გამოცდილებამ აჩვენა, რომ ფრაზები „ტელევიზორს არ ვუყურებ“, „რადიოს არ ვუსმენ“ და „ახალ ამბებს არ ვკითხულობ“ სიმართლეს არ შეესაბამება. ადამიანისგან, რომელიც მედიასთან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს, აუცილებლად შეიტყობთ, რომ „გუშინ საინფორმაციოში“ მისთვის რაღაც საინტერესო თქვეს. ამიტომ ინარჩუნებს მედია გეგმა საკომუნიკაციო სტრატეგიის თითქმის განუყოფელი ნაწილის სტატუსს. თითქმის უცვლელი ტენდენციაა, თუმცა აქ საკვანძო სიტყვაა „თითქმის.“ მიუხედავად ჩვენი მიდრეკილებისა ტრადიციული მედიის მიმართ, ეს სფერო ვითარდება. თუ ადრე მედია გეგმა ფოკუსირებული იყო ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე, ახლა პრიორიტეტები უნდა გადანაწილდეს. იმისთვის, რომ თქვენ მუშაობის პროცესით იყოთ კმაყოფილი და დამკვეთი – შედეგით, მედია გეგმის შედგენა 5 ნაწილად უნდა გაყოთ.
საკომუნიკაციო სტრატეგიის შედეგად, თქვენ გაქვთ პროდუქტი და მიზანი – გააგებინოთ პროდუქტის შესახებ ადამიანებს. გარკვეულწილად, განსაზღვრულია სამიზნე აუდიტორიაც, მაგრამ როცა ჯერი დგება მედია გეგმაზე, მთავარია იცოდეთ, რომელ მედიას რა აუდიტორია ჰყავს. მედია ბაზა, რომელიც თქვენ ამ სფეროში თავის შეყოფისთანავე უნდა შეგექმნათ, მოიცავს მშრალ მონაცემებს. ამიტომ, აუცილებლად მოგიწევთ ორი სახის ანალიზის ჩატარება.
ასე თქვენ უფრო მარტივად შეძლებთ განსაზღვროთ, რომელ მედიასაშუალებას ენდობა თქვენი სამიზნე აუდიტორია.
დღეს არსებულ სიტუაციას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ მედიასაშუალების რეიტინგს არც იმხელა მნიშვნელობა აქვს, რამხელაც ეს თქვენს დამკვეთს ჰგონია. ერთია, გადაარწმუნოთ დამკვეთი, მუდმივად ერთსა და იმავე მედიასაშუალებაში განათავსოს საკუთარი პროდუქტი და მეორე – თქვენ თვითონ განსაზღვროთ, სად ჯობია განთავსება.
მაღალი რეიტინგი ორ ფაქტს ადასტურებს. მედია ორგანიზაციას მაყურებლის/მკითხველის/მსმენელის ნაწილი ენდობა, ნაწილი კი არა, მაგრამ მაინც უყურებს/უსმენს/კითხულობს. მეორე ნაწილის შემთხვევაში, რა სახის ინფორმაციაც არ უნდა გავავრცელოთ ამ მედიასაშუალებით, ეს ადამიანები მაინც არ დაიჯერებენ. ამიტომ, საჭიროა ვიპოვოთ ისეთი ორგანიზაცია, რომლის მიმართაც ეჭვიანი მაყურებელი/მსმენელი/მკითხველი მეტად ლოიალურია.
აქვე, უნდა იფიქროთ იმაზეც, რომ ამბების ტელეფონში კითხვას მივეჩვიეთ ბოლო დროს და უკეთესი იქნება, თუ ტელევიზიას, რადიოს, ბეჭდურ და ონლაინ მედიას პროექტისა თუ პროდუქტის შესაბამისად გადავანაწილებთ.
ნუ იწუწუნებთ, რომ დამკვეთის მიერ მოწოდებული ამბავი თუ პროდუქტი არ იყო საინტერესო და ამიტომ არ აიტაცა აუდიტორიამ. მედიაში განთავსებისთვის გადახდილი თანხა შეიძლება წყალში გადაყრილად (ან ქარს გატანებულად, როგორც გენებოთ) ჩაითვალოს, იმიტომ რომ არასაინტერესო ამბავს არც ერთი ადამიანი არ მიიღებს. არაფრის შესახებაც შეიძლება იწერებოდეს საინტერესოდ. წერეთ, გადაწერეთ, გადაამოწმეთ, გადაამოწმებინეთ თანამშრომლებს.
როცა მედიასაშუალებას გამზადებულ ამბავს აწვდით, ეს მინიმალური კომფორტია. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი მესიჯებით შეიარაღებული რესპონდენტი ჟურნალისტს თავად უნდა წარუდგინოთ, მოუგვაროთ ინტერვიუს დრო, პირობები. უნდა მოამარაგოთ ვიზუალური მასალითაც. ჩათვალეთ, შავ სამუშაოს თქვენ ასრულებთ და მომზადებულ მასალასაც აკონტროლებთ. (ამიტომ, თქვენთვისვეა უკეთესი, თუ იცით, როგორ მზადდება მასალა სხვადასხვა მედიაში). იმისთვის, რომ მედიაორგანიზაცია ფასიანი მედიიდან მეგობარ ან ფასდაკლებულ მედიად გადაიქცეს, ერთ-ერთი ნაცადი ხერხი გასვლითი მედიასემინარებიცაა. თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობაა.
მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ აუდიტორიას, შეარჩევთ არხებს, შექმნით ამბავს სწორი და სხვადასხვა მედიაზე მორგებული მესიჯებით, შეათანხმებთ რესპონდენტებსა თუ ინტერვიუებს ან მოამზადებთ ვიზუალურ მასალას, ისღა დაგრჩებათ, შეთანხმებულ მედიებთან კომუნიკაცია დაიწყოთ. გახსენით ელ-ფოსტა და მედიაბაზა გვერდიგვერდ და დააგზავნეთ მასალა. აქ, კიდევ ერთი რჩევა. პრესრელიზი თუ ამბავი გაგზავნეთ ყველგან, სადაც ფიქრობთ, რომ კარგად გამოჩნდება. არ აქვს მნიშვნელობა, გადახდილი გაქვთ თუ არა ამაში თანხა, რადგან ყოველთვის არის შანსი, თქვენი ამბით იმაზე მეტი ჟურნალისტი დაინტერესდეს, ვიდრე თქვენ განსაზღვრეთ.
და ბოლოს,
„პირადად მე ძალიან მიყვარს მარწყვი ნაღებით, მაგრამ თევზს, რატომღაც, ურჩევნია ჭიაყელები. ამიტომაც, როდესაც სათევზაოდ მივდივარ, არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მიყვარს მე, არამედ იმაზე, თუ რა უყვარს თევზს” – დეილ კარნეგი. ამ ციტატით, შეიძლება, უფრო გაგიადვილდეთ აუდიტორიის, მედიისა და მათთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მობილიზება. სხვა თუ არაფერი, ეს ფრაზა ვინმესთვის საჩუქრის არჩევისას მაინც დაგეხმარებათ.