
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ნუცა სუბელიანი 2025 წელს აფასებს.
რომელი ჩვევები დაგეხმარათ ამ წელს პროდუქტიულობაში და საქმეების შესრულებაში? რა შედეგები მიიღეთ ამ ჩვევების წყალობით და რას განაგრძობდით მომავალშიც?
2025 საკმაოდ რთული წელი იყო. არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევდა მუშაობა. სამწუხაროდ ახლაც ასე გვიწევს. როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები ქმნიდა და ქმნის მაღალი გაურკვევლობის, და ზოგჯერ ეგზისტენციალური კრიზისის განცდის ფონს.
ასეთ პირობებში, რამდენიმე პროფესიული ჩვევა დამეხმარა:
პირველ რიგში, ფოკუსის შენარჩუნება იმაზე, რაც რეალურად კონტროლს ექვემდებარება; ეს მეხმარებოდა არაპროგნოზირებად გარემოშიც ვკონცენტრირებულიყავი საქმეზე.
მეორე იყო ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და სწრაფი ადაპტაცია. პოლიტიკური პროცესები, რაც სამოქალაქო აქტივიზმითაა გაჯერებული, ყველა საკომუნიკაციო პროექტში გავითვალისწინეთ. თითქმის ყველა სტრატეგია კონფიგურირდა სხვადასხვა ეტაპზე, რითაც დავაზღვიეთ კლიენტები შესაძლო საკომუნიკაციო კრიზისებიდან.
კვლავ ტურბულენტობაა და ახლაც გავაგრძელებ ამ მიდგომების გამოყენებას, განსაკუთრებით გარემოს სწრაფი შეფასებისა და ადაპტაციის მიმართულებით.
რომელი ჩვევები ან ქცევები შეგიფერხათ ეფექტურობაში ამ წელს? რა შეგიმჩნევიათ საკუთარ თავში, რაც გინდათ შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ?
სამუშაო გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონი და აქტიური სამოქალაქო პროცესები. ტურბულენტური ფონი ხშირად ქმნიდა ემოციურად დატვირთულ გარემოს, რაც ბუნებრივად აისახებოდა როგორც ჩემს მუშაობაზე, ისე გუნდის საერთო განწყობაზე.
ამ კონტექსტში ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა გუნდის მოტივაციისა და სამუშაო პროცესის სტაბილურობის შენარჩუნება. თუმცა დავაკვირდი, რომ ხშირად, მიმდინარე მოვლენებზე მაღალი ემოციური ჩართულობის ფონზე სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა და პროფესიული პასუხისმგებლობის აღება ერთდროულად, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
მომავალში მინდა უფრო მკაფიო ბალანსი შევინარჩუნო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობას, პროექტების ოპერირებასა და ლიდერულ ზრუნვას შორის.
ამ გამოცდილებამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია რთულ გარემოშიც პროფესიული ფოკუსის, ემოციური მდგრადობისა და გუნდის მხარდაჭერის სწორი ბალანსი, და სწორედ ამ მიმართულებით მინდა გავაგრძელო განვითარება.
რომელი ცუდი ჩვევის ჩანაცვლება რომელი კარგი ჩვევით გაქვთ დაგეგმილი 2026 წლისთვის? რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ამ ცვლილების განსახორციელებლად?
2026 წლისთვის მსურს შევცვალო ერთი მნიშვნელოვანი ჩვევა, რთულ და ემოციურად დატვირთულ გარემოში ზედმეტად სწრაფი რეაგირება მჩვევია. მიმდინარე პოლიტიკურმა და სოციალურ-სამოქალაქო პროცესებმა აჩვენა, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწრაფი რეაქცია, არამედ პროცესების სტრატეგიული გააზრება.
ეს გულისხმობს, რომ სწრაფ რეაგირებამდე მეტი დრო დავუთმო ინფორმაციის შეფასებას, კონტექსტის გაანალიზებას და შესაძლო რისკების წინასწარ განსაზღვრას.