ძლიერი და მრავალფეროვანი გუნდი არის ჩვენი წარმატება

ძლიერი და მრავალფეროვანი გუნდი არის ჩვენი წარმატება

საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა, უკვე 17 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის გარეთაც. 2007 წლიდან ვმუშაობთ ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ასევე 2007 წლიდან ვართ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები,  საქართველოს საკომუნიკაციო ასოციაციის (ACAG) თანადამფუძნებლები და წევრი, ასევე GAU თბილისის პიასკოლის და CSR კლუბის თანადამფუძნებლები, მრავალი პროფესიული გაერთიანების წევრები და საერთაშორისო ლიდერი კომპანიის Ketchum global-ის პარტნიორები პოსტსაბჭოთა სივრცეში.

2019 წლის მარტში მივიღეთ ჩვენთვის საამაყო ჯილდო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“. აღსანიშნავია, რომ ჩვენი წარმატება ამ მიმართულებით არ ყოფილა მარტივი და ეს წლების მანძილზე კომპანიაში გატარებული ცვლილებების და გუნდური მუშაობის შედეგია. მინდა გაგიზიაროთ ეს გამოცდილება და იმედია სხვა კომპანიები იპოვიან ჩვენი პრაქტიკის მიხედვით, თავისთვის საინტერესო ასპექტებს და შესაძლებელია, ვინმესთვის ჩვენი დადებითი გამოცდილება გახდეს შთაგონება ცვლილებების განხორციელებისთვის.

ჯეპრას კორპორატიულ კულტურაში თანასწორობის პრინციპები ბუნებრივად იყო ჩამოყალიბებული და ეს არ მომხდარა რაიმე გეგმის მიხედვით, დამფუძნებელს თავიდანვე ჰქონდა თანამედროვე და სწორი ხედვა კომპანიის გძელვადიანი განვითარებისა და წარმატების. მე როგორც კომპანიის დირექტორი, 2013 წელს შემოვუერთდი გუნდს და მენეჯმენტის გადაწყვეტილებით აქტიურად დავიწყეთ ამ კორპორატიული კულტურის დაუწერელი პრინციპების კომპანიის პოლიტიკის დოკუმენტად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, რადგან წლების მანძილზე არსებული პრაქტიკის გამყარება იყო საჭირო შიდა დოკუმენტით, რომელიც უზრუნველყოფს მენემჯემტის ცვლილების მიუხედავად ძირითადი ღირებულებების შენარჩუნებასა და სწორი კურსით განვითარებას. პირველადი დოკუმენტი ძირითადად მოიცავდა კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის – თანამშრომლების თანასწორი და დაცული გარემოთი უზრუნველყოფას კომპანიაში. დოკუმენტი მოიცავდა ასევე ზოგადი ქცევის კოდექს და  პროექტების მართვის პროცესებსა და სტანდარტებს.

2017 წელს ჯეპრა შეუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEP’s) და ვიყავით პირველ ხუთ კომპანიას შორის მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც შეიმუშავეს და დაამტკიცეს ქალთა გაძლიერების სამოქმედო გეგმა.  გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ ამ დოკუმენტების ცვლილება და დავამატეთ ქალთა გაძლიერების ისეთი ასპექტები, როგორებიცაა დეკრეტული შვებულება კაცებისთვის, ტრენინგებისა და მენტორინგის სისტემის დანერგვა. პირველადი გეგმის დამტკიცების შემდეგ, უკვე ორჯერ განვაახლეთ საკუთარი ძალებით და ქალთა გაძლიერების პრინციპების ინგეტრაცია განვახორციელეთ კომპანიის CSR სტრატეგიაში. სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყეთ აქტიური  მუშაობა ამ თემებზე, დავნერგეთ სტაჟირების პროგრამა, რომელიც უკვე ხუთმა სტაჟირების ნაკადმა გაიარა. წარმატებული სტაჟიორების ნაწილი უკვე ჯეპრას ძირითად კადრებს წამოადგენენ და თავად მართავენ პროექტებს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბოლო 5 წელია ყველა საახალწლო საჩუქარი, რომელსაც კომპანია ყიდულობს და არიგებს არის ქალთა ბიზნესის მიერ წამოებული, ყოველ წელს 300-ზე მეტ ადამიანს ვასაჩუქრებთ და ვაცნობთ საინტერესო ქალთა ბიზნესს და მათ პროდუქციას.

ჩვენ ასევე ვართ ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის აქტიური წევრები, ამ პლატფორმის მეშვეობით  კომპანიები ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და ვცდილობთ ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ყველა თანამშრომელი ჩართულია კომპანიის განვითარებაში და მათი განათლება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს არის ჯეპრას კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულება. ჯეპრაში არსებობს ტრენინგების წლიური გეგმა, რომლის შედგენაში მონაწილეობას ღებულობს ყველა თანამშრომელი, ისინი თავად ირჩევენ თემებს და გრაფიკიც პრიორიტეტულობიდან გამომდინარე დგება, რაც მათი ჩართულობით ხორციელდება.

თვეში ტარდება რამდენიმე სემინარი, რომელსაც ჩვენი ყველა თანამშრომელი ესწრება. ყველა თანამშრომელი და სტაჟიორი არის ჩართული მენტორინგის სისტემაში და ამ მიმართულებით ჩვენი მიდგომა ჩამოყალიბდა “ყველა-ყველას ასწავლის” პრინციპით, მიუხედავად მისი თანამდებობისა. ნათელი მაგალითისთვის გეტყვით, რომ მარტის თვე გვაქვს ჯეპრაში გამოცხადებული ინოვაციების თვედ და ყოველ დღე ზუსტად 14:00 საათზე გვაქვს 10 წუთიანი მოხსენებები სხვადასხვა ინოვაციურ თემებზე, რომლებსაც მომხსენებელი თავად ირჩევს, ამუშავებს და შემდეგ გვაცნობს ყველას. თუ თემა იწვევს ჩვენს ინტერეს, ვიწყებთ თემის კომპანიაში დანერგვაზე მუშაობას.

ყველა ჩვენი კონსულტანტი არის ასევე მენტორი GAU თბილისის პიარსკოლაში და თავის გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს. ასევე კომპანიის CSR-ის ფარგლებში გვაქვს უამრავი საათი დათმობილი პრობონო კონსულატაციებისთვის, რითიც ვეხმარებით და ვაძლიერებთ სხვადასხვა მცირე ბიზნესსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას. ხშირად ვერთვებით სოციალურ კამპანიებში. ბოლო ორი წელია ვეხმარებით „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას“, რაც გულისხმობს 21 მარტის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძების აღნიშვნას, „ჭრელი წინდების“ კამპანიის დაგეგმვას, განხორციელებას და მედიამხარდაჭერას.

ეს არის ის ზოგადი შტრიხები, რომელიც, ჩემი აზრით, გამოარჩევს ჯეპრას და იმ გარემოს რა გარემოშიც გვიწევს მუშაობა.

მრავალფეროვანი კადრები, თანასწორი შესაძლებლობები და კომპანიის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში ჩართული თანამშრომლებია ჩვენი წარმატების ფორმულა!

სწორედ გუნდის მრავალფეროვნება და ჩვენი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა განაპირობებს ჯანსაღ გარემოს, ხოლო ჯანსაღი სამუშაო გარემო ბიზნესის წარმატებას. თანამშრომელი, რომელიც თავს ვერ გრძნობს კომფორტულად და დაცულად სამსახურში, არის კომპანიის სუსტი წერტილი და ის ვერ გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს სრულად და თავისმხრივ, კომპანია მიიღებს ნაკლებად ეფექტიან თანამშრომელს თავის გუნდში.