„When I rest, I rust“ – ეს პლასიდო დომინგოს ცნობილი გამოთქმაა, რომლის ძალითაც დიდი მაესტრო უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, სცენაზე დგას და არა მხოლოდ მღერის, არამედ დირიჟორობს და ასწავლის კიდეც. რატომაც არა? როცა გაქვს ასეთი ნიჭი და შესაძლებლობა, რატომ არ უნდა გაიქნიო ბოლომდე? ადვილი მისახვედრია, რომ დომინგო ჩემი კუმირია, თუმცა ეს პოსტი მასზე არ იქნება. ამჯერად ერთ საინტერესო აგილზე ვისაუბრებ, რომლის სახელის ინსპირაცია ნიუტონის მუდმივას უკავშირდება.
მოგეხსენებათ (თუ არ მოგეხსენებოდათ, ამიერიდან გეცოდინებათ), მე ერთ ადგილას ვერ ვმუშაობ. მიჭირს კონცენტრაცია მხოლოდ ერთ გარემოში და ამიტომ, ინსპირაციისთვის სამუშაო გარემოს ცვლა მიწევს. ჯეპრას ოფისში ყველაზე მეტად სამზარეულო მიყვარს. მგონი, უკვე შეეგუვნენ თანამშრომლებიც, რომ თუ ოფისში ვარ და ჩემს მაგიდასთან არ ვზივარ, ე.ი. სამზარეულოში ვმუშაობ. ოფისის გარეთ, რა თქმა უნდა, სახლში, საკუთარ საწოლში ვარ ძალიან ნაყოფიერი. ორაზროვნება იქით იყოს, გემოზე მორგებულ ბალიშს შეუძლია, გადასარევად ამაწყობინოს იმ დღის სოციალური მედიის გეგმა. კიდევ ძალიან მიყვარს მატარებელი: თბილისი-ბათუმის რეისი მისწრება ყოფილა პოსტების და პრეზენტაციების მოსამზადებლად. კიდევ, კიდევ… ჰო, რა თქმა უნდა, კაფე – სადმე, მყუდრო და ინტერნეტიანი. გაშლი ლეპტოპს და მიდი… ახლა ამ ადგილებს “გენერატორი 9,8” შეემატა. იმიტომ, რომ ზუსტად ჩემნაირებზეა მორგებული: საერთო სამუშაო სივრცე და სოციალური ბარი.
აქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია, შევირბინო, მოვკალათდე ჰამაკში (საქანელაც აქვთ და პუფებიც) და ვაკეთო ჩემი საქმე. აქ მოდიან, მუშაობენ, ატარებენ პატარ-პატარა თათბირებს ან, უბრალოდ, წიგნს კითხულობენ. საღამოობით კი ფილმის ჩვენებაა, ან რომელიმე მოწვეული სტუმარი საჯარო ლექციას კითხულობს, ან მულტიკულტურული საღამოა და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების დაგემოვნება შეიძლება. კერძებზე გამახსენდა: სამზარეულო აქვთ მრავალფეროვანი და თუ მგელივით გშიათ, კარგ დასანაყრებელ გემრიელობებსაც “ჩაიდგამთ”. ჰო, მართლა, საღამოობით ცოცხალი მუსიკა, კლუბური მუსიკა ან კარაოკეა.
კიდევ რატომაა სასარგებლო ასეთი სოციალური სივრცე? რა თქმა უნდა, უცხოელების გასაცნობად. აქამდე თბილისში მხოლოდ კაფე ვარშავა არსებობდა, სადაც ყოველ საღამოს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, ინგლისურის უფასო კურსის გავლა შეგეძლოთ. ჰოდა, ახლა იმავეს გაკეთება უფრო მეტად კომფორტულ გარემოშიც შეგეძლებათ.
მოკლედ, სულ ეს მინდოდა, მეთქვა. მალე პირველ ფოტოგამოფენას გავაკეთებ და ხვდებით ალბათ, სადაც. შეხვედრამდე “გენერატორში”.
პ.ს. ათონელის 29, მშრალ ხიდთან 🙂