გამოაფხიზლე საკუთარი ინტელექტი

გამოაფხიზლე საკუთარი ინტელექტი

გამოაფხიზლე საკუთარი ინტელექტი

კრიტიკული აზროვნება, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელ აზროვნებას, არის უნარი, ვიფიქროთ ნათლად და რაციონალურად. კრიტიკული აზროვნება შეიძლება განიმარტოს როგორც ზრუნვა საკუთარ აზროვნებაზე. ეს არის გარემოს ობიექტური შეფასების მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ყოველმხრივ მოძიებული ინფორმაციის გაანალიზებაზე და ყოველი ნაბიჯის კონკრეტულ შეფასებაზე. იგი, ერთის მხრივ, თავაზიან სკეპტიციზმს, მეორე მხრივ კი, ჩამოყალიბებული პიროვნული პოზიციის არსებობას გულისხმობს.

ცნობისმოყვარეობა,  გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენება, შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება, ეს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის დამახასიათებელი თვისებებია. თუმცა, კრიტიკული აზროვნება არ უნდა იყოს გაიგივებული კამათის მოყვარულ ან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან.

კრიტიკული აზროვნება არ გულისხმობს ინფორმაციის აკუმულირებას. პირი, რომელსაც აქვს კარგი მეხსიერება და იცის ბევრი რამ კონკრეტული ფაქტის შესახებ, სულაც არ არის აუცილებელი, ჩაითვალოს კრიტიკულ მოაზროვნედ.

უფრო მეტიც, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი (ინფორმაციის სიუხვის მიუხედავად), საკუთარი თავის უკეთ ინფორმირებისთვის მზად არის დამატებით მოიძიოს რელევანტური წყარო, გამოიტანოს დასკვნები და გამოიყენოს ეს პრობლემის გადასაჭრელად.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ უნარის მქონე ადამიანებს ძალუძთ გააანალიზონ იდეებს  შორის ლოგიკური კავშირები; დააფიქსირონ, ააგონ და განავითარონ არგუმენტები; აღმოაჩინონ შეუსაბამობები და იმსჯელონ გავრცელებულ შეცდომებზე; მოახდინონ მართებული და მნიშვნელოვანი იდეების იდენტიფიცირება; დაასაბუთონ საკუთარი შეხედულებები და ღირებულებები.

არსებობენ კრიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიტიკული აზროვნება ზღუდავს შემოქმედებას და ხელს უშლის კრეატიული იდეების განხორციელებას, რადგან იგი მოითხოვს გარკვეული წესების ლოგიკურ და რაციონალურ თანმიმდევრობას.

ეს მოსაზრება მცდარია, რადგან კრიტიკული აზროვნება საკმაოდ თავსებადია ნაკლებად პოპულარულ მიდგომებთან და არასტანდარტულ აზროვნებასთან, ისეთი როგორიცაა “out-of-the-box thinking”.

გამოაფხიზლე საკუთარი ინტელექტი

კრიტიკული აზროვნება შემოქმედების განუყოფელი ნაწილია – ჩვენ გვჭირდება კრიტიკული აზროვნება, რათა შევაფასოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი კრეატიული იდეები.

“ჯეპრა”-ში ჩვენ კრიტიკულ აზროვნებას ვიყენებთ ყოველთვის – ახალი ან მიმდინარე პროექტების განხილვისას. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოოპერატიული მსჯელობისა და შემოქმედებითი ამოცანების გაანალიზებისას. იგი გვეხმარება ცოდნის გაღრმავების, თეორიების დახვეწის, არგუმენტების გაძლიერების და ზოგადად, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისას.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ კრიტიკული აზროვნება არის თვითმართვადი, თვითდისციპლინირებული აზროვნება, რომელიც მსჯელობასა და განსჯას ეფუძნება. ადამიანები, რომლებიც მუდმივად კრიტიკულად აზროვნებენ, მიდრეკილები არიან იცხოვრონ რაციონალურად, გონივრულად, გულისხმიერად სხვების მიმართ. ისინი იყენებენ ინტელექტუალურ ინსტრუმენტებს, ისეთებს, როგორსაც ანალიზი, შეფასება და აზროვნებას სთავაზობს.

კრიტიკული აზროვნება საუკუნეების მანძილზე, 2500 წლის განმავლობაში ვითარდება. თანამედროვე ცხოვრებაში კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები იზიარებენ სოკრატესეულ პრინციპს: რაც უფრო მეტი იცი კონკრეტული რამის შესახებ, მით უფრო მეტად რწმუნდები, რომ არაფერი იცი, რადგან კიდევ უფრო ბევრი უნდა აღმოაჩინო, გაიაზრო და ისწავლო.

გამოაფხიზლე საკუთარი ინტელექტი

ეთანხმებით სოკრატეს მოსაზრებას?

მე ხშირად მაინტერესებს ყველაფერი, რაც საჯაროდ დეკლარირებულის მიღმა იმალება. არა იმიტომ, რომ ყველაფრის მიმართ უნდობლობა მახასიათებს, არა, უბრალოდ, მინდა დავრწმუნდე ინფორმაციის სიზუსტეში. ხშირად ადამიანებს ერიდებათ კითხვების დასმა, მიაჩნიათ, რომ უხერხულია ან სულაც არაეთიკური. ვინც ასე ფიქრობს, შემიძლია ინგლისელების არაჩვეულებრივი მოსაზრება გავახსენო: სულელურია კითხვა, ვიდრე ადამიანი მას დასვამს და როგორც კი გაიგებს, რომ ეს კითხვა სულელურია, აღარასოდეს გაიმეორებს. ის ადამიანი კი, რომელსაც მოერიდება კითხვის დასმა, მთელი ცხოვრება დარჩება სულელად, რადგან ვერასოდეს გაიგებს ამ კითხვაზე პასუხს.

საკითხისადმი არაერთჯერადი და არაერთგვაროვანი მიდგომა, შეკითხვების გზით პრობლემის არსში ჩაძიება, ფიქრი და განსჯა სხვადასხვა საკითხისა თუ საშუალების შესახებ ოპტიმალური გადაწყვეტილების წინაპირობაა. გამოაფხიზლე საკუთარი თავი – კრიტიკულად აზროვნება დამოუკიდებლად აზროვნებაა.