ყოველთვის ვცდილობ, რომ სამუშაო პროცესში მქონდეს გარკვეული „თავისუფალი დრო“ გაუთვალისწინებელი საკითხებისთვის, რაც რეალობაში თითქმის ყოველთვის ჩნდება

ყოველთვის ვცდილობ, რომ სამუშაო პროცესში მქონდეს გარკვეული „თავისუფალი დრო“ გაუთვალისწინებელი საკითხებისთვის, რაც რეალობაში თითქმის ყოველთვის ჩნდება

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ელენე თაყაიშვილი 2025 წელს აფასებს. 

რომელი ჩვევები დაგეხმარათ ამ წელს პროდუქტიულობაში და საქმეების შესრულებაში? რა შედეგები მიიღეთ ამ ჩვევების წყალობით და რას განაგრძობდით მომავალშიც?

ამ წელს (და არა მარტო) ჩემს ყოველდღიურ მუშაობაში ყველაზე მეტად დამეხმარა წინასწარი დაგეგმვა, სხვადასხვა შესაძლო სცენარის გათვალისწინება/განხილვა და საქმეებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრა. ყოველთვის ვცდილობ, რომ სამუშაო პროცესში მქონდეს გარკვეული „თავისუფალი დრო“ გაუთვალისწინებელი საკითხებისთვის, რაც რეალობაში თითქმის ყოველთვის ჩნდება.

ამ მიდგომამ მომცა შესაძლებლობა, ნაკლებად ვიმუშაო სტრესულ რეჟიმში და გადაწყვეტილებები მივიღო უფრო მშვიდად და გააზრებულად. როდესაც პროცესები წინასწარ მაქვს გადახედილი, ბევრად მარტივია სწრაფი რეაგირება ცვლილებებსა და პრობლემებზე.

თუმცა, ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჯეპრაში, არის გუნდური მხარდაჭერა. ერთმანეთის დახმარება, ერთმანეთის იმედის ქონა და ის საერთო შეგრძნება, რომ „გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს“, ძალიან დიდ ძალას გვაძლევს. მიუხედავად ბევრი სირთულისა და დატვირთული პერიოდებისა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა საერთო ძალებით ვერ გავმკლავებოდით გამოწვევას. ეს არის ის ღირებულება და „ჩვევა“, რომლის შენარჩუნებას და გაძლიერებას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ.

რომელი ჩვევები ან ქცევები შეგიფერხათ ეფექტურობაში ამ წელს? რა შეგიმჩნევიათ საკუთარ თავში, რაც გინდათ შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ?

ვისურვებდი, რომ უკეთ შევძლო საქმეების და პასუხისმგებლობების გადანაწილება გუნდში, რაც ყოველთვის მეტად ეფექტურს ხდის გუნდს, როგორც გუნდური საქმიანობისას, ისე ინდივიდუალურად მუშაობის დროს.

ასევე, ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო უკეთ ვისწავლო სამსახურეობრივი საკითხების ნაკლებად პირადად მიღება. გარკვეულ სიტუაციებში ემოციური ჩართულობა შესაძლოა გადაწყვეტილებების მიღებას ართულებდეს ან ზედმეტად დამღლელი გახდეს. ამ მიმართულებით მუშაობა დამეხმარება როგორც პროფესიულ, ისე პირად ბალანსში.

რომელი ცუდი ჩვევის ჩანაცვლება რომელი კარგი ჩვევით გაქვთ დაგეგმილი 2026 წლისთვის? რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ამ ცვლილების განსახორციელებლად?

ბევრი სასარგებლო ჩვევისა და ცვლილების მიღმა, ჩემთვის 2026 წლის მთავარი ფოკუსი იქნება იმ ჩვევების ჩანაცვლება, რომლებიც ზედმეტ ემოციურ ჩართულობას და შიდა დაძაბულობას იწვევს — სიმშვიდის შენარჩუნებით, საკითხებისადმი ცივი გონებით მიდგომით და უფრო კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღებით.

ამისთვის ვგეგმავ, ყოველდღიურ მუშაობაში უფრო მეტად გავაკეთო აქცენტი პაუზაზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, პრიორიტეტების გადახედვაზე და რეალობისგან განცალკევებული ემოციური რეაქციების შემცირებაზე. ასევე, შევეცდები საკითხებს შევხედო პროცესის, და არა პირადი აღქმის ჭრილში, რაც დამეხმარება უფრო დაბალანსებულ და ეფექტურ კომუნიკაციაში როგორც გუნდთან, ისე დამკვეთთან.