდაგვარ ასიმეტრიულობას ან ჩვენთვის გაურკვეველ შეუსაბამობას ამა თუ იმ დიზაინში, უნდა მივხვდეთ რომ ხშირ შემთხვევაში ზუსტად ასეთი იყო დიზაინერის ჩანაფიქრი, რადგან ასიმეტრია იქცევს ყურადღებას, სიმეტრია კი გვეხმარება დამახსოვრებაში და ჩვენ, დიზაინერები ვცდილობთ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, რათა შედეგად მივიღოთ ის პროდუქტი, რომელიც ჩანაფიქრში გვქონდა.