ჯეპრას მედია მენეჯერი, ნინი მეტრეველი 2018 წელს აფასებს.
რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?
2018 წელს ჯეპრაში დავიწყე მუშაობა. ამიტომ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს წელი პირადად ჩემთვის წარმატებული იყო. შევიცვალე საქმიანობის სფერო, გადმოვინაცვლე კედლის აქეთა მხარეს და ჟურნალისტობიდან მედია მენეჯერობამდე მოვედი. გამოდის, რომ ბევრი ახალი ვისწავლე. ვფიქრობ, ჯეპრაშიც შემოვიტანე სიახლე. განვვითარდი მეც და, რაღაც მიმართულებით, კომპანიაც. გარდა ამისა, ჯეპრაში მოსვლის წუთიდან, ყოველდღე ვგრძნობ, როგორ ვიზრდები პროფესიულად. მატერიალურ მხარესთან ერთად, ჩემთვის ეს არის წარმატების საზომი.
რით იყო გამორჩეული?
ეს წელი გამორჩეული იყო მოულოდნელი სიახლეებით, მრავალფეროვნებით. განსაკუთრებით მოკლე დროში დავიმსახურე გუნდის წევრების ნდობა და ჩავერთე ისეთ პროექტებში, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავს. გამოვცადე საკუთარი თავი და თვითკრიტიკის უმაღლესი დონის მიუხედავად, რამდენიმე რთული გამოცდაც ჩავაბარე.
შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?
რადგან ეს სფერო ჩემთვის ჯერ კიდევ ახალია, ყველა პროექტი განსაკუთრებულია. ორი ერთნაირი ქეისი, პრაქტიკულად არ მქონია და გამიჭირდება რომელიმეს ხაზგასმა. მეორე მხრივ, ჩემ მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი კონფიდენციალურია და მათ შესახებ საუბარი არ გამოვა. მიხარია, რომ ყველა პროექტი, რომელზეც ამ წლის განმავლობაში ვიმუშავე, სასურველი შედეგის მიღწევით დასრულდა.
რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?
წლის დასაწყისში მიზნად პროფესიული ზრდა და ცოდნის გაღრმავება დავისახე. ვფიქრობ, იმაზე მეტი შევძელი, ვიდრე დაგეგმილი მქონდა. ჩემი და ჯეპრას თანამშრომლობა ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო და მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, ამ დრომდე ვიაზრებ. ჯერ ერთი პროექტით დავიწყე, შემდეგ პიარსკოლის სტუდენტი გავხდი, მერე პროექტების რაოდენობაც გაიზარდა და პიარსკოლის მენტორობაც დაემატა. გამოდის, იმდენად ბევრი ვისწავლე, რომ შემიძლია უკვე სხვასაც ვასწავლო. ამაში ჯეპრასა და პიარსკოლის გუნდი დამეხმარა. თანაც იმდენად, რომ ხელის შემშლელ ფაქტორად საკუთარ სიზარმაცესაც ვერ ვასახელებ.
როგორი იყო შენი წელი როგორც უნივერსიტეტების ლექტორის და პიარსკოლის მენტორის?
პიარსკოლის სტუდენტის მერხიდან მენტორის პოზიციამდე ძალიან მოკლე დრო იყო. ეს ფაქტი, შეიძლება, დადებითადაც შეფასდეს. ნასწავლის დავიწყება ვერ მოვასწარი და ახლა უკვე ჩემს სტუდენტებს ცხელ-ცხელი გამოცდილების მიღების შანსი აქვთ. მენტორობა, რაღაც მხრივ, ჩემთვისაც არის სასწავლო პროცესი. ამიტომ, ეს არასდროს გამხდარა მოსაბეზრებელი.
რაზე გწყდება გული? რა გიხარია?
ვერ ვიტყვი, რომ გული მწყდება, ან რამე ვერ მოვასწარი. შეიძლება, ხანდახან პირდაპირი ეთერები მომენატროს და მოვიწყინო, რომ ამის საშუალება აღარ მაქვს. მაგრამ მერე ყველა უარყოფითი მხარე მახსენდება და მიხარია, რომ 2018 წელს ყველაფერი რადიკალურად შევცვალე. მიხარია ადამიანების გაცნობა, მათთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. მიხარია საკუთარი თავის სხვა თვალითა და სხვა ამპლუაში დანახვა. ყველაზე მეტად მიხარია იმის გაცნობიერება, რომ ეს „სხვა საქმე“ კარგად გამომდის. კიდევ ის მიხარია, რომ მაგისტრატურაში მიღებულ ცოდნას ვიყენებ.
რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტს გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?
2019 წელსაც აქცენტის გაკეთებას პროფესიულ განვითარებაზე ვაპირებ. ვთვლი, რომ ეს მეც გამომადგება, დამკვეთსაც და კომპანიასაც. ვფიქრობ, ჩემი კომპეტენცია მედია მენეჯმენტით აღარ უნდა შემოიფარგლებოდეს და შემიძლია, ჯეპრას თანამშრომლებისგან მეტი ვისწავლო. ვაპირებ, დიდი დრო დავუთმო პროექტების მენეჯმენტის შესწავლას, რომ დამოუკიდებლად შევძლო კონკრეტული ქეისების მართვა.
როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?
ალბათ, ბანალურად ჟღერს, მაგრამ მეც კი იმდენად სწრაფად ვვითარდები, მიჭირს საკუთარ თავს დავეწიო. ამიტომ, ვფიქრობ, 2019 წელი პიარინდუსტრიისთვის უფრო მეტი ინოვაციისა და ახალი იდეების წელი იქნება. გაიზრდება კონკურენციაც. უფრო რთული იქნება ბაზარზე ოპერირება, რაც ჩვენს საქმეეს უფრო საინტერესოს ხდის.