მე რომ კახა მაღრაძე ვყოფილიყავი და ნუცა სუბელიანის მაგივრად ბლოგპოსტი დამეწერა, იმიტომ რომ ნუცას არ სცალია, მაშინ ასეთ რამეს დავწერდი და ამ სათაურს დავარქმევდი…
ხალხის სახელით!
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. მეორე ტურის წინა ბატალიები გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ბოლო დღეებში, ალბათ, კიდევ გველოდება „სიურპრიზი“ ყველას, თუმცა ბევრის მომსწრეები უკვე ვიყავით აშკარად და შეიძლება რაღაცეები შევაფასოთ კიდეც. მეტიც, ამ შეფასებას უნდა დავუბრუნდეთ 1 წლის შემდეგ და თავიდან გავაანალიზოთ ეს “დაუვიწყარი” არჩევნები. ანალიტიკის მეტი შესაძლებლობა დროის გასვლის შემდეგ გვექნება. ახლა კი, ფაქტებს მოვუყვაროთ თავი და ასე დავფიქრდეთ ჩვენი პროფესიის ავსა და კარგზე.
კანდიდატებმა საკმაოდ გვიან დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია და მათი გაცნობა ამომრჩევლისთვის სიჩქარეში ხდებოდა. რაც საბოლოო ჯამში, ვერც გამოვიდა. თავიდანვე პოლიტიკური სუბიექტები, განსაკუთრებით კი ის კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, ერთმანეთის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებაზე გადავიდნენ და კამპანიის დასაწყისშივე მივიღეთ ის აგრესიული და ნეგატიური ფონი, რაც დღემდე გრძელდება. ამას კიდევ გაურკვეველი და უსაფუძვლო დაპირებები დაემატა, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ იყო პრეზიდენტის მანდატთან და ისევ წამოვიდა გაზრდილი პენსიებისა და სოციალური დახმარებების შეთავაზებების ნიაღვარი.
თუმცა, ეს ყველაფერი წინა არჩევნებისთვისაც იყო დამახასიათებელი. ჰოდა, საინტერესოა რა იყო ახალი ამ არჩევნებზე?
- მეორე ტურიდან გამომდინარე, პირველად გაჩნდა რეალურად იმის საჭიროება, რომ ქართულ პოლიტიკაში, პოლიტიკურმა ძალებმა სხვას დაუჭირონ ღიად მხარი და აქაც ჩვენ, რა თქმა უნდა, თავი გამოვიჩინეთ და ვინ ვის უჭერდა მხარს, მერე უარყოფდა თავის მხარდაჭერას და ვინ როგორ ამართლებდა ამ მხარდაჭერას, ძნელი გასაგები იყო. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ შემდეგ არჩევნებში ეს პრაქტიკა “დაინერგება” და ერთ სულ მოსახლეზე მხარდამჭერების დაფიქსირების რაოდენობით, გინესების რეკორდების წიგნში შევალთ.
- საზოგადოების ჩართულობის მაჩვენებლის მიხედვით, ეს არჩევნები აშკარად ლიდერია. ამდენი მოძრაობა, ამდენი საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი გვერდები სოციალურ ქსელებში, ამდენი ინტერესთა ჯგუფი ქვეყნის განვითარების პროცესში რომ მონაწილეობდეს და ასეთი მობილიზებული იყოს, შეიძლება უკეთესი შედეგი გვქონოდა. მაგრამ, ასეთი ძალების და ჯგუფების მონაწილეობა შეიძლება უარესიც ყოფილიყო.
- ჩემი აზრით, პოპულისტურმა განცხადებებმაც და ახალმა სამთავრობო, თუ კერძო პროგრამებმაც ყოველგვარი რეკორდი მოხსნა, რაც საბოლოო ჯამში, შეიძლება სამომავლოდ დიდი პრობლემების საფუძველიც გახდეს. ვალების გასტუმრებები, პენსიების მომატებები, დახმარებები, შეხიდებები და ჩახუტებები – რა დაგვიჯდება ხვალ, ღმერთმა უწყის. შეიძლება არც ღმერთს ჰქონდეს ასეთი პროგნოზის გაკეთების დრო, თორე საშუალება რომ ექნება, ეგ გასაგებია.
- ეს არჩევნები კიდევ იმითაც იყო განსხვავებული, რომ მიუხედავად კანდიდატების ჭარბი რაოდენობისა, ქვეყანა მაინც ორად გაიყო და ყველა „იძულებული გავხდით“, რომ ან სალომესთვის დაგვეჭირა მხარი, ან – ვაშაძისთვის, ან ქოცები უნდა ვიყოთ, ან – ნაცები, რაც პოლიტიკური პლურალიზმისა და საინფორმაციო სივრცის სიღრმისათვის ნამდვილად არ იყო სახარბიელო. ამიტომ ბოლოს ყველამ დავიკიდეთ პოლიტიკური პლატფორმები, დაგვაკიდებინეს კანდიდატების გამოცდილებაც და მიღწევებიც და 7 წლის წინ დაწყებული ბიძინას და მიშას დუელში ჩავერთეთ ძალუმად.
მთავარი კი, რაც არ შეიცვალა და კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება საქართველოში, ალბათ, ის არის, რომ ყველა ამ@$%^ს პოლიტიკოსები და კანდიდატები ხალხის სახელით ამბობდნენ და აკეთებდნენ. აბა თავისი სახელით ხომ არ ილაპარაკებდნენ, პრინციპში?!