ორი მთის იქით

ორი მთის იქით

ორი მთის იქით

 

„ერთი ასეთი პოსტი მეც ხომ უნდა მქონდეს“ პრინციპით რაღაცნაირი გაპრანჭული პოსტი მინდოდა დამეწერა – მარკეტინგულ-პიარულ-პორომოუშენ მენეჯერული და ing-იანი სიტყვებით – თან ხაზს რომ უსვამ, რომ შენი საქმეც იცი, სხვისიც და მაგარი ტიპიც ხარ. დავიწყე და მშვენიერიც გამოდიოდა, მაგრამ მერე ჩემ თავზე ნერვები მომეშალა – ვის რას ვუმტკიცებ, ვის ვეტრაბახები, რას დავწერ ისეთს რაც არ დაწერილა…

წავშალე.

(დაველოდები იმ დროს, ისეთი რამ რომ მეცოდინება, რაც არც თქმულა და არც დაწერილა)

დავჯექი და ახლიდან დავიწყე წერა. ჩემ ცხოვრებაზე დავწერ-მეთქი ვიფიქრე (ხომ უნდა იცოდეს ხალხმა რა გოგო ვიყავი, როგორი საამაყო და სამაგალითო, თმაგადაწკეპილი ნიჭიერი, „გმადლობთკარგადთქვენროგორბრძანდებით“), როგორ მოვედი აქამდე. ჩემი ძველ სამსახურებისა და ბოსების საოცარ თავგადასავლებზე მოვუყვები ხალხს. მოვუყვები, 21-ე საუკუნეში ყოველდღე როგორ შეიძლება ირღვეოდეს შენი უფლება, გიხდიდნენ კაპიკებს, იხარჯებოდე მაქსიმალურად და თავაწეულები გპარავდნენ იდეებს.

მაგრამ არც წუწუნის განწყობაზე ვიყავი…

არც დამახინჯებულ თბილისზე, მის უკიდურესად უსამართლო განაშენიანებაზე და არც მაღალსართულიან კორპუსებში ფენა-ფენა შელაგებულ სრულიად საქართველოზე მინდოდა წერა (არადა მახინჯ კორპუსებსა და გამონაბოლქვში იხრჩობა ხოხბების ქალაქი ).

მაინც გადავდე ეს თემები. ყველაფერის კეთებასა და ყველაფერზე წერას თავისი განწყობა ჭირდება.

მე კი… ვზივარ ჯეპრაში, ვორდის ცარიელ ფაილს ვუყურებ და გაღიმებული ვიყურები ნაცრისფერ ოთხმოცდაათიანებში – ორი მთის იქით, ოქროსფერ მინდვრებში. ზაფხულის მზეში დაბრაწული ლოყებითა და ცხვირით დავრბივართ მე, ჩემი და და ჩემი დეიდაშვილი ხორბლის ყანაში. ფილმებში რომაა – ზღვასავით მღელვარე ხორბლის ყვითელ თავთავებში რომ მირბიხარ, თან ხელს უსვამ და ბედნიერი ხარ – ეგ მართლა არსებობს! წყაროს გაყინულ წყალს მუჭით რომ სვამ და თან სხვებს ასხამ – ეგეც!

ორი მთის იქით

ასეთი უნდა იყოს ზაფხულის არდადეგები – სოფელში უნდა წაიყვანო ბავშვი. რომ სამუდამოდ დარჩეს მასში ბალახის სუნი, მზის ჩასვლისას მოთამაშე  ჩიტების ხმა და კეთილი პაპა და ბებო… რომ დარჩეს მასში ადამიანი (სადღაც წავიკითხე და ვეთანხმები, რომ ქალაქი ადამიანში ადამიანს კლავს).

ორი მთის იქით

სოფელში რომ თენდება, ოთახის ჭერზე ფოთლების ჩრდილები ჩნდება და ნიავის ყოველ დაქროლვაზე თეთრ ფონზე სხვადასხვა ფორმები ისახება (ძალიან პატარა რომ ვიყავი, ჯადოქრობა მეგონა 🙂 ). მერე დგები, გაბურძგნული თავით გადიხარ გარეთ და მაშინ, როცა თბილისი უკვე იწვის, შენ გცივა. ბებოს ლამაზი სერვიზით მორთმეულ, შებრაწულ კარტოფილის ხინკალს და ბაღში დაკრეფილი პიტნის ჩაის მიუჯდები ეზოში და გათამამებულ ჩიტებს ჩუმად შენს ულუფას ნამცეც-ნამცეც უზიარებ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ისე შეგეჩვევიან, რომ ხელზე დაგასხდებიან და თავს მოგაფერებინებენ.

ორი მთის იქით

მერე მოაქვთ მეზობლებს შენთვის ნობათი – ზოგს ყველი, ზოგს რძე, ზოგს ხილი. უხარიათ შენი დანახვა. იმიტიმ, რომ იმის შვილი და ამის შვილიშვილი ხარ. შეიძლება, სულ ერთი წვეთი სისხლი გქონდეთ საერთო, მაგრამ სწორედ ეს ერთი წვეთია მთავარი, მათიანი ხარ – შენი წარმატება უხარიათ და შენი ცუდი წყინთ.  სიყვარულითა და ადამიანებითაა სავსე სოფელი…

მერე შუადღე მოდის… და ალბათ, ყველა წიგნი, რომელიც ზაფხულში წამიკითხავს, შუადღეს წავიკითხე და ისიც ჰამაკში – ცალი ფეხი გადმოყოფილი რომ გაქვს და თან ქანაობ. არაფერზე დარდობ – დედა იქ არაა, რომ მუსიკის მეცადინეობა შეგახსენოს და მამა – გვიანობამდე თამაში რომ არ გაცალოს მეზობლის ბავშვებთან… და ხარ ბედნიერად – ბებოსთან და პაპასთან სრულ იდილიაში 🙂

ორი მთის იქით

საღამო ბალახზე წოლისა და გიჟებივით წრეზე მფრინავი ჩიტების ყურების დროა. რა ემართებათ მზის ჩასვლისას დღემდე ვერ ვხვდები, მაგრამ აი ეს – ბალახზე წოლა, მზის ჩასვლა და სადღაც შორს, ადამიანებისა და შინაური ცხოველების ერთმანეთში არეული ხმები ისეთი გრძნობაა, აი ააამხელა (ხელები მაგრად გავშალე) სიმშვიდესა და იდილიას რომ გიქმნის. დღესაც, საღამოობით აივანზე რომ გამოვდივარ და ცაში ავიხედავ, ჩამოხედვა აღარ მინდა… ამ აქოთებულ, ჭკუიდან შეშლილ თბილისში.

ყველაზე მყუდრო და ტკბილი მაინც ღამეა. სოფელში უფრო ჯიშიანი ჭრიჭინები არიან – კი არ ჭრიჭინებენ, წივიან და კივიან, იბრდღვნიან ყველაფერს. მაგრამ ესაა მაგარი. ბებო და პაპა დიდი სათვალეებით „მოამბეს“ (უფრო ადრეულ ბავშვობაში „ვესტნიკს“) რომ უყურებენ, სახლიდან გემრიელი საჭმლის სუნი რომ გამოდის. შენ კი, თამაშითა და ბოდიალით დაღლილი დივანზე ზიხარ გარეთ, პლედი გახურავს, გემრიელ კაკაოს სვამ და რადიოს უსმენ ან NOKIA-ზე “გველს” თამაშობ. გამხმარ-გაკრახმალებული, ქათქათა ლოგინი კი უკვე გაშლილია და გელოდება.

ორი მთის იქით

კიდევ ბევრი რამ არ დამავიწყდება – როგორ დავყავდით გაზაფხულობით პაპას იებზე, როგორ დავდევდით მამას სანადიროდ ან სათევზაოდ… როგორ ვჩიჩქნიდით მდინარესთან ნასახლარებს ოქროების პოვნის იმედით (და თავი არქეოლოგები გვეგონა თიხის პატარა ნატეხს თუ წავაწყდებოდით). მინდორში რომ მიდიხარ და კალიების ფოიერვერკები რომ ფეხებთან “გიფეთქდება”… არც უამრავი “დაკრძალული” წიწილა ან ჩიტი დამავიწყდება, რომელსაც მე და ჩემი და მეორე დღესვე ვთხრიდით – გვაინტერესებდა რა მოუვიდოდათ მიწაში 🙂 მამაც, პაპაც და ყველა ეს შეგრძნებაც ორი მთის იქით დარჩა სამუდამოდ…

აი ასე, რას ვწერდი და რა გამოვიდა… მაგრამ მთავარი ისაა, რომ მთელი გულით დავწერე. დავწერე იმიტომ, რომ თანდათან ვრწმუნდები, რომ ქალაქი კლავს, რომ ის (როგორადაც დღეს თბილისი იქცა) უნიჭო პლასტიკური ქირურგიის შედეგად დამახინჯებულ ქალს ჰგავს. რომ სოფელი, ბუნება და იქ მყოფი ხალხი, საოცრებაა. და რამდენი დაკარგა მან, ვისაც სოფელი არ აქვს.

ისე მიკვირს, ხალხი რომ ტოვებს მშობლიურ სახლს და ამ აქოთებულ თბილისში მოჰყავთ შვილები… ან ცოტა ხნის წინ ჩამოსულებს დაბრუნება რომ აღარ უნდათ სახლში…

ერთ დღეს, მე აუცილებლად გავიქცევი თბილისიდან ორი მთის იქით, გავაშენებ ყვავილების ლამაზ ბაღს და მერე ყველას ჩემთან დაგპატიჟებთ პიტნის ჩაიზე, თბილისური ამბების მოსაყოლად…

ეს დროც მოვა 🙂

ორი მთის იქით