პანდემიის 365 გაელვება

პანდემიის 365 გაელვება

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი 2020 წელს აფასებს.

რა შეიცვალა შენთვის 2020 წელს? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიუად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ “ახალ რეალობას”?

ქვეყნისთვის ძალიან რთული წელი იყო და ჩვენთვისაც ჯანდაცვის კუთხით.  თანამშრომლებმა კოვიდიც გადაიტანეს და მძიმე დანაკლისიც გვქონდა – სამწუხარო და აუნაზღაურებელი – მაიკოს მამის გარდაცვალება.

საქმიანობის თვალსაზრისით, გამიჭირდება, რომ საუკეთესო წელი დავარქვა, თუმცა ზიანი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ჩვენი განუმეორებელი გუნდის მწყობრი და თავდადებული მოძრაობა დასახული მიზნებისკენ.

ეს იყო ხანგრძლივი და თითქმის დაუსრულებელი მარათონი, დიდი ომი მცირე და ხანგრძლივი ბრძოლებით, დიდი და მცირე გამარჯვებებით და არცერთი მარცხით. ჩვენ ერთად ვსწავლობდით ახალ ცხოვრებას და როგორც პირველი გზის გამკვალავები, ერთმანეთს ვუზიარებდით სიახლეებს ყოველწუთიერად, ვამხნევებდით და ვაძლიერებდით ერთმანეთს.

ჯეპრა თერგს გავდა. ეს იყო ერთიანი ორგანიზმი – შეუჩერებელი და მუდმივ მოძრაობაში, თანამშრომლები – გაძლიერებული მიზანსწრაფულობით, შორსმჭვრეტელი აზრებით და გამბედავი მოქმედებებით. უკვე აპრილში მივხვდი, რომ ვერანაირი კოვიდი ვერ დაგვამარცხებდა და ვერ გაგვაჩერებდა.

წლის ბოლოს, 31 დეკემბერს უკან მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამიტომ ბევრი საქმეც გამოგვივიდა. თუ არ დაგეზარებათ, წლის მონაგარს ჩემთან ერთად გადახედეთ და ერთად შევაფასოთ, რამდენად გავუმკლავდი პანდემიაწელიწადს.

რას იტყვით, გავუმკლავდი თუ არა ახალ რეალობას?

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე

გამბედავი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, თვითდაჯერებულ პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ამოცანის გადაჭრა შეუძლია და რომელიც თავს არ ზოგავდა პანდემიის პირობებში, რათა მცირედით მაინც შეემსუბუქებინა პარტნიორებისა და კლიენტებისთვის რთული და მძიმე წელიწადი, გვერდზე დადგომოდა თანამშრომლებს, მეგობრებსა და ოჯახს. გამიმართლა, რომ ასეთი თანამშრომლები და თანამებრძოლები მყავს.

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე.

ყველაზე ხშირად შარშან სწორედ ჩემი მაგიდა იცვლებოდა – ჯერ ჯეპრას სამუშაო კაბინეტიდან დავიწყე, შემდეგ სახლში რამდენიმე ლოკაციას დავეპატრონე, რომ ონლაინ ჩართვები ერთფეროვანი არ ყოფილიყო, შემდეგ ტელეფონში გადავინაცვლე, შემდეგ კახეთში და ამჟამად ისევ სამსახურს დავუბრუნდი.

გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა

თანამშრომლებზე, მეგობრებზე და ოჯახის წევრებზე ზრუნვა. ამას დამატებული, ზრუნვა იმ ადამიანებზე, ვინც განსაკუთრებულად საჭიროებდა ამას. ვცდილობდი პოზიტიურად წარმემართა მათი მოტივაცია, შემექმნა იმედიანი განწყობა და სიხალისე შემეტანა მათ ცხოვრებაში თუ საქმიანობაში. ვფიქრობ, ერთად ყველამ ეს შევძელით და დღეს კვლავ სრული შემადგენლობით არ ვეპუებით არანაირ გამოწვევას.

დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან) ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ

ეს ადამიანები მუდმივად იცვლებიან. ზოგი მათგანი ისევ ბრუნდება რაღაც პერიოდულობით, როდესაც რაღაც ახალს აღმოვაჩენ მათ საქმიანობაში თუ ცხოვრებაში, ზოგი სამუდამოდ იკარგება გარკვეული იმედგაცრუების გამო. დღეს ბევრ ენერგიას და ახალ მუხტს ნიკო ნიკოლაძე, კლეიტონ კრისტენსენი და მაიკლ ჯორდანი მმატებს.

დაასახელე 3 მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის?

შეიძლება მგონია, მაგრამ განცდაში მაქვს, თითქოს ბიზნესი პანდემიის პერიოდში უფრო მეტი ყურადღებით ეპყრობა მომხმარებელს, მეტი გულისხმიერებით, მეტად ცდილობს, მოერგოს მის საჭიროებებს და მეტად თანაუგრძნოს მათ. ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბების პირველადი ნიშნებიც გამოჩნდა. რამდენად შეძლებს ერთი ან მეორე მხარე, ან ორივე მხარე ერთობლივად ამის შენარჩუნებას და გაძლიერებას, დრო დაგვანახებს და მათი ძალისხმევაც.

პოლიტიკურ ველზე მოხდარ ცვლილებებს უკვე მოყვა კონკურენციის ზრდა, როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესლანდშაფტზე.

„შავი გედის“ რთულადპროგნოზირებადმა და მართლაც იშვიათი შემთხვევების კრებულმა, რომელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოყვა, კრიზისის მართვის სადავეების სწორი გამოყენება გვასწავლა.

ვინც ამ პერიოდს გაუძლებს და ყოვლისშემძლედ არ აღიქვამს შემდეგ თავს, ნამდვილად წარმატებული პერიოდი ელის წინ.