დილით ფული, საღამოს სკამები

დილით ფული, საღამოს სკამები

 

კარგა ხნის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარე, რომლის ანალიზის დროსაც ისეთ საკითხს მივადექი, სულ რომ არ იყო ჩემი კვლევის მიზანი. კითხვარების გაანალიზების დროს აღმოვაჩინე, თუ როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს ჩემ მიერ გამოკითხული ადამიანები (საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები). ამ ამბავმა ჩამითრია და მიღებულ შედეგებს შევუდარე მათ შესახებ არსებული მონაცემები: რამდენად წარმატებულ ორგანიზაციაში მუშაობენ, როგორ აფასებენ საკუთარ გუნდს, რას თვლიან საკუთარ მიღწევად და რას – გუნდის მუშაობის შედეგად, რამდენად წარმატებულად თვლიან საკუთარ თავს ზოგადად და კონკრეტულ პოზიციაზე.

იმან, რაც მე აღმოვაჩინე, შესაძლოა სულაც არ გაგაოცოთ, მაგრამ სტატისტიკურად მაინც დაგაინტერესებთ:

  • გამოკითხულთა 90% თავს წარმატებულად თვლის, მაშინაც კი, როცა მის მიერ მართული ორგანიზაციის / სტრუქტურული ერთეულის შედეგები არც ისე წარმატებულად გამოიყურება;
  •  მენეჯერები, რომლებიც 5 წელია ან მეტი, რაც მუშაობენ ერთ ორგანიზაციაში, ნაკლებად ხედავენ საკუთარ და ორგანიზაციის ნაკლოვანებებს და ინტერვიუს დროს აქცენტებს აკეთებენ სხვა ორგანიზაციებზე ან ადამიანებზე, რომლებიც ხელს უშლიან სამუშაოს იდეალურად შესრულებაში;
  •  მენეჯერები, რომლებიც 5 წელია ან მეტი, რაც მუშაობენ ერთ ორგანიზაციაში, ამ ორგანიზაციას თვლიან საკუთარ სახლად და საკმაოდ დაბალი მიმღებლობა აქვთ ორგანიზაციაში ახლად შემომატებული მენეჯერის მიმართ – ზუსტად ისე, სახლში უკითხავად რომ უცხო ადამიანი შემოგივარდეთ;
  •  მენეჯერები, რომლებიც ბევრს მუშაობენ არასამუშაო დროს, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ორგანიზაციის შიგნით არსებული თავისუფალი რესურსებისთვის სამუშაოს განაწილებას – მოტივით, რომ მათზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ შეასრულებს. არადა, ჩემი ღრმა რწმენით, თანამშრომლებზე სამუშაოს გადანაწილებით შესაძლოა გამოჩნდეს რომ სხვა უკეთ უძღვება სამუშაოს და ამით მათ დაკარგონ პოზიცია;
  •  მენეჯერები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ საკუთარ პროფესიულ ზრდაზე, ასევე ზრუნავენ საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე, რადგანაც აცნობიერებენ, რომ გარემო მუდმივად ვითარდება და მათ და მათ დაქვემდებარებულ თანამშრომელსაც სჭირდებათ, ფეხი აუწყონ ამ პროცესს;
  •  გამოკითხულთა 10%, ადამიანები, რომლებიც თავს თვლიან წარმატებულად და ნამდვილად არიან წარმატებული ორგანიზაციების მენეჯერები, თვლიან, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო საჭიროებს გაუმჯობესებას. მათ, როგორც წესი დეტალურად აქვთ გაანალიზებული თუ რას ვერ მიაღწიეს შემუშავებული აქვთ გეგმა, თუ როგორ გამოასწორონ არსებული მდგომარეობა.

ამის მერე, კარგა ხანს ვფიქრობდი – როგორ უნდა ავუხსნა გამოკითხულთა იმ 90%-ს კორექტულად, რომ მათ პრობლემები აქვთ და სერიოზულად უნდა იმუშავონ საკუთარ თავზე პრობლემების გამოსასწორებლად. ან საერთოდ, უნდა ავუხსნა თუ არა? ეს შეფასება ჩემი დავალების ფარგლებს აშკარად სცდება და ხომ მეტყვიან, შენი ვისი „ტიკი-ტომარა“ ხარო?

და საერთოდ, ერთი ჩემი კოლეგის, ყოვლად პირდაპირი და მართალი ადამიანის, კახა მაღრაძის არ იყოს, ეს ამბავი რამ გამახსენა და… ამ პრობლემაზე ასე საჯაროდ რა მომაყოლებდა, რომ არა ჯეპრაში დამკვიდრებული წესი – თვეში ერთი პოსტის წერა და ეკას (ჯეპრას დირექტორი) და გვანცას (ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერი) პატივისცემა და შიში – ჯერ პოსტი, მერე ხელფასი.

როგორც გენიალურ „12 სკამშია”: „Утром деньги вечером стулья. А можно наоборот? Можно, ноденьги вперед”, უბრალოდ ჩვენს შემთხვევაში деньгиარის პოსტი, ხოლო стулья- ხელფასი 😀

დილით ფული, საღამოს სკამები