პოსტები სინგაპურიდან – პირველი სინგაპური

პოსტები სინგაპურიდან – პირველი სინგაპური

ფულზე გაცვლილი შემოქმედება

 

„ყატარის ავიახაზების“ მედიატურის მონაწილეები სინგაპურში ახალგაღვიძებულები ჩავფრინდით და ყველამ ჩვენთვის (სხვისი არ ვიცი, მაგრამ ვივარაუდებ) დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რამდენად გაამართლებდა სინგაპური ჩვენს მოლოდინებს და საერთოდ, ისიც საინტერესო იყო, რა მოლოდინები გვქონდა. ამ ფიქრებში მივუახლოვდით პირველ პატარა სასწაულს: ჩვენი ტერმინალიდან, ჩანგის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელისკენ პატარა მატარებლით მოგვიწია წასვლა. თუმცა, ჩვენდა საქებრად უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი „ჩვეულებრივ ამბად“ მივიღეთ და „აღარაფერი გაგვიკვირდება“ სახეები შეთანხმებულად მივიღეთ.

პოსტები სინგაპურიდან - პირველი სინგაპური

ჩვენი მასპინძელი გულმხიარული, მუდმივად მომღიმარი, ეთნიკური მალაიზიელი გარი გამოდგა, რომელიც ტრაფარეტით ხელში დაგვხვდა და მერე ამაყად გაგვიძღვა ავტობუსისკენ, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ გვემსახურებოდა. აეროპორტიდან გავედით თუ არა, სინგაპურის სიცხეც მოგვესალმა და გვაგრძნობინა თავი. საერთოდ, ეს უჩვეულო ადგილია, სადაც ან გცხელა, ან გცივა და სადაც ყველგან კონდენციონერი აყენია, თუ სადმე მისი დამონტაჟება შეიძლება – დაწყებული აეროპორტიდან, დამთავრებული საბაგირო გზის კაბინით.

აეროპორტიდან სასტუმრომდე გზა სასიამოვნოდ გაოცებულებმა ისე გავიარეთ, რომ გარისთვის არც მოგვისმენია ბოლომდე. უჩვეულო სილამაზით, წესრიგითა და მასშტაბებით ვტკბებოდით. ვამსგავსებდით ლანდშაფტსა და ტყის საფარს ჩვენსას, მაგრამ თან ვრწმუნდებოდით, რომ აშკარად უჩვეულო ადგილას ვიყავით მოხვედრილები.

ჩვენი პირველი მასპინძელი, სავაჭრო ცენტრებით, სასტუმროებითა და ბიზნესცენტრებით გარშემორტყმული კოხტა სასტუმრო Orchard Parade Hotel გამოდგა, რომელიც სინგაპურის ცენტრის ცენტრში მდებარეობს. ვახშამი კი იქაურ სასტუმროში „შანგრი ლა“ გვქონდა, რომელიც სინამდვილეში, ამ ქსელის პირველი სასტუმრო იყო, სადაც იმის გარდა, რომ უამრავი და უგემრიელესი ზღვის კერძი დავაგემოვნეთ, ისიც გავიგეთ, რომ თბილისის „შანგრი ლა“ სულაც არ არის ამ ქსელის წევრი. აქვე გავიცანით მეორე გარი – ეთნიკურად ჩინელი, ასევე ჩვენი მასპინძელი ტურისტული კომპანიიდან.

პოსტები სინგაპურიდან - პირველი სინგაპური

დღის ბოლოს კი სასწაული სიუპრიზი გველოდა. პარიზის ეიფელის კოშკი, რომის კოლიზეუმი, ლონდონის ბიგბენისა და ძველი თბილისის ხედები ყველას აღბეჭდილი გაქვთ გონებაში და ეს ნაგებობები ამ ქალაქების სავიზიტო ბარათებს წარმოადგენენ. სინგაპურისთვის კი ასეთი ადგილია “მარინა ბეი” – ხელოვნური ყურის სანაპირო და  ერთმანეთის გვერდით მდგომი სამი უდიდესი სასტუმრო. სასტუმროებს თავზე გრძელი გემის ფორმის ნაგებობა ადგას, რომელიც აერთიანებს მათ. ჩვენც ვიყურებოდით ასე, თავაწეულები. ვტკბებოდით თანამედროვე არქიტექტურის მასშტაბებითა და სილამაზით და ვცდილობდით, დროდადრო პირი დაგვეკუმა.

პოსტები სინგაპურიდან - პირველი სინგაპური

სინგაპურის პირველი დღის ბოლო აკორდი კი გრანდიოზული ლაზერ შოუ იყო, რომელიც “მარინა ბეის” სანაპიროზე, შუა წყალში გაიმართა და რომლის სანახავადაც ყურის პირას ათასობით ადამიანი იდგა. შესაბამისი მუსიკა, ლაზერის და წყლის საოცარი კომბინაცია და უამრავი საპნის ბუშტი, რომელიც შოუს ბოლოს თავზე დაგვეყარა, სასტუმრომდე მიგვყვა და გაღიმებულებს ჩაგვეძინა კიდეც პირველ სინგაპურზე ფიქრში.