ყველას გვქონია განცდა, რომ დრო არასდროს არის საკმარისი, საქმე თავზე საყრელია, საათს უყურებ და ხვდები, რომ მთელი დღე ისე “გაიპარა” წესიერად ვერაფრის გაკეთება მოასწარი, არადა თითქოს მთელი დღე დაკავებული იყავი, მთელი დღის განმავლობაში საქმეს აკეთებდი და ხუთი წუთიც კი არ დაგისვენია. რატომ არის, რომ ზოგი ეფექტურად იყენებს დროს და ყველაფრის მოსწრებას ახერხებს, ზოგი კი თავდაუზოგავად შრომობს მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანასა და დედლაინებში ჩატევას ვერ ასწრებს. არადა თითქოს ყველას ერთნაირი 24 საათი აქვს საქმეების დასასრულებლად. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ადამიანი ეფექტურად იყენებს დროს, უმეტესობა კი პირიქით… დროის გადანაწილების კარგი უნარები, შესაძლებელს გახდის იმუშავო გაცილებით უფრო სხარტად და მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ მიაღწიო გაცილებით მეტ შედეგს, ნაკლებ დროში. ამისათვის საჭიროა რამდენიმე “ოქროს” წესის გათვალისწინება და ყოველი სამუშაო დღის დეტალური გაწერა (რამდენად შესაძლებელია ეს ყოველივე? კარგი კითხვაა.
1. არასდროს დაიწყო შენი სამუშაო დღე დეტალური განრიგის შედგენის გარეშე. შეეცადე გაწერო შესასრულებელი საქმეები და დაახარისხო ისინი პრიორიტეტების მიხედვით. ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ დაინახო სრული სურათი და ეფექტურად გადაანაწილო შენი დრო და შედეგად დღეც.
2. გაუთავებელი ზარები და მეილები – პასუხი პასუხისთვის ამ შემთხვევაში არაეფექტურია. დროის ნაკლებობის პირობებში უპასუხეთ მხოლოდ სასწრაფო მეილებსა და ზარებს, ამით ცოტათი მაინც დაზოგავთ დროს და არ მოცდებით ყველასათვის თქვენი ყურადღების განაწილებით.
3. რჩევა რომლის სისრულეში მოყვანა ყველას ძალიან გვიჭირს – სოციალური მედიაა. რა თქმა უნდა დროის სიმცირე ავტომატურად გულისხმობს სოციალური მედიისთვის ნაკლები ყურადღების დათმობას. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ეს თქვენთვის, თუ რაიმე სასწრაფო შეტყობინებას არ ელოდებით, დათმეთ სოციალური მედია ცოტა ხნით მაინც.
4. ნუ გეშინიათ უარის თქმის – თუ თქვენი საქმე სასწრაფოა, ნუ მოცდებით სხვების თხოვნებსა და შეთავაზებებზე, თქვენი დედლაინი ყოველთვის პრიორიტეტულია.
5. იმისათვის, რომ საქმე უკეთ გაკეთდეს, აუცილებლად პროდუქტიული უნდა იყოთ. გადახედეთ თქვენს აქტივობებს, შეარჩიეთ დღის განმავლობაში დროის ის მონაკვეთი, როდესაც ყველაზე აქტიური ხართ და სწორედ ამ დროს ჩანიშნეთ ყველაზე მძიმე და სასწრაფო საქმეები. მთავარია თქვენ იყოთ შემართებით და საჭირო განწყობაზე და საქმეც გაკეთდება.
6. იმ შემთხვევაში თუ დღის განრიგს და შესასრულებელი სამუშაოების სიას გადაუხვიეთ, შეჩერდით! ისევ გადახედეთ შექმნილ სიას და დაუბრუნდით მნიშვნელოვან საკითხებს To Do List-ში.
7. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დავასვენოთ ტვინი ანუ დავიძინოთ. მე პირადად ეს პუნქტი ყველაზე მეტად მერთულება. გამოუძინებლობა ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა, რაც უმეტესობას აწუხებს. თქვენ დასვენებული, ენერგია აღდგენილი მეორე დღეს გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნებით.
და ბოლოს, მეშვიდე საკითხი შეიძლება არ შევიყვანოთ ჩვენს To Do List-ში, თუმცა, სამუშაო დღის ბოლოს მუდმივად უნდა გვახსოვდეს – დაიტოვეთ დროის გარკვეული მონაკვეთი უბრალოდ განტვირთვისთვის და საკუთარი თავისთვის. ცხოვრება ნამდვილად ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ მოვაკლოთ საკუთარ თავს პატარ-პატარა სიამოვნებები.