თუ ამ ბლოგს კითხულობ, დარწმუნებული ვარ, შენი აზრიც გაგაჩნია იმასთან დაკავშირებით, რატომაა კარგი დადებითი რეპუტაციის ქონა.
მაგრამ, მოდი, ცოტა უფრო ჩავუღრმავდეთ ამ ამბავს:
განმარტებით ლექსიკონს თუ ჩავხედავთ, რეპუტაცია ესაა „ვისიმე (ან რისამე) ღირსებათა და ნაკლოვანებათა შესახებ შექმნილი საერთო აზრი, შეხედულება.“
თუ კარგი, საინტერესო ადამიანის რეპუტაცია გაქვს, შენ გენდობიან, მეტ ადამიანს უნდება შენთან დამეგობრება და უფრო მეტად გიზიარებენ საკუთარ ამბებს.
თუ კარგი გადამხდელის რეპუტაცია გაქვს, შენ გენდობიან და კიდევ გთავაზობენ დამატებით სესხს.
ანუ კარგ რეპუტაციას მოაქვს ნდობა და ურთიერთობის გაგრძელების სურვილი.
კარგ რეპუტაციას შეუძლია გზა გაგვიხსნას საუკეთესო შესაძლებლობებისკენ, მაშინ როდესაც ცუდ რეპუტაციას ხელის შეშლის გარდა არაფერი მოაქვს.
თუ ბიზნესში ხართ, მაშინ – მითუმეტეს.
ფორბსის მიხედვით, რეპუტაციის ინსტიტუტის (RI ) 2019 წლის იანვარ-თებერვალში 15 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, რა დროსაც გამოიკითხა 230 000 ადამიანი, 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიების ათეული ასე გამოიყურება:
რა არის ბიზნესრეპუტაცია
ბიზნესრეპუტაცია ის შეხედულებაა, რასაც მომხმარებელი გამოხატავს და აფიქსირებს კომპანიასთან დაკავშირებით. მომხმარებელს შეიძლება გააჩნდეს თავისი აზრი რომელიმე ბრენდთან ან კომპანიასთან დაკავშირებით, მაგრამ თუკი ამ აზრს არ გაახმოვანებს რაიმე ფორმით, კომპანიის რეპუტაციაზე ეს ვერ აისახება.
როდესაც მომხმარებლები წერენ შეფასებებს (ე.წ. რევიუებს), ბლოგპოსტებს, ავრცელებენ ინფორმაციას word of mouth-ის მეშვეობით თუ აქვეყნებენ სტატუსებს სოციალურ ქსელში, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი ან დადებითი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ აღიქმება კომპანია მომხმარებლის თვალში.
კარგი ბიზნესრეპუტაციის რამდენიმე სარგებელი:
სერვისის ან მნიშვნელოვანი პროდუქტის შეძენის, გამოცხადებული ვაკანსიის დასაკავებლად რეზიუმეს გაგზავნის თუ ხელსაყრელი ბიზნეს შემოთავაზების მისაღებად კარგი რეპუტაცია ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს არჩევანზე.
კარგი ონლაინ რეპუტაციის ჯილდო გაზრდილი შემოსავლები, გაუმჯობესებული ურთიერთობები და შესაძლებლობებია. მომხმარებელი ყურადღებას აქცევს კომპანიის რეპუტაციას და მყიდველის შეფასებებს.
ბრიტანული მარკეტინგული სააგენტოს BrightLocal-ის მიერ, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი რეპუტაციის მენეჯმენტია, ჩატარებული კვლევის მიხედვით პოტენციურ მომხმარებელთა 74%-მა განაცხადა, რომ როდესაც წაიკითხეს დადებითი „რევიუები“, მეტი ნდობა გაუჩნდათ ბიზნესისადმი.
ჩვენ თვითონაც რომ დავფიქრდეთ, აუცილებლად გავიხსენებთ არაერთ შემთხვევას ონლაინ შოპინგისას, ტაქსის გამოძახებისას, თუ სასტუმროს დაჯავშნისას, რამხელა გავლენა მოუხდენია სხვების შეფასებებს ჩვენს არჩევანზე.
“No matter how strong your products are, they’re only as good as buyers think they are.” MR Whatman
კარგ რეპუტაციას მოაქვს მეტი ფული და ნაკლები დანახარჯი.
ბიზნესს, რომელიც სარგებლობს კარგი რეპუტაციით, შესაძლოა არც დასჭირდეს დიდი ხარჯის გაწევა რეკლამასა და მარკეტინგში, ერთგული მომხმარებლები მუდმივად არეკლამებენ მათ პროდუქციას და სერვისებს მეგობრებთან და ახლობლებთან გაზიარებით.
რაც უფრო კარგია რეპუტაცია, მით მეტია შანსია ის უკეთესი გახდეს, და პირიქით.. ანუ ჩამტვრეული ფანჯრის თეორია რეპუტაციის შემთხვევაშიც მუშაობს.
აღნიშნული თეორიის არსი მდგომარეობს შემდეგში:
მეცნიერებმა, უილსონმა და კელინგმა, ჰოლანდიაში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა , რომ ადამიანების უმეტესობას მიმბაძველობისკენ აქვს მიდრეკილება. თუ ერთი ადამიანი რაიმე წესს არღვევს, მეორე თვლის, რომ ამ წესის დარღვევა თავისუფლად შეუძლია. შესაბამისად, პატარა დანაშაულიდან იწყება დიდი დანაშაული. შენობის ერთი ჩამსხვრეული ფანჯარა, რომელიც არ იქნება აღდგენილი დაყოვნებლივ, იწვევს ამ შენობის ყველა ფანჯრის შუშის ჩატეხვას.
ანუ თუ კომპანიას ერთხელ შეერყა რეპუტაცია პროდუქციის ხარისხის გაუარესებით თუ მომსახურების დონის შემცირებით, მყისიერად თუ არ იქნება მიღებული ზომები, გაუარესება სხვა სფეროებსაც გადაედება და კარგი რეპუტაცია თავზე ჩამოგვემსხვრევა.
“It takes 20 years to build a reputation and five minutes to ruin it. If you think about that, you’ll do things differently.” Warren Buffet
როგორ ვმართოთ ბიზნესრეპუტაცია?
მარტივად რომ ვთქვათ, რეპუტაციის მართვა არის სხვების მიერ შენი ბრენდის აღქმის კონტროლის და გაუმჯობესების პროცესი.
ბიზნესრეპუტაციის მართვა სამი ელემენტისგან შედგება:
როდესაც რომელიმე ელემენტი ბალანსს კარგავს, შეიძლება მთლიანად კომპანიის რეპუტაცია დადგეს საფრთხის წინაშე.
კორპორაციული რეპუტაცია არ არის მხოლოდ ძლიერი ბრენდი ან საუკეთესო ფინანსური მაჩვენებლები. კომპანიის რეპუტაციას ერთიანობაში ქმნის შემდეგი ფაქტორები:
რეპუტაციის მენეჯმენტის ხელში აღება და მასზე გავლენის მოხდენა სწორედ ამ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებით და მათი გაძლიერებით შეგვიძლია.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მიმართულებას, რომლებიც ხელს შეგიწყობთ ბიზნესრეპუტაციის ეფექტურ მართვაში.
თანამშრომლები ბრენდის ელჩებს წარმოადგენენ. ხალხის თვალში სწორედ ისინი ქმნიან კომპანიის სახეს. უკმაყოფილო, დასტრესილი თანამშრომლები კომპანიის წარმატებაზე და მის რეპუტაციაზეც ცუდად აისახება.
პასუხისმგებლიანი კომპანიები ცდილობენ იზრუნონ თანამშრომლებზე, განავითარონ ისინი პროფესიულად, შეუქმნან ჯანსაღი სამუშაო გარემო და გახადონ ისინი მაქსიმალურად ლოიალურები. ასევე შეიტანონ ქვეყანაში არსებულ სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში თუნდაც პატარა წვლილი. ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობების პრინციპების და პრაქტიკის დანერგვა არის საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის, მდგრადი განვითარების და ბიზნესრეპუტაციის გამყარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მივმართავთ ინტერნეტს. კარგი დიზაინის ინტერფეისი, გამართული ფუნქციონალი, საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია, მოხერხებული და სწრაფი ნავიგაციის სისტემა ბევრს გვეუბნება ორგანიზაციის შესახებ.
ონლაინ რეპუტაციის მოსაპოვებლად სოციალური ქსელის ეფექტურად მართვა უმნიშვნელოვანესია. მართალია, ჩვენ ვერ ჩავასწორებთ მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში, პირად ბლოგზე, „რევიუებში“ დაწერილ მოსაზრებებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რეპუტაცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ბრენდი, როგორ პროდუქტებს და სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს, როგორ რეაგირებს კრიზისულ სიტუაციაში, როგორ სცემს დასმულ შეკითხვებს პასუხს, თუნდაც ყველაზე მწვავეს – ამ ყველაფრის მართვა ნამდვილად თქვენს ხელშია.
როგორც წესი, კომპანიები კრიზისების მართვის გეგმის შექმნას კრიზის დადგომის შემდეგ იწყებენ. მაშინ, როდესაც წინასწარ შემუშავებული გეგმა მნიშვნელოვნად ამცირებს კრიზისისას რეპუტაციის შელახვის საფრთხეს.
ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების დროს გამოყოფილი უნდა იქნას სპიკერი. აუცილებელი არ არის, რომ ის აღმასრულებელი დირექტორი იყოს. მომზადებული სპიკერის ყოლა ორგანიზაციას აძლევს საშუალებას ყოველთვის მზადყოფნაში იყოს მედიასთან წარსადგენად და კომპანიის პოზიციის და ხედვის დასაფიქსირებლად. სასურველია, კომპანიამ თავის მხრივ, ხელი შეუწყოს სპიკერს დარგის ექსპერტად პოზიციონირებაში და იმიჯის ფორმირებაში.
მედიასთან, როგორც მედიატორთან ჩვენსა და მომხმარებლებს შორის, მჭიდრო კავშირი და ორმხრივი, მუდმივი კომუნიკაცია მნიშვნელოვნად განაპირობებს კომპანიის წარმატებას და მისი, როგორც ღია, გამჭვირვალე, სანდო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციად პოზიციონირებას.
რეპუტაციის მონიტორინგი დამოკიდებულია იმაზე, სადაა ბრენდი წარმოდგენილი. სად ლაპარაკობენ მის შესახებ: სოც.ქსელებში, სპეციალურ ჯგუფებში, რას წერენ მასზე ე.წ. რევიუებში. სამოქმედო გეგმა უნდა აიგოს იმის გააზრებაზე, თუ რას ამბობს ხალხი შენ შესახებ. ანუ, პირველ რიგში, უნდა მოისმინო.
ლოგიკური, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების, ძლიერი ხასიათის, რამდენიმე პრობლემასთან ერთდროულად გამკლავების უნარის, იუმორის გრძნობის და მოქნილობის მქონე ადამიანები, პიარის ფუნქციების ცოდნისა და მისი ინსტრუმენტების სწორად გამოყენებით კომპანიას აუცილებლად მოუტანენ წარმატებას და დაეხმარებიან რეპუტაციის გაძლიერებაში.
ჰოდა, რაც მალე დავიწყებთ რეპუტაციის გაძლიერებაზე ზრუნვას, მით მალე და ეფექტურად ავცდებით სახელის გატეხვასაც და სავარაუდოდ, თავისაც.