Last Week Tonight: რას ვუყურებ Youtube-ზე

Last Week Tonight: რას ვუყურებ Youtube-ზე

Last Week Tonight: რას ვუყურებ Youtube-ზე

 

ონლაინ ან ტელევიზორში გასული და იუთუბზე ატვირთული სატირული შოუების დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ; რა თქმა უნდა, ბევრ მათგანში იგრძნობა სიმართლეც და ბრაზიც, მაგრამ არ მინახავს ადამიანი (ალბათ სტივენ კოლბერტის ტიპაჟების გამოკლებით), რომელიც ამ ყველაფერს გულწრფელ ფილტრში ატარებს და განზოგადებული თითის გაშვერის ნაცვლად, კონკრეტულად ახდენს აქტუალურ გლობალურ პრობლემებზე ფოკუსირებასა და საუბარს. რამდენიმე გამონაკლისი კი არსებობს, მაგრამ ძირითადად, მათაც ფონზე ვუშვებ ხოლმე რომ ხანდახან გამეღიმოს.

ამასობაში The Daily Show-ს ერთ-ერთი თანაწამყვანი, ჯონ ოლივერი, თურმე HBO-ში წასულა და საკუთარი შოუ დაუწყია. დიდი გამოცდილებისა და აშკარა კომედიური ნიჭის მიუხედავად, ცოტა გული დამწყდა, რომ ისიც საკუთარ კომფორტულ შაბლონში მოკალათდა. თავაზიანი, ჭკვიანი, თეთრკანიანი მამაკაცი ზის მაგიდასთან და კამერას ესაუბრება. ამბის გაგებისას ვერაფრით ვერ მივხვდი, რითი გაემიჯნებოდა ეს იგივე The Daily Show-ს მოდელს. მითუმეტეს, რომ თურმე, გასული კვირის ახალი ამბების შეჯამებაზე იქნებოდა ორიენტირებული. ჰოდა ვუყურე და, ფაქტია, რომ შევცდი. ჯონ ოლივერის Last Week Tonight არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილად გენიალური და სრულყოფილი გადაცემა, რაც ბოლო დროს მინახავს. რელევანტურობაზეც სულ ტყუილად მინერვიულია, რადგან სწორედ კვირეული ფორმატით მოახერხა თითოეულმა სეგმენტმა ასეთი სრული თვითრეალიზაცია. ოლივერი, რომელიც წინა სამსახურის მოდელზეა გაზრდილი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ კვირის ახალი ამბების შეგროვების მაგივრად აჯობებდა ფორმატის უპირატესობის სრული უტილიზირება და ერთ კონკრეტულ პრობლემაზე სკრუპულოზურად ფოკუსირება და დიალოგის გამოწვევა მოეხდინა. ამიტომაცაა, რომ ყოველ კვირას ვუყურებ, როგორ ვირუსდება მისი ინტერნეტ-კლიპები ისეთ ფართო საზოგადო პრობლემებზე, როგორებიცაა, მაგალითად, სიკვდილით დასჯის ეთიკა ან კლიმატის ცვლილება. უცნაურია, მაგრამ სერიოზული ინფორმირებისა და მტკივნეული ცინიზმის ქვეშ, რაღაცნირად, ჰუმანურობა იგრძნობა (რარიტეტი ამ სფეროში) და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თემები ხელისგაკვრით არაა მოყოლილი ან უკვე საქმეში გარკვეულ სეგმენტზე გათვლილი. პირიქით, ინფორმირებისა და განათლების ასპექტი, რაც საზოგადო პრობლემების განხილვის დასაწყებად აუცილებელი ელემენტებია, ოლივერის შოუში პირველადი პრიორიტეტია.

სანამ იგივე The Daily Show და სხვები იკითხებიან, როგორც დღიური მანტრები საზოგადოების გაუნათლებლობაზე, Last Week Tonight საკუთარი ფორმატის სრული სახსრებით ცდილობს, პრობლემის ბნელ და ადამიანურ საწყისებამდე ინფორმირებულად ჩავიდეს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი, ალბათ, ინტერნეტის ნეიტრალობაზე ოლივერის შარშანდელი ეპიზოდია, რომელიც იმდენად ჩახშული და, ამავდროულად, აქტუალური თემა იყო, რომ გამოწვეულმა რეაქციამ მართლაც მოახერხა ფედერალური კომუნიკაციების კომისიის შეზანზარება და, უფრო პათოსურად რომ ვთქვა, ხალხის ინსპირირება მოქმედებისკენ. ჰოდა, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ უყუროთ ამ ნიჭიერ და კარგ ადამიანს.