ამას ყველგან ვყვები, როგორ მიჭირს ჩემი საქმის, ჩემი “არჩეული” პროფესიის არსის ახსნა სხვებისთვის. არაა ადვილი შენს შვილებს გააგებინო, მაგალითად, რა არის პიარი და რას აკეთებ. რატომ მაქვს ამდენი შეხვედრა და რას დავდივარ აქეთ-იქით ხშირად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივად არ გამოდის. ჰოდა, შეიძლება ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ ყველას თავისებურად ესმის ჩვენი სფერო და ათასი ჯურის უცნაური მითია გავრცელებული პიარის შესაძლებლობებსა და პიარში ჩართული ადამიანის ზეციურ ძალებზე. ეს იმის ბრალიც შეიძლება იყოს, რომ ჩვენც, ვინც საზოგადოებასთან ურთიერთობის ფერხულში ვართ ჩართულები, არ ვიცით რა გვინდა ან რას ვაკეთებთ და რას ემსახურება პიარი. ან ორივე ერთად.
ყოველ შემთხვევაში, მდგომარეობა ასეთია – პიარზე ლაპარაკობს ყველა, პიარის სპეციალისტებისა და მენეჯერების გარდა. ვინ ახსენებს ამ სიტყვას ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი ან ვინცხა ექსპერტი, რომელიც ისევ ჩვენი “გამოჩენილი” და “დაკვალიანებულია”. ატრიალებენ ყველა ბრუნვაში, ხსნიან მნიშვნელობას და შეხვედრებზე ჩვენც გვასწავლიან პიარის კეთებას. თან აუცილებლად ამატებენ ასეთ ფრაზას: „შენ ჩემზე უკეთ იცი ეს ყველაფერი, ამ საქმეში ხარ, მაგრამ…“
მედიაში რას გვიშვებიან? კარგის ***** **********! ჩვენც, ჩვენს საქმესაც და ზოგადად, პროფესიას. ან ჯადოქრები გამოვყავართ, ან კიდევ – არაფრის მაქნისები. ამას დაუმატეთ სოციალური ქსელები (აი, Facebook-ს რასაც ეძახიან ჩვენთან)! აი, გადავლა მანდ უნდა ნახო და კრიტიკა. მანდ, ზოგადად, არაფერი მოსწონთ, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის წიაღსვლების განხილვა ნამეტანი ტრენდული ამბავია ქართულ ინტერნეტსივრცეში. და, რა თქმა უნდა, პიარს აქაც ლანძღავენ.
ჰოდა, შევხედოთ აბა როგორი მდგომარეობაა. ჩვენ ვიცით, რომ პიარის სპეციალისტები კულისებში უნდა დავრჩეთ და ჩვენი “სპიკერები” ვალაპარაკოთ. მინისტრი, დირექტორი, პრეზიდენტი და პროექტის ხელმძღვანელი უნდა გამოვაჩინოთ ყველაფერში და ისიც ვიცით, რომ ჩვენი გამოჩენა არ შეიძლება არაფრის დიდებით! ნუ, როცა ორგანიზაციას დედა აქვს ***** და ჩვენც ახალგაზრდა ლამაზი გოგოები ვართ, მაშინ უნდა დავდგეთ მიკროფონთან და პროკურატურის პრესსპიკერის არ იყოს, ერთ ამოსუნთქვაზე უნდა ვთქვათ დაზეპირებული ტექსტი. ანუ, *****r ვართ, მეგობრებო!
ამიტომ, უნდა დავიკაპიწოთ ხელები, ღრმად ჩავისუნთქოთ, აზრებს თავი მოვუყაროთ და ვილაპარაკოთ! უნდა ვილაპარაკოთ, ხალხო! უნდა ილაპარაკოთ!!! უნდა ილაპარაკოთ პიარზე, მის მნიშვნელობაზე, საჭიროებაზე, სწორ მიდგომებსა და გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე. იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა არის ურთიერთობა და კომუნიკაცია საზოგადოებასთან და არა – რაღაც სასწაული. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმიანობაა და სწორი, სანდო, ღია და გულწრფელი კომუნიკაციის გარეშე არაფერი გამოგვივა. თუ ხმას არ ამოვიღებთ და არ ვილაპარაკებთ, გადაგვივლიან და უფრო დაგვაჩაჩანაკებენ! ამიტომ, დავიწყოთ დროზე ლაპარაკი!!!
ოღონდ, მანამდე ჩვენც ვისწავლოთ სწორი პიარი რა არის…