მითხრა ხუთი ლარიო. ჯიბიდან ბოლო ფული ამოვიჩხრიკე. თორმეტი ლარიდან ხუთი ლარი მას მივეცი, შემდეგ კი გზას გავუყევი. სიცივე იყო, ღრუბელი ცაზე, მაგრამ არ წვიმდა, ქარი ატანდა ძვლებში, ერთი ხელით პალტოს ჯიბიდან პალტოსვე ვიჭერდი, მეორე ხელი კი გამილურჯდა. გამეყინა. ოდნავ დამსკდარიც მქონდა, მეწვოდა, თუმცა ხელში დიდი ყვავილი მეჭირა და ვერაფერს ვიზამდი.
გამოუძინებელსა და ფიქრებში გართულს, აზრადაც არ მომსვლია, რომ ყვავილი მკლავში ჩამედო და გამეთავისუფლებინა მეორე ხელი ჯიბეში ჩასადებად. ასე მივადექი ვაკის სასაფლაოს.
ბავშვობიდან მიყვარდა სასაფლაოები. ყოველთვის მისტიკურად მიმაჩნდა. საშიში ისტორიებიც ყოველთვის ღამის სასაფლაოებს უკავშირდებოდა.
ბავშვობაში, სანამ მშობლები მათი მშობლების სასაფლაოების წმენდით იყვნენ დაკავებულნი, მე ბევრს დავრბოდი სხვების საფლავებზე. ვიკარგებოდი. ვაკვირდებოდი გვარებს, სახეებსა და თარიღებს.
აღდგომის დღესასწაულზე ჩემ კვერცხს დაგორებულ კვერცხს ვაჭიდებდი, თუ სხვისი გაიმარჯვებდა, ვცვლიდი, გატეხილს ვტოვებდი, გამარჯვებული კი მომქონდა. ერთხელ დედაჩემმა ეს შემამჩნია და მისაყვედურა “შვილო, გატეხილ კვერცხს ნუ ტოვებ საფლავზე. ხვალ, შესაძლოა მშიერმა ადამიანმა იპოვოს და სიბინძურე იყოს შესული და მერე როგორღა შეჭამს?” მას შემდეგ, გატეხილი კვერცხი საფლავზე აღარ დამიტოვია.
ახლა მოხუცი ვარ, ისევ სასაფლაოზე, ყვავილით ხელში. დღეს სიცარიელეა. დღეს ხომ მიცვალებულთა დღე არ არის.
მე უბრალო მსახური ვარ. მიწას ვთხრი მკვდრებისთვის. 2 დღეში ერთი საფლავი, ძალიან რომ არ დავიღალო. აღარ შემიძლია სწრაფად მუშაობა, თან უკვე ვითრგუნები, ვეღარ ვიტან ნესტისა და გარდაცვლილის სუნს. თუ კი დაკრძალვიდან 30 წელია გასული, ზემოდან კვლავ მარხავენ სხვა მიცვალებულს. ამ დროს განსაკუთრებით მძაფრად მცემს ნეშთის სუნი. ხის, მიწის, სხეულისა და ფესვების სუნი.
ზოგჯერ, მგონია, რომ მსუქანი მატლი ამოძვრება მიწიდან და მეტყვის ნუ მაწუხებო. მატლებს კი ბავშვობიდან ვერ დავუმეგობრდი, ყოველთვის მეგონა, რომ როცა იგრიხებოდნენ, წვალობდნენ, მე კი სახლის ეზოში მათი ყურებით ვიტანჯებოდი, მეგონა ჩემი ცხოვრებაც, ასეთ ტანჯვაში ჩაივლიდა.
ვაკის სასაფლაოზე ვარ-მეთქი, ვახსენე, ყვავილი ვიყიდე-მეთქი, ჰო, ეს ჩემი სიყვარულისთვისაა, რომელთანაც 15 წელი ვცხოვრობდი. ადრე წავიდა იმ ქვეყნად, ახლა კი, იმაზე მეტია გასული, ვიდრე მასთან თანაცხოვრების დრო. დღე არ გავა მის საფლავს შორიდან მაინც არ შევხედო და არ ამოვიოხრო, სულ ვუვლი და ვუფრთხილდები, ოდნავ მტვერს ვერ ნახავთ მის ქვაზე. სასაფლაოს კარიბჭეც თუ ოდნავ გაიცვითა და ალაგ-ალაგ რკინა გამოჩნდა, მაშინვე მივდივარ და ვღებავ.
ახლა ცხოვრება გაჭირდა, ბევრ საფლავს რომ ვეღარ ვთხრი, შემოსავალიც შემიმცირდა. არის პერიოდები, მაგალითად, აღდგომის დღესასწაულზე დაგორებულ, გატეხილ კვერცხებს ვიღებ სასაფლაოებიდან და იმით ვიკვებები. ამ სულელ ბავშვებს, ალბათ, არავინ ეუბნება იმავეს, რაც მე მითხრა ოდესღაც დედამ.
დღესასწაულები მიყვარს. ბევრი ხალხი დადის, საჭმელებსაც ტოვებენ, ღვინოსაც და ძვირადღირებულ ყვავილებსაც. მეც მეტი რა მინდა ამ სიკვდილის სუნსა და ფერში?! 20 წუთიც არაა გასული მათი წასვლიდან, რომ ყველაფერს ვაგროვებ და ჩემ პატარა ბუნაგში მიმაქვს.
მიყვარს როცა ძვირადღირებული ყვავილები მხვდება საფლავზე, მათ, თურმე, სპეციალურ ხსნარებს უკეთებენ რომ მალე არ დაჭკნეს, მეც მეტი რა მინდა? ავიღებ სასაფლაოებიდან ამ ლამაზ ყვავილებს და მეორედ ვყიდი, ან იქნებ მესამედაც? სხვა აღარაფერი შემიძლია. არ მგონია ღმერთმა ამისთვის დამსაჯოს, პირიქით, მე მგონი მოსწონს ჩემი ჭკუა.
ერთი ისაა, რომ ოთარმა რაღაც იეჭვა, მეშინია მეყვავილეებმა არ გაიგონ ეს ამბავი. მერე ხომ ისინიც დაიწყებენ გაყიდვას და მერე მე რაღა მეშველება? რითი ვიცხოვრებ? დღეს სწორედ ოთარისგან ვიყიდე ჩემი სიყვარულისთვის ყვავილები.. რად გინდაო ეს იაფიანი ყვავილებიო? მეტი არ გემეტებაო შენი სიყვარულისთვისო? – მითხრა. გამეხუმრა, რა თქმა უნდა, გამეხუმრა. იცის რომ ძლივს ვირჩენ თავს, მაგრამ ოჰ, როგორ მეწყინა?! ოჰ, როგორ წამომცდა, ეს ძვირიანი ყვავილები დიდი ხანი რომ არ ჭკნება-მეთქი? მეშინია, ვინმემ არ წაიღოს და გაყიდოს. ოთარმა რაღაცა მითხრა და გაიცინა, მაგრამ ყური ვეღარ დავუგდე, ისე გამეყინა ოფლი სხეულზე. თანაც ასეთ ქარში ყველგან ვიგრძენი სისველე. მერე მითხრა ხუთი ლარიო, ჯიბიდან ბოლო ფული მოვიჩხრიკე, თორმეტი ლარიდან ხუთი ლარი მას მივეცი და გზას გავუყევი სასაფლაოსკენ..