პერფექციონიზმი, როგორც მენტალური დაავადება

პერფექციონიზმი, როგორც მენტალური დაავადება

პერფექციონიზმი

 

პირველობის წყურვილი ყველაზე ცხადად სპორტში ვლინდება. ის, ვინც ოლიმპიურ დევიზს იცავს, ლიდერიც ხდება – იხვეჭს სახელს, რომელსაც თან მოჰყვება დიდება, აღიარება, ფულადი ჯილდო, ნიჭისა და ნებისყოფის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემელი… თუმცა, ისიც, ვისაც სპორტთან საერთო არაფერი აქვს, ჯერ მიზნად ისახავს კარგი იყოს, შემდეგ – ვიღაცაზე უკეთესი და ბოლოს – საუკეთესო.

ცნება, რომელიც იდეალურისკენ გამუდმებულ სწრაფვას, გარემოსა და საკუთარი თავის სრულქმნის წყურვილს აღნიშნავს, პერფექციონიზმია (ლათ. perfectio – სრულყოფილი, უნაკლო).

ამერიკელმა პროფესორმა ფსიქიატრიის დარგში, მარკ ჰოლანდერმა მას დაარქვა “საკუთარი თავის მიმართ ისეთი მაღალი მოთხოვნების წაყენება, რომელთაც გარემოება არ ითხოვს”. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პერფექციონისტი საკუთარ ცხოვრებას იმ იდეალის დევნად აქცევს, რომელიც რეალურად მიუღწეველია.

პერფექციონიზმი

ერთი მედლის ორი მხარე

პირველ რიგში, არ უნდა აგვერიოს ჯანსაღი მოტივაცია და ჟინი ავადმყოფურ, აკვიატებულ მდგომარეობაში. ფსიქოლოგი დონალდ ჰამაჩეკი ორგვარ პერფექციონიზმს განასხვავებს:

პირველს ნორმალურს უწოდებს: ადამიანი საკუთარ თავში გრძნობს ლიდერის თვისებებს, მაღალ შრომისუნარიანობას, აქტიურობას, მიზნის მიღწევის მოტივაციას და ამასთან, ძალიან ობიექტურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს.

მეორე სახის პერფექციონიზმს კი, ფსიქოლოგი ნევროტულს უწოდებს. ამ შემთხვევაში, იმისთვის, რომ აჩვენოს, სიყვარულსა და პატივისცემას ვიმსახურებო, ადამიანი ორიენტირად ერთგვარ ეტალონს იღებს, რომელიც მის პოტენციალს არ შეესაბამება. შედეგად, იდეალის ძებნა თვითგვემად გადაიქცევა:

  • წარუმატებლობით იმედგაცრუება დეპრესიისა და დაბალი თვითშეფასების მიზეზი ხდება (“უიღბლო ვარ, წარმატებას არ ვიმსახურებ”);
  • მაქსიმალიზმი – პრინციპი “ყველაფერი ან არაფერი”, ბევრ საქმეზე უარის თქმას აიძულებს. წარუმატებლობის შიშით ადამიანი ერიდება ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც შეიძლება, მისი არასრულყოფილება გამომჟღავნდეს;
  • ზედმეტი სკურპულოზურობა, მეწვრილმანეობა, დეტალებზე ყურადღების ხარჯვა მნიშვნელოვნად აკარგვინებს დროს;
  • საქმე ან ცხოვრების თანამგზავრი, რომელიც არ ჯდება მოგონილ სტანდარტში, “უღირსების” განყოფილებაში ხვდება. ადამიანს არც კარიერული წინსვლა გამოსდის და ვერც პირადი ცხოვრებას აწყობს.

 

ფრიადოსნის სინდრომი

ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ნევროტული პერფექციონიზმის ფესვები ბავშვობაშია. უფრო სწორად “მოქმედებისა და ქების” არასწორ ურთიერთმიმართებაში.

თუ ბავშვი გრძნობს, რომ გაკვეთილზე მიღებული ფრიადები მშობლებისგან ქების დამსახურების ძირითადი გზაა, უფრო ბეჯითად მეცადინეობს, რომ ისევ და ისევ “იყოს კარგი”. თანდათან, პირველ პლანზე თავად მოქმედება და მისგან მიღებული სიამოვნება კი არ გამოდის, არამედ უფროსების ქება და აღიარება. ასეთ ბავშვს, მთელი ცხოვრების განმავლობაში, გამუდმებული მოთხოვნილება აქვს, რომ ვინმემ დადებითად შეაფასოს, შეაქოს, წაახალისოს. კანიდან ძვრება, რომ ყველაფერი იდეალურად გამოუვიდეს, რომ ყველას აამოს.

მეორე მხრივ, თუ ბავშვი ბავშვობაში არ დააფასეს, ყურადღების და სიყვარულის უკმარისობის კომპენსაციას ზრდასრულ ასაკში მოინდომებს, სულ იმის მტკიცებაში იქნება, რომ უფრო დიდი წარმატების ღირსია.

ამგვარად, ბავშვური გამოცდილება ადამიანის ცხოვრების ყველა მხარეს სერიოზულ დაღს ასვამს და პრობლემების შექმნაც შეუძლია.

 

პრობლემა №1 (იდეალურ საქმიანობაზე)

მისტერი N-ი, სავაჭრო კომპანიის მენეჯერი: “როცა ჩვენთან ახალი საფინანსო მენეჯერი მოვიდა, ძალიან გაგვიხარდა: ახალგაზრდა, ენერგიულ სპეციალისტს თითქოს უნდა გადაეჭრა კომპანიის ყველა ფინანსური პრობლემა. საქმეს მართლა აქტიურად შეუდგა – უნაკლოდ ასრულებდა ყველაფერს, გვიანობამდე რჩებოდა. შემდეგ სხვა განყოფილებების მუშაობითაც დაინტერესდა. დაჟინებით ითხოვდა, სხვებიც დაღამებამდე დარჩენილიყვნენ. სხვადასხვა განყოფილების მუშაობის გასაუმჯობესებლად, თავის წინადადებებსა და ამა თუ იმ თანამშრომლის შეცდომაზე ცხელ-ცხელ ამბებს დაუზარებლად და რეგულარულად მოახსენებდა ხელმძღვანელებს…

კოლექტივის წევრთა მრავალრიცხოვანმა საჩივარმა დირექტორი დაარწმუნა, რომ ასეთი იდეალური ადამიანი უნდა მოეშორებინა”.

 

პრობლემა №2 “ლედი სრულყოფილება” (იდეალურ ყოფაზე)

ქ-ნი L, 29 წლის: “ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ წუნდაუდებელი ცოლი უნდა ვყოფილიყავი. ქალი ცოლის რეკლამიდან: ჭკვიანი და ლამაზი, რეცხავს, ალაგებს, მტვრის ნამცეციც არსადაა, ქმარი და შვილები დანაყრებული და ა.შ. გავთხოვდი და ამ სურათის ხორცშესხმას შევუდექი. ძალიან ვიღლებოდი, არ მიხაროდა, ვგრძნობდი, რომ ამას თითქოს იძულებით ვაკეთებდი, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ასეა საჭირო! ერთხელ, გენერალური დალაგების შემდეგ, უცებ ავქვითინდი. ქმარს ველაპარაკე და აღმოჩნდა, რომ მთელი ეს ჩემი არაადამიანური ძალისხმევა იმისთვის, რომ ვუყვარდე და პატივს მცემდეს, სულაც არ სჭირდება!..”

 

რა უნდა ქნა?

კოგნიტურმა ფსიქოლოგებმა, მარტინ ენტონიმ და რიჩარდ სუინსონმა, პერფექციონიზმთან ბრძოლას მთელი წიგნი მიუძღვნეს. მასში ბრძოლის ორ ძირითად სტრატეგიას გამოყოფენ:

  1. საკუთარ თავზე და პრობლემაზე ობიექტური წარმოდგენის შექმნა. გარშემომყოფებს უნდა გამოჰკითხო და მოემზადო სიმართლის გასაგებად.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, გვქონდეს დღიური, რომელშიც დაწვრილებით აღვწერთ იმ სიტუაციებს, რომლებიც რაღაცის გაუმჯობესების სურვილს უკავშირდება. მთავარი მთელი სურათის სრულად დანახვა და იმის განსაზღვრაა, რა არის პირველხარისხოვანი და რა – მეორეხარისხოვანი.

  1. სავარჯიშო: მცდელობა, იცხოვრო არასრულყოფილ ნივთებთან და სიტუაციებთან თანხმობაში. შემოქმედებითი უწესრიგობა სტერილური სისუფთავის ნაცვლად, ბუნებრივი მაკიაჟი თეატრალური გრიმის ნაცვლად – პურზე რომ გაიქცევი, მაღაზიაში; მუშაობა 9-დან 18-მდე ოფისში ღამისთევის ნაცვლად.

შეიძლება, ძველი ოცნების ასრულებაც აღმოჩნდეს ეფექტიანი. ძალიან ხშირად, პერფექციონისტი საკუთარ თავს ახალი და საინტერესო საქმის დაწყების უფლებას არ აძლევს. ეშინია, რომ ამ ასპარეზზე წარმატებას ვერ მიაღწევს – გარშემომყოფების ნეგატიურ რეაქციის ეშინია. ფსიქოლოგები კი გვირჩევენ, საკუთარ თავს ვძლიოთ. კონცენტრაცია შედეგზე კი არა, თვითონ პროცესზე მოვახდინოთ და მაქსიმალურად ვისიამოვნოთ იმაზე ფიქრის გარეშე, ვინ რას იტყვის.

ყველა ამ ხერხმა უნდა აჩვენოს, რომ არასრულყოფილებაში არაბუნებრივი და საშინელი არაფერია.