ფანტასტიკური რეალობა

ფანტასტიკური რეალობა

 

ჩემი პირველი წიგნი, რომელსაც მონადირე და თავგადასავლების მოყვარული მამაჩემის რჩევით ჯერ კიდევ ძალიან პატარა, კითხვის გასაუმჯობესებლად „ჩავუჯექი“, არც მეტი არც ნაკლები, ჟიულ ვერნის „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ იყო. ძალიან დიდ ხანს ვკითხულობდი, წერა-კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა. არ მახსოვს ყველაფერი გავიგე თუ არა, მაგრამ რაღაც ძალიან მაგარი რომ იყო ვხვდებოდი და ამ წიგნით ხელში ფაქტობრივად საათობით ვიჯექი 80 000 კილომეტრით წყალქვეშ 🙂 ახლაც მახსოვს ის ემოცია. ალბათ ამ წიგნმა მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა და ამიტომ მიყვარს ამ ჟანრის წიგნებიც და ფილმებიც დღემდე. მადლობა მამას.

ფანტასტიკური რეალობა

ადამიანი მართლაც ყველაზე ჭკვიანი, ძლიერი, საშიში, სასტიკი, ამავდროულად კეთილი და ძალიან მშრომელი არსებაა ღმერთის ქმნილებებს შორის. თითქმის ყველაფერს ვუმკლავდებით სტიქიური მოვლენების გარდა. ყველაზე შეუძლებელზეც კი ვიწყებთ ზოგჯერ ფიქრს. გვყოფნის ‘თავხედობა’ და თავად ვქმნით ადამიანებს (ხელოვნურ განაყოფიერებასა და კლონირებას ვგულისხმობ), ცათანმჯენებს, ჭკვიან ტექნიკას, ვმოგზაურობთ პლანეტებზე… ყველაფერი ის, რაზეც საუკუნეების წინ ოცნებობდნენ, ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია. ერთმანეთის სანახავად ადრე თუ ჯადოსნური სარკე იყო და ისიც ზღაპრებში, დღეს მობილურები, კომპიუტერები და ინტერნეტი გვაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში (პრინციპში, ჯადოსნური სარკის ზღაპარი, არც ისე შორეულ წარსულში, 90-იან წლების საქართველოშიც საკმაოდ მისტიურად ჟღერდა, განსაკუთრებით სანთლის შუქზე).

ფანტასტიკური რეალობა

ბაბილონის შესახებ ძველი ებრაული მითის თანახმად, ადამიანებმა ისეთი კოშკის აშენება განიზრახეს, რომელიც ცას მისწვდებოდა. ამ  თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელს დედამიწაზე. მაგრამ, დიდი ხნის შემდეგ, ადამიანებმა საერთო ენაც იპოვეს და ცათამბჯენებიც ააშენეს.

მითები ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. თუმცა, არსებობს ისეთი შემთხვევვებიც, როდესაც წარსული თანამედროვე ადამიანისთვისაც კი ამოუხსნელი და გაურკვეველია – როგორ აშენდა პირამიდები, ან თუნდაც მითიური ბაბილონის გოდოლი? ამის ამოსახსნელი ერთაერთი და, ჯერჯერობით, შეუძლებელი გზა წარსულში დაბრუნებაა. ვოცნებობთ დროის მანქანაზე, რომ ვიხილოთ წარსული ან  მომავალი. მეცნიერთა ყველა მცდელობა, ჯერჯერობით, წარუმატებლად დასრულდა. თუმცა ის, რაც საზოგადოებისთვისაა ცნობილი და ის, რაც საიდუმლო ლაბორატორიებს მიღმა ხდება, არასოდეს კვეთს ერთმანეთს – ეს ორი სამყაროა, რომელიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ლოგიკისა და მეცნიერული მიღწევების საწინააღმდეგოდ, დიდი ხნის წინ, ერთმა ადამიანმა მაინც შეძლო ემოგზაურა დროში და ეს გახლდათ ზემოთ ხსენებული ფრანგი ფანტასტი – ჟიულ ვერნი.

ფანტასტიკური რეალობა

ვერნის შემოქმედებაში აღწერილი უამრავი გამოგონება მეცნიერებმა მისი სიკვდილის შემდეგ განახორციელეს. მწერალს არ ჰქონია მეცნიერული განათლება. მისი ნაწარმოების  კითხვისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორმა ნამდვილად იხილა მომავალი და შემდეგ, ყველაფერი კარგად აღწერა თავის ნაწერებში. „დედამიწიდან მთვარემდე 97 საათი და 20 წუთი“ და „მთვარის გარშემო“ თითქმის ზუსტად ასახავს 1969 და 1970 წლის მთვარეზე გაფრენას. ისევე, როგორც ვერნის კოსმიური ხომალდის ბორტზე, „აპოლონ 11“-სა და „აპოლონ 12“-ის ეკიპაჟებიც სამ-სამი კაცისაგან შედგებოდა. ნამდვილი კოსმოდრომიცა და ვერნის კოსმოდრომიც ფლორიდაში გახლდათ. უფრო მეტიც, ფანტასტმა კოსმოდრომის ზუსტი მისამართიც მიუთითა – „სტოუნ-ჰილი“, რომელიც  რეალურად არსებული კოსმოდრომის, „კეიპ კენედის“ გვერდით მდებარეობს და საიდანაც, თავის დროზე, „აპოლონი“ გაუშვეს. მწერალმა ასევე გამოიცნო კოსმიური ხომალდის სახელი – „კოლუმბიადა“ – რაც ძალიან ახლოსაა რეალურ „კოლუმბიასთან“ და მსგავსი კონუსისებური ფორმისაა.  გარდა ამ ყველაფრისა, ვერნის ნაწარმოებში დედამიწიდან მთვარემდე მისასვლელი დრო – 97 საათია, რაც ასევე ემთხვევა რეალობას.

ფანტასტიკური რეალობა

1994 წელს ვერნის შვილთაშვილმა გამოუქვეყნებელი ხელნაწერები იპოვა, სახელად „პარიზი მეოცე საუკუნეში“, სადაც მოთხრობილია ვიდეოკავშირებზე, აღწერილია მეტრო, კალკულატორი, ფაქსი, ტელევიზია, ძრავიანი ავტომობილები და სხვა თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი მოვლენები. სკეპტიკოსებისთვის ეს უბრალოდ დამთხვევაა, ზოგიერთს კი სჯერა, რომ ჟიულ ვერნი ნამდვილად ფლობდა დროში მოგზაურობის საიდუმლო საშუალებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ვერნის 108 ფანტასტიკური იდეიდან, მცდარი ან ჯერ არარსებული მხოლოდ ათია.

კიდევ ერთი ფანტასტი, რომელმაც გააოცა მკითხველი, გახლდათ ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, აიზეკ აზიმოვი. ნახევარი საუკუნის წინ, ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენაზე, ფანტასტმა მწერალმა იწინასწარმეტყველა, თუ როგორი იქნებოდა მსოფლიო 50 წლის შემდეგ. მისი პროგნოზები გაზეთ „ნიუ იორკ თაიმს“-ში გამოქვეყნდა. აზიმოვი მთელს მსოფლიოში ყველაზე ნაყოფიერ მწერლად ითვლება. მას მიეკუთვნება მოთხრობა, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ცნობილი ფილმი „მე, რობოტი“.

ფანტასტიკური რეალობა

მწერალმა შეძლო ეწინასწარმეტყველებინა თითქმის ყველა ტექნიკური სიახლე. მათ შორის იყო ატომური ელექტროსადგურებიდან ენერგიის მიღება და უდაბნოებში მზის ენერგოსადგურების შექმნა. მისი თქმით, ადამიანები ისწავლიდნენ ენერგიის კოსმოსიდან მოგროვებას. კავშირის ძირითადი საშუალება კი თანამგზავრი გახდებოდა. უპილოტო კოსმიური ხომალდი ჩააღწევდა წითელ პლანეტამდე და გაკეთდებოდა მარსიანული კოლონიის მოდელი. (ამ დროს როგორ არ უნდა გავიხსენოთ Curiosity?) აზიმოვის მტკიცებით, მომავალში ავტომობილები კი არ ივლიან, არამედ მიწიდან ერთ მეტრზე იფრენენ – ანუ, ყველაზე საინტერესო წინ გვაქვს.

პროფესორი ამტკიცებდა, რომ ადამიანები გამოიყენებდნენ უსადენო ტელეფონებს, მათი ეკრანით კი, ფოტოების ნახვა, დოკუმენტებისა და წიგნების წაკითხვა იქნებოდა შესაძლებელი. სამზარეულოში ადგილს ტაიმერიანი ტექნიკა დაიკავებდა, ხოლო  პროდუქტების უმეტესობა  თითქმის მზა მდგომარეობაში გაიყიდებოდა. ადამიანების მთავარი პრობლემა კი, უსაქმურობა  გახდებოდა. სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგის პროფესია ძალიან მოთხოვნადი იქნებოდა.

ფანტასტიკური რეალობა

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ვერნის უპილოტო მფრინავი აპარატი, ჰამილტონის მოსაზრება 3D ჩვენებაზე (1945 წ), კლიფორდის ესკალატორი (რომელიც 20 წლის შემდეგ გამოჩნდა), კირ ბულიჩევის ელექტრონული გაზეთი (1981 წ), ჰაილაინის ავტომობილი, რომელსაც მძღოლის გარეშე შეეძლო პარკირება(40-იანი წლები) და „სოლლი“-ში აღწერილი რობოტიზირებული ავტომობილი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ახალი თაობის ავტომობილები, რომლებიც იცავენ დისტანციას მოძრაობისას და მძღოლის გარეშეც შეუძლიათ გადაადგილება. ფანტასტები არც მაშინ შემცდარან, როდესაც პლანეტაზე ბუნებრივი რესურსების ამოწურვის საფრთხის შესახებ წერდნენ.

მათ შესაძლოა ბევრი რამ იწინასწარმეტყველეს და ბევრი დაემთხვა რეალობას, მაგრამ იქნებ ჭეშმარიტება სულ სხვაა – იქნებ მათ უბრალოდ საინტერესო იდეები დაუტოვეს მომავალი თაობის მეცნიერებს და მსოფლიოც მათი იდეების მიხედვით ვითარდება?

ფანტასტიკური რეალობა

საერთო ჯამში რობოტები, სათვალთვალო კამერები, ადამიანის მაკონტროლებელი ჩიპები და სხვა მსგავსი ტექნიკა დღითიდღე ინაცვლებს ფანტასტიკიდან რეალობაში. ის, რაც შეუძლებელი იყო წარსულში და  მკითხველისთვის ჯადოსნურ, ზღაპრულ სამყაროს ჰგავდა, დღეს ჩვენთვის ყოველდღიური რეალობაა. სამყარო საიდუმლოებებითაა სავსე, ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი კი უფროდაუფრო იზრდება. ჩვენი ნებისმიერი წარმოდგენა, რომელიც ახლა უბრალო ფანტაზიად გვეჩვენება, შესაძლოა, მომავალი თაობებისთვის ყოველდღიური რეალობა იყოს.

მოკლედ, სამყაროში შეუძლებელი არაფერია – კლონირებიდან დაწყებული, დროსა და სივრცეში მოგზაურობით დამთავრებული. უბრალოდ დროის საკითხია ყველაფერი.   გამორიცხული არ არის, რომ სანამ ამ პოსტს კითხულობდით, რომელიმე ლაბორატორიაში, რომელიღაც მეცნიერი მომავლიდან დაბრუნდა.

P.S. ამ წუთას გამახსენდა თანამედროვე რეჟისორებისა და სცენარისტების ფანტაზიის რამდენიმე ჰოლივუდური ნაყოფი – “ელაის წიგნი”, „2012“ და „იურული პერიოდის პარკი“… და შემეშინდა 🙂

ფანტასტიკური რეალობა