ჯეპრას გუნდს რუსო კინწურაშვილი შემოუერთდა

ჯეპრას გუნდს რუსო კინწურაშვილი შემოუერთდა

რუსო კინწურაშვილი ჯეპრას გუნდს ახლახანს შემოუერთდა და ადამიანური რესურსების მიმართულებას გაუძღვება. იგი გვიზიარებს ღირებულ ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადონ ქართული კომპანიები ადამიანური კაპიტალის მართვის მომავლისთვის.

 რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ადამიანური კაპიტალის მართვაში?

ადამიანური კაპიტალის მართვის ყველა პროცესის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. ადამიანური კაპიტალის მართვა მუდმივ და დინამიურ მოქმედებას გულისხმობს ისეთი კულტურის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების განვითარებაზე, სამართლიანობაზე, თანამშრომლის და ორგანიზაციის წარმატებაზე. ამ დარგში მომუშავე პროფესიონალები ისწრაფვიან და მოტივირებულები არიან შექმნან სამუშაო გარემო, სადაც ადამიანები თავს დაფასებულად და ღირებულად იგრძნობენ. მსიამოვნებს, როდესაც მონაწილე ვარ ადამიანების პროფესიული და კარიერული ზრდის, რომელიც თავისთავად, განუყოფელი კომპონენტია ნებისმიერი ორგანიზაციის მდგრადი განვითარების.

რა ტენდენციები მოელის საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარს და როგორ უნდა მოემზადოს ჯეპრა ამისთვის?

გლობალიზაციისა და ტექნოლოგიურად მზარდ გარემოში, სადაც სხვადასხვა სახის ადამიანური სამუშაოები გამუდმებით ციფრულდება და AI-მ ყოველდღიურ სამუშაო სივრცეში გადაინაცვლა, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ადამიანის უნიკალურობით და ინოვაციურობით ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. შესაბამისად, ჯეპრა ადამიანურ კაპიტალს აღიარებს ყველაზე ღირებულ აქტივად სერვისის ინდივიდუალურობის, ინოვაციურობის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების და შენარჩუნების მიზნით. სწორედ ამიტომ, ჯეპრასთვის ადამიანურ კაპიტალში სხვადასხვა პროფესიული განვითარების აქტივობის, თანამშრომლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის, პროცესების ინკლუზიურობის და გამჭვირვალობის, ადამიანზე ორიენტირებული ბიზნეს გარემოს გზით ჩადებული ინვესტიცია არის განვითარების გარანტია.

რა არის თქვენი მიდგომა კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით?

თანამშრომელთა სიცოცხლის ციკლის ეტაპების გათვალისწინებით, შიდა თუ გარე გამოწვევებზე (ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და ა.შ.) პროაქტიული რეაგირების მიზნით, ჯეპრას ადამიანური კაპიტალის მართვის ღირებულებებად უნდა იქცეს: 1) ადამიანზე ორიენტირებულობა; 2) პროფესიონალიზმი; 3) მომხმარებელზე ორიენტირებულობა; 4) ინოვაციურობა და ტექნოლოგიები. ამ ღირებულებების დეკლარირება და მისდამი ერთგულება ხელს შეუწყობს ჯანსაღი, ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს განმტკიცებას, ხარისხსა და ეფექტიანობაზე მორგებული გარემოს ბრენდად ქცევას, ასევე, ჯეპრას დამსაქმებლის იმიჯის გაძლიერებას, როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტორიისთვის. „ჯეპრა საუკეთესო ადგილი სამუშაოდ“ უნდა გახდეს უფრო მკვეთი და ხელშესახები.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც მოელის ქართულ კომპანიებს ადამიანური კაპიტალის მართვის მხრივ?

ადამიანური კაპიტალის ტექნოლოგიებთან ადაპტაციის შესაძლებლობის გაზრდა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეს გამოწვევა არსებობს მსოფლიოში და საქართველო ვერ იქნება, ამ მხრივ, გამონაკლისი. ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელი ხდება დროის, ფინასური რესურსების და ადამიანური კაპიტალის დაზოგვა. ტექნოლოგიებთან თავსებადობა მოითხოვს ფინანსური რესურსების მობილიზებას, რაც პატარა და საშუალო ბიზნესისთვის მსუბუქად გადასატანი არ იქნება. ფინანსური რესურსი საჭიროა ორი მიმართულებით: 1) ტექნოლოგიურად ადაპტირებული ინფრასტუქტურის და IT სისტემების ინტეგრირება სამუშაო გარემოში და 2) ტექნოლოგიურად ადაპტირებული ადამიანური უნარების/ცოდნის გაძლიერება სამუშაო ადგილზე. ორივე კომპონენტი არის გარანტი ორგანიზაციის ინოვაციურობის, უნიკალურობის და კონკურენტუნარიანობის ბაზარზე.