კორპორატიული იდენტობა – ეს არის მოცემულობა, რაც განგვასხვავებს ჩვენ, ერთ კომპანიაში დასაქმებულ ინდივიდებს სხვა კომპანიის თანამშრომლებისგან. რაში გამოვხატავთ? ყველაფერში, იქნება ეს სავიზიტო ბარათი, საუბრის მანერა, ჩაცმის სტილი, ფერების გამოყენება, დამოკიდებულებები თუ ქცევა სოციალურ ქსელში.
შექმნა კორპორატიული პერსონები და გახადო ისინი ერთი იდეოლოგიის მატარებელი, შენიანი, შენნაირად მოაზროვნე, ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკაა. „სადაც ვარ იქაური ქუდი მახურავს“ გამომივიდა, როცა ჩემი, როგორც კლიენტის სტატუსი შეიცვალა თანამშრომლის სტატუსით ჯეპრაში; როცა ჯეპრა, ნაცვლად კონტრაქტორისა, გახდა ჩემი პარტნიორი და დამსაქმებელი… ეს გამოიხატა ყველაფერში: საზოგადოებასთან კომუნიკაციაში, დამოკიდებულებებში, ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმში… ისევ ჩემს სტილში, მაგრამ ჯეპრას „ქუდით“.
ადაპტაცია ახალ სამსახურში არ იყო რთული, ჩვენ ხომ მრავალწლიანი თანამშრომლობით დავმეგობრდით კიდეც, მაგრამ იყო მაინც გარკვეული გამოწვევები და კურიოზებიც: „სადაც ვარ იქაური ქუდი მახურავს“ პროექტების ბიუჯეტის შედგენაშიც გამოიხატებოდა; როგორც დამკვეთი, ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი დამეზოგა ბიუჯეტი და მიმეღო სერვისი დაბალ ფასად, ახლა კი ამ სერვისს ცოტა განსხვავებული შეფასება აქვს ჩემი მხრიდან და ვარ პრინციპული – ის უნდა გაიყიდოს ეფექტურად, ან საერთოდ არ უნდა გაიყიდოს. ჯერჯერობით წარმატებული ვარ!
ისევ კორპორატიულ იდენტობაზე გავამახვილებ ყურადღებას… ამ მხრივ ბევრი კურიოზი იყო… მახსოვს, ჯეპრაში გადასვლიდან პირველი 2 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მომივიდა შეცდომა საქმიანი ზარის განხორციელების დროს: – გამარჯობა, ნინო ვარ სუბელიანი, ჰაიდელ… უკაცრავად, ჯეპრადან… როგორც ჩანს 8 წლიანი მუშაობიდან გამომდინარე კორპორატიულობის დონე მაღალი იყო ჩემში და აქედან გამოსვლას დრო დაჭირდა; ადაპტაციის დროს გამოწვევებს ვერ დავარქმევ, მაგრამ ვაპროტესტებდი, თუ შეხვედრა აუთლუქის კალენდარში გამოგზავნილი ნოთიფიქეიშენით არ დაინიშნებოდა, და ა.შ. გავიდა დრო და ცემენტის მტვერი ჩამოვიფერთხე როგორც იქნა, მაგრამ გერმანული მიდგომა, როგორც სასარგებლო პრაქტიკა მენეჯმენტში თან დავიტოვე… ხო მართლა, ადაპტაციის დროს გამიმართლა ფერებში- მწვანე და ნაცრისფერი არ შეცვლილა, მხოლოდ ტონალობაშია სხვაობა.
მე-9 თვე დაიწყო…დღიდან ჯეპრაში მუშაობისა, 1 მოდუნებული დღე არ ყოფილა… მივედე და მოვედე ყველაფერს, სადაც შეიძლებოდა საქმე გამეკეთებინა, მომესმინა, დამეწერა, მესაუბრა, მესწავლა ან პირიქით მერჩია, ტრენინგი ჩამეტარებინა, შემეთავაზებინა. აღმოვჩნდი ერთის ნაცვლად რამდენიმე კომპანიის პიარ კონსულტანტი, შევუდექი ერთის ნაცვლად რამდენიმე კომპანიის სტრატეგიაზე მუშაობას… ვწერე, ვწერე, ბევრი ვწერე… პროფესიული კუთხით გამოვფხიზლდი მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე არაფერი მეშველება, რადგან მიუხედავად სამსახურის შეცვლისა, სადაც თითქოს მეტი თავისუფლებაა, სიზმრები არათუ დამილაგდა, არამედ უფრო მეტად გართულდა ამ უკანასკნელში საქმე; ნაცვლად ერთი კომპანიისა, ახლა უკვე რამდენიმეს ვხედავ.
დავუბრუნდეთ უშუალოდ ჯეპრას და ჯეპრელობას-ამ კონკრეტულს და მის კორპორატიულ კულტურას: აქ ოჯახური გარემოა, სადაც არც ისე ბევრნი ვართ, მაგრამ საკონსულტაციო ბიზნესისთვის, არც ისე ცოტანი… ჩემთვის გამოიკვეთა ყველაზე დიდი მამოტივირებელი ფაქტორი: ჩვენ ყველანი პარტნიორები ვართ და არა უბრალოდ „დასაქმებულები“, ანუ ვაკეთებთ საქმეს თითოეული ცალ-ცალკე და ამავდროულად ერთად, როგორც კომპანიის, ასევე საკუთარი წინსვლისთვის… ეს არის კომპანიის პოლიტიკა, კორპორატიული ხედვა, რაც განგვასხვავებს ბევრი ბიზნესისგან და შესაძლოა, სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ფორმულა! ყველას არ უმართლებს მნიშვნელოვანი და შესაძლოა რისკიანი გადაწყვეტილების მიღების დროს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამიმართლა: 2014 წლის ივნისიდან მე ვარ ჯეპრაში ერთ-ერთი წარმატებული კონსულტანტი. საქმე კი აზარტულია.
შემდეგ პოსტამდე …