პიარის შეცდომები

პიარის შეცდომები

პიარის შეცდომები

 

პიარი, გარკვეულწილად, იმიჯზე ზრუნვაა. იმიჯის შექმნისას კი განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ხშირად, კომპანიებისა და ბრენდების პიარ გათვლები არასასიკეთო აღმოჩნდება ხოლმე მათი სახელისთვის. ასეთი შემთხვევების მაგალითები ბევრია, ჩვენი მიზანი კი მათი გათვალისწინება და მსგავსი მდგომარეობის თავიდან აცილებაა. ამ საქმეში მნიშვნელოვანია ეთიკის, ადამიანის უფლებებისა და მათი თანასწორობის გათვალისწინება. პიარ სტრატეგია არავის უნდა აყენებდეს შეურაცხყოფას და არ უნდა გამოყოფდეს საზოგადოებისგან ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პიარი დაფუძნებული იყოს მდგომარეობის ზუსტ შეფასებაზე და გათვალისწინებული იყოს ყველა დეტალი. თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ქვემოთ განხილული მაგალითებიდან შევიტყობთ.

გენდერული დისბალანსი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი გამოწვევაა და მის დასაძლევად არაერთი ორგანიზაცია და გაერთიანება იბრძვის. პიარ კამპანია უნდა ითვალისწინებდეს ასეთ საკითხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის იმიჯი ზარალდება.

პიარის შეცდომები
მაგალითისვის, “Old Navy”-ის პიარ მენეჯერებს ყურადღება არ მიუქცევიათ, რომ მაღაზიათა ქსელში დიდი ზომების ტანსაცმელი 10-15 დოლარით უფრო ძვირი იყო ქალებისათვის, მამაკაცებისათვის კი ფასების სელექციური სისტემა არ მოქმედებდა. ამ შემთხვევაში, კომპანია, თავის მართლებამ, რომ “დიდი ზომის ტანსაცმლის შეკერვა უფრო ძვირი ჯდება,” ვერ გადაარჩინა აქტივისტების კრიტიკას.

პიარ კამპანია აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მომხმარებლის სენსიტიურობასაც. მალაიზიის ავიახაზებისათვის 2014 წელი არც ისე წარმატებული იყო. ერთ-ერთი თვითმფრინავი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, ხოლო მეორემ ავიაკატასტროფა განიცადა.

პიარის შეცდომები
კომპანიამ არ გაითვალისწინა მომხდარი და რამდენიმე თვის შემდეგ მოუწოდა მომხმარებლებს, გამოეთქვათ აზრი, თუ სად ისურვებდნენ წასვლას “სიკვდილამდე”. ასევე, მათი შემდგომი განცხადებაც წარუმატებელი იყო – “გსურთ სადმე წასვლა და არ იცით სად? წლის ბოლო შემოთავაზება დაგეხმარებათ!”. კრიტიკოსების აზრით, მსგავსი მესიჯი მიუღებელი იყო, მით უმეტეს, რომ დაკარგული თვითმფრინავის მგზავრების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი გახლდათ.
არაეთიკური სარეკლამო კამპანიის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია DHL-საც. სოციალურ ქსელებში გააზიარეს ფორმულა 1-ის მძღოლის, ჟიულ ბიანკის მანქანის სურათი წარწერით – “სურათის მოწონებით თქვენ ჟიულს უგზავნით საუკეთესო სურვილებს სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის”.

პიარის შეცდომები
კრიტიკოსების აზრით, მსგავსი შემთხვევის გამოყენება მოწონებების რაოდენობის გასაზრდელად არაეთიკურია. მნიშვნელოვანია სიტყვების და ტერმინების სწორად შერჩევაც.

პიარის შეცდომები
ონლაინ მაღაზიის ჰელოუინის კოსტუმების ერთ-ერთ სექციას ეწერა “მსუქანი გოგოებისთვის”. კომპანიამ მალევე გამოასწორა შეცდომა და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ მყიდველების ნაწილი უკმაყოფილო დარჩა.
ერთი შეხედვით მარტივია მსგავსი შეცდომების თავიდან აცილება, თუმცა სულ მცირე უყურადღებობამ ან საკითხის არასაკმარისმა ცოდნამ შესაძლოა, ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ზემოთ განხილული შეცდომები ცნობილმა და წარმატებულმა კომპანიებმა დაუშვეს. ასე რომ, არავინ ვართ დაზღვეული.

წყარო: http://goo.gl/7SM0pP