ფეისბუქს ყველა ვიყენებთ (თქვენც სწორედ მისი საშუალებით გადმოხვედით ამ პოსტზე), მაგრამ არ ვიცი რამდენი დაფიქრებულა შემდეგზე: რატომ ვალაიქებთ სხვადასხვა ლინკებს, სურათებს ან სტატუსებს? რატომ გვალაიქებენ ჩვენ? ამის შესახებ მრავალი კვლევა ჩატარდა და საკუთარი დაკვირვებითაც 3 ძირითად მიზეზს გამოვყოფდი: იდენტობა, ემპათია, პრაქტიკულობა.
ერთ-ერთი კვლევისას მიიღეს ასეთი შედეგი: ამერიკელების 44 % დღეში ერთხელ მაინც იწონებს მეგობრების მიერ დაპოსტილ კონტენტს, ხოლო 29 % ამას დღეში რამდენჯერმე აკეთებს. მაშინ, რატომ ვალაიქებთ გარკვეულ საგნებს? რა მოტივაცია დგას ამის უკან?
იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს ეს ღილაკი, ალბათ, ყველაზე კარგი იქნება, გარკვეული პერიოდით მაინც შევწყვიტოთ მისი გამოყენება.
შედეგად მივიღებთ, რომ ზოგადად:
1) „მოწონება“ განხილულია როგორც უსიტყვო თანხმობა და მხარდაჭერა, ყველაზე მარტივი „დიახ“ „გეთანხმები“ და „მეც ასევე“. შეიძლება რაღაც მომენტში, სინდისის ქენჯნაც კი იგრძნოთ, როდესაც არ იწონებთ გარკვეულ განახლებებს, რადგან თქვენი ეს ქცევა შესაძლოა ჩაითვალოს ‘არ დათანხმებად’ და მეტიც, უარყოფით შეფასებად. ლაიქის გარეშე შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი კომუნიკაციის უნარი რამდენადმე დაეცა. ამ ფუნქციის გამოყენებითა და კომენტარების წერის თავიდან აცილებით კი, შესაძლოა საკმაო დრო დაზოგოთ.
2) მეორე მხრივ, ეს არის საკუთარი თავის მიკუთვნება რაღაცისადმი. 58 000 მომხმარებელზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამით ისინი ძირითადად უამრავ საგანსა თუ ადამიანთან იდენტიფიცირებას ცდილობენ (თუმცა, ხშირად ეს მხოლოდ მცდელობაა და არ შეგვიძლია რეალურ იდენტიფიკაციასთან გავაიგივოთ).
3) ვირტუალური ემპათიის გამოხატვა: ზოგჯერ ვალაიქებთ, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა ან თანადგომა მეგობრისადმი ან ნაცნობისადმი, ასევე მოვიწონოთ მათი აზროვნება. შესაბამისად, სოციალური მედია შეიძლება ვირტუალური ემპათიის გზად განვიხილოთ და ამ ემპათიას შესაძლოა, რეალურად გააჩნდეს ძალა (მოწონებულისთვის).
და მაინც, უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი სერიოზულად? გინახავთ თუ არა ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანების ჯვარედინი მოწონებები? ან პირიქით, ახლო მეგობრების „ულაიქობა“? კი და ბევრჯერ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფეისბუქზე ამ მხრივ განვითარებული მოვლენები ზედმეტად სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. თუმცა, როგორც კვლევებმა და დაკვირვებებმა აჩვენა, ეს „ულაიქობაც“ შეიძლება აღმოჩნდეს საკმაო წყენის მიზეზი. 24 000 გამოკითხული მომხმარებლიდან 76 % კონკრეტული ადამიანებისგან მოწონებების გარეშე დატოვებულ კონტენტს მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებად აფასებს. წყენა კი განსაკუთრებით აქტუალური ხდება, როდესაც საქმე ეგოცენტრებთან გვაქვს (ასეთებს უფრთხილდით 🙂 ).
განვიხილავთ თუ არა ჩვენს რეალურ მეგობრებს ფეისბუკზე „ლაიქების წყაროდ“? ვუყურებთ თუ არა მათ მარკეტინგული თვალსაზრისით? და რამდენად ნორმალურია მსგავსი აზროვნება? რამდენად შეიძლება ეს ვირტუალური სიმბოლიზმი და აქტი რეალურ მხარდაჭერაში გავიყვანოთ? ან პირიქით?
დაკვირვებები გრძელდება და დანარჩენი შემდეგ ბლოგპოსტში 🙂