რა საჭიროა ამბის თხრობა?

რა საჭიროა ამბის თხრობა?

როგორც მშობლები, ჩვენ საკუთარ შვილებს ვუყვებით ამბებს, ზოგჯერ იმავე ამბებს, რომლებსაც თავად ვისმენდით ბავშვობაში. როგორც კოლეგები, ერთმანეთს ორგანიზაციაში გავრცელებულ უახლეს ჭორებს ვუზიარებთ. როგორც მეგობრები, ერთმანეთს პირად ამბებს ვუყვებით. რატომღაც, მხოლოდ ბიზნესმენების როლში ვიკავებთ თავს ამბების მოყოლისგან. ეს სამწუხაროა. გაიხსენეთ, ბოლოს როდის მოისმინეთ ბიზნეს პრობლემის წამოჭრისა და განხილვის ამსახველი ამბავი?

ამბის თხრობას ბიზნესის სამყაროში ნაკლებად აფასებენ და იშვიათად მისდევენ. მოდი, შევაფასოთ, როგორ შეიძლება ამბის თხრობის, როგორც ძლიერი ინსტრუმენტის, გამოყენება მეტად ხელშესახები ბიზნესმოდელების შესაქმნელად.

თავისი არსით, ახალი ან ინოვაციური ბიზნესმოდელების ახსნა და გაგება შესაძლოა, რთული იყოს. ისინი საგნებს უჩვეულო ადგილს უჩენს და ამით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტატუსკვოს. მსმენელებს ახალი შესაძლებლობებისთვის გონების გახსნისკენ უბიძგებს. უჩვეულო მოდელი ადამიანებში წინააღმდეგობას იწვევს ხოლმე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ახალი ბიზნესმოდელების იმგვარად გადმოცემა, რომ წინააღმდეგობასთან გამკლავება შევძლოთ.

ისევე როგორც ბიზნესმოდელის ტილო გეხმარებათ ახალი მოდელის ჩანახატის შექმნასა და გაანალიზებაში, ამბის თხრობაც ხელს გიწყობთ ახალი მოდელის ეფექტიან მიწოდებაში. კარგი ამბები მსმენელის ჩართულობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ამბავი იდეალური ინსტრუმენტია, რომელიც ბიზნესმოდელსა და მის ძირეულ ლოგიკასთან და კავშირებული სიღრმისეული განხილვისთვის მზადებაში დაგეხმარებათ. ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენებით გაცილებით მარტივია განმარტებების გაკეთება. ამბის თხრობა სწორედ ამ უპირატესობას იყენებს და ამით გაურკვევლობის ეჭვს ფანტავს.

რა საჭიროა ამბის თხრობა?

სიახლის გაცნობა

ბიზნესმოდელის ახალი იდეები შეიძლება, ორგანიზაციის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში გაჩნდეს. ზოგი შეიძლება, კარგი იყოს, ზოგი საშუალო და ზოგიც, სრულიად უსარგებლო. თუმცა, შესაძლებელია, ბიზნესმოდელის გამორჩეული იდეებიც კი არ აისახოს სტრატეგიაში, თუ მათ სხვადასხვა დონის მენეჯერები დაიწუნებენ. ამგვარად, მათთვის იდეების ეფექტურად მიწოდება ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ნააზრევის ამბად გადმოცემა. თუმცა მენეჯერებს, საბოლოოდ, რიცხვები და ფაქტები აინტერესებთ, ამბავს მაინც შეუძლია მათი ყურადღების მიპყრობა. კარგი ამბავი საუცხოო საშუალებაა საიმისოდ, რომ სწრაფად გააკეთოთ დიდი იდეის მონახაზი, სანამ დეტალებზე საუბარს შეუდგებით.

ინვესტორთა დარწმუნება

თუ მეწარმე ხართ, შეიძლება მოგიწიოთ ინვესტორთა ან აქციების პოტენციურ მფლობელთა დარწმუნებამ თქვენს იდეაში ან ბიზნესმოდელში (თქვენ კი უკვე იცით, რომ ინვესტორები თქვენს მოსმენას იმ წამს შეწყვეტენ, როდესაც ეტყვით, რომ თქვენ ახალი „გუგლი“ გახდებით). ინვესტორებსა და აქციების პოტენციურ მფლობელებს აინტერესებთ: როგორ შექმნით ღირებულებას მომხმარებლებისთვის? როგორ გამოიმუშავებთ ამით ფულს? ეს შესანიშნავი მიზეზებია ამბის მოსაყოლად. ამ გზით, ბიზნესგეგმაზე მუშაობის დაწყებამდე, შეგიძლიათ, თქვენი საწარმო და ბიზნესმოდელი დაინტერესებულ პირებს წარუდგინოთ.

თანამშრომელთა ჩართულობა

არსებული ბიზნესმოდელის შეცვლისას ორგანიზაციას თანამშრომელთა მხარდაჭერა სჭირდება. მათ უნდა დაინახონ, როგორია ახალი მოდელი და რა შედეგს მოუტანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ორგანიზაციას თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა სჭირდება. აქ ტრადიციული, PowerPoint–ის ტექსტებით გაჯერებული პრეზენტაცია არ გაამართლებს. მსმენელები შეიძლება, უფრო დაინტერესდნენ ისეთი პრეზენტაციით, რომელიც ამბავზეა აგებული და ახალ ბიზნესმოდელს ხსნის (წარდგენა PowerPoint–ით, ნახატებით ან სხვა ხერხებით ხდება). თუ შეძლებთ, რომ თანამშრომელთა ცნობისმოყვარეობა გააღვიძოთ, უფრო სიღრმისეული პრეზენტაციები და მსმენელთათვის ახალი საკითხების განხილვა გაგიადვილდებათ.