ჯერ კიდევ, პატარამ, იმ ასაკში და მდგომარეობაში, კითხვა რომ არ ვიცოდი, გავიცანი ასტრიდ ლინდგრენის საოცარი პერსონაჟი – ცელქი, მოუსვენარი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონა – პეპი გრძელიწინდა. გავიცანი და შევიყვარე.
მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ შემიყვარდა.. წინდების სიჭრელის, ახირებული ხასიათის, სასაცილო ვარცხნილობის თუ ლამაზი თმის ფერის გამო?! მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. თმის ფერმა არ გამიმართლა, მაგრამ მთელი ბავშვობა კიკინებით კი გავატარე 🙂 კიდევ, ძალიან მინდოდა პატარა მაიმუნი მყოლოდა… ზუსტად ისეთი, როგორც პეპის… რომელიც სულ მხარზე წამოსკუპებული მეყოლებოდა… ეს სურვილი ოცნებად დამრჩა… ჯერჯერობით.
მას მერე ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა… ისევ მიყვარს პეპი! ის კეთილი, მხიარული, მეგობრული, ღონიერი, სასაცილო და მიამიტია. თავისი სამყარო აქვს, ყირამალა და არეული… არ ადარდებს ბარიერები და მიზნის მისაღწევად წინ შეუპოვრად მიიწევს. პეპის სწამს, რომ აუცილებლად გადახდება თავს რამე დაუჯერებელი თავგადასავალი.
მოთხრობიდან განსაკუთრებით ეს ნაწილი მომწონს, ალბათ იმიტომ რომ „ძალიან ჩემია“:
“პეპი ბავშვებს ბაღში დახვდა. ძველი დაჟანგული წურწურათი შემოდგომის უკანასკნელ მიმჭკნარ ყვავილებს რწყავდა. იმ დილით წვიმა ცრიდა, ამიტომ ტომის უკვირდა, წვიმაში ყვავილებს ვინ რწყავსო!
შენ რა გენაღვლება! – გაუწყრა პეპი – მე იქნებ მთელი ღამე არ მეძინა იმის ოცნებაში, როგორ მოვრწყავდი დილით ყვავილებს. ხომ არ გგონია, ამ ქეციანი წვიმის გამო ჩემს ოცნებას არ ავისრულებ?”
მთელი ღამე არ მეძინა იმის ოცნებაში, როგორ მოვრწყავდი დილით ყვავილებს… საკუთარ თბილ და მყუდრო სახლში..
ოცნება ავიხდინე!
მინდა ჩემს მეგობრებს ჩემთან სტუმრად მოსვლა ძალიან უყვარდეთ, ისე როგორც ანიკას და ტომს უყვარდათ და უხაროდათ. მეც გავახარებ მათ ბევრი კანფეტებითა და შოკოლადებით 🙂
პ.ს. არანაირი ქეციანი მიზეზის გამო არ უნდა ვთქვათ უარი ოცნებების ასრულებაზე!