ჯეპრას პროექტების ასისტენტი, ნატაშკა კიკაბიძე კამპანია „ფილტვის კიბო – შევცვალოთ წარმოდგენა” შესახებ საუბრობს.
„ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა და ამიტომ, სიმბოლურად კამპანიის სტარტიც სწორედ ამ თვეს დავუკავშირეთ“.
ამ ეტაპზე ძირითად საკომუნიკაციო არხს სოციალური მედია და ფეისბუქის გვერდი წარმოადგენს. თუმცა პროექტის ფარგლებში ბევრი აქტივობა იგეგმება. საგულისხმოა, რომ ასეთ მნიშვნელოვან წამოწყებებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მედიის მხარდაჭერას, რისთვისაც მადლიერები ვართ.
დღემდე ფილტვის კიბო ძალიან ბევრი ადამიანისთვის ასოცირებულია უიმედო მდგომარეობასთან. თუმცა ეს სტერეოტიპული ხედვა უფრო მეტად ინფორმაციის ნაკლებობას შეიძლება დავუკავშიროთ. დღესდღეობით ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ფილტვის კიბოც დამარცხებადია ისე, როგორც სხვა ბევრი სიმსივნე. კამპანიის მიზანიც სწორედ ეს არის – ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება დაავადების შესახებ და ერთად „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე“.
ძალიან სასიამოვნოა ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომელიც ადამიანების კეთილდღეობისა და სიცოცხლის გადარჩენისკენ არის მიმართული.
ჩვენ ერთად ძალებს არ დავიშურებთ, რომ ხელმისაწვდომი გახდეს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომლის მიზანიც განკურნება იქნება. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ ფილტვის კიბო აღარ იყოს განაჩენი.