ჯეპრას კონსულტანტი, ნუცა გალუმაშვილი 2024 წელს აფასებს.
რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?
ტრადიციულად, მესამე წელია IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ვარ ჩართული და წელსაც ვუმასპინძლეთ ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. პროექტზე მუშაობა 6 თვით ადრე დავიწყეთ და საკმაოდ მასშტაბური გეგმები გვქონდა, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ისინი ბოლომდე ვერ განვახორციელეთ.
წელს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონკურსმა საქართველოში საგრძნობლად აამაღლა ღვინის სტანდარტი.
კონკურსის ჩატარებიდან ორი წლის შემდეგ ქართველმა მეღვინეებმა უკეთ გაიაზრეს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები. ადრე თუ წარმოების მოცულობაზე კეთდებოდა აქცენტი, დღეს უპირატესობა ენიჭება გააზრებულ მიდგომას – სწორად შერჩეულ რაოდენობას მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით. ამან განაპირობა მეღვინეობის დარგში ინოვაციური მიდგომების დანერგვა და ტრადიციული მეთოდების გადააზრება თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია კონკურსის გავლენა საოჯახო მარნებზე. მათ მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია შეეფასებინათ საერთაშორისო ექსპერტებს, რის შედეგადაც ახლა უკვე თავდაჯერებულად გეგმავენ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას.
ამ პროექტზე მუშაობა კომპლექსურია და მრავალ კომპონენტს მოიცავს. სწორედ ამიტომ მომწონს და დიდ მოტივაციას მაძლევს მასზე ყოველწლიური მუშაობა.
ზოგადად, ჯეპრაში მუშაობა განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ მაქვს შეხება მრავალ სხვადასხვა სფეროსთან, რაც ჩემს საქმეს საინტერესოს ხდის და არასდროს მაძლევს მოდუნების საშუალებას
როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა
შეიძლება “არაპოპულარულ” მოსაზრებას ვიძახი, მაგრამ მე მიყვარს როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური მუშაობა. მომწონს, როდესაც საქმეს მთელი გონებით ვუდგები – იქნება ეს მარტო ოფისში ყოფნა თუ სახლში გვიან ღამით მუშაობა, რის შემდეგაც ჩემს ნამუშევარს გუნდის წევრებს ვუზიარებ.
ჯეპრაში მყავს ისეთი გუნდის წევრები, რომელთა კომპეტენცია და გამოცდილება სრულიად სანდოა. ეს პროცესი მეხმარება, ვიყო მაქსიმალურად ეფექტური. ჩვენი კლიენტების წინსვლა პირდაპირ კავშირშია ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან. წელს ვიმუშავეთ ისეთ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებზე, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი კლიენტების წარმატებას უზრუნველყოფს.
რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა დაგვანახა, რომ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პორტფელის გაზრდასა და სერვისების კიდევ უფრო გაფართოებაზე, რადგან ქვეყნის არასტაბილურობა პირდაპირ აისახება ჩვენს საქმიანობაზე. ჯეპრა უკვე იმ ეტაპზეა, რომ შეუძლია გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები მართოს.