თავიდან ანთებული ვიყავი სულ. არა, ანთება ახლაც არ მაკლია, მაგრამ ეს უფრო თეთრი განათების ფერია და არა ყვითელი და თბილი. ცეცხლი აღარ მიკიდია, სინათლეც აზრების განათებისთვის მჭირდება და არა შიდა წვის პროცესის დაწყებისათვის. თავიდან ყველა ახალი დავალება მიხაროდა, ყოველი ახალი ამოცანა და ახალი კლიენტის გამოჩენა ახალ თავგადასავალს მპირდებოდა. თავიდან ყველაფერი გაცილებით რომანტიკული და სასიამოვნო იყო…
თავიდან ყოველთვის მასეა და მერე ცეცხლი და ენთუზიაზმი ყოველთვის ნაკლებია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმეა. ნუ, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგული კომუნიკაციის მიმართულებით, ყოველ შემთხვევაში, ასეა. შემოქმედებამ წააგო ფულთან.
არა, თავიდან ყველაფერზე თანახმა არიან და ყველაფერი მოსწონთ. პირველი პრეზენტაციის შემდეგ, ან პირველ შეხვედრაზე, როცა იდეებს გააცნობ, გადარეულები და გახარებულები არიან, ანთებული თვალებით გიყურებენ და შენ უკვე წარმოიდგენ როგორ წერ ამ პროექტის ანგარიშს, როგორ აქვეყნებ მის მოკლე რეზიუმეს შენს ვებგვერდზე, როგორ ამაყობ ამ კამპანიის განხორციელებით, როგორ აგზავნი განაცხადს საერთაშორისო კონკურსზე, როგორ იგებ რომელიმე ლითონის პრიზს, ჩამოდიხარ საქართველოში და აეროპორტში ქოლგიანი ქართველები გხვდებიან. პირველი შეხვედრა კლიენტთან და პროექტის პირველი პრეზენტაცია პირველი კოცნის და პირველი სექსის დარია, განუმეორებელ შთაბეჭდილებას რომ გიტოვებს და თან იმის ცოდნასაც რომ გიმყარებს, რომ ეს აღარ განმეორდება.
ჰოდა, მერე იწყება „დარაბოტკები“, იცვლება დეტალები, ნიუანსები, ვერგებით ბიუჯეტს, ამინდს და პოლიტიკურ კონიუნქტურას, ვითვალისწინებთ უფროსების, მათი უფროსების და რეალური უფროსების აზრებს, ვიზიარებთ ჭკვიანი ხალხის, თანამშრომლების, თანამშრომლების თანამშრომლების და იმათი თანამშრომლების აზრს და პროექტს რომ დახედავ, უკვე სამი შვილის დედა გრჩება სახლში, რომელიც სულაც აღარაა ის გოგო, პირველად რომ აკოცე (საშინელი შედარებაა, მაგრამ სხვა ვერ მოვიფიქრე).
საბოლოოდ ისმის კითხვა: რატომ?
• რატომ ვხარჯავთ დროს?
• რატომ ვცვლით გადაწყვეტილებებს დღეში სამჯერ?
• რატომ ვერ ვუწევთ უფროსებს წინააღმდეგობას კარგი იდეების გატანაში?
• რატომ გვეშინია?
• რატომ არ ვრისკავთ?
• რატომ ვირჩევთ ათასჯერ გაკვალულ გზას?
• რატომ გვირჩევნია საერთოდ არ გავაკეთოთ რაღაცეები?
ისედაც მოსაწყენია ეს ცხოვრება და საქმით მაინც გავახალისოთ…
ეპილოგის ნაცვლად
ჩვენთან ასეა, ჯეპრას ბლოგისთვის პოსტს თუ არ დაწერ, ხელფასს არ ჩაგირიცხავენ. გვანცა აკონტროლებს წერითი დავალების შესრულებას, ეკა კი ბუღალტერის კლავიშზე დასაჭერად გამზადებულ თითებს აკავებს. გვანცა ჩვენი პრომოუშენ მენეჯერია, ეკა კი – დირექტორი. ჰოდა, ხელფასი მინდა დროულად, თორემ ამას რა დამაწერინებდა…