„დიეტა“ ბერძნული სიტყვაა და ცხოვრების წესს ნიშნავს… მედიკოსები კი, მას ასე ხსნიან: დიეტა არის ადამიანის კვების გარკვეული რეჟიმი. მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა რადიკალურად განსხვავებულია.
წონაში სწრაფად დაკლების მსურველთა ლექსიკონში სიტყვა „დიეტა“ ცალსახად, არა კვების, არამედ მუდმივი შიმშილის რეჟიმს მოიაზრებს.
მოდას აყოლილი გოგონები დიეტას რატომღაც ყოველთვის ორშაბათიდან იწყებენ და მეორე დღესვე, სამშაბათს ასრულებენ.
აი მათთვის ორშაბათი ნამდვილად მძიმე დღეა: მხოლოდ 1 ცალი კვერცი, 1 ცალი ვაშლი ან მაქსიმუმ 1 ჭიქა მაწონი. დანარჩენ წუთებს კი, შიმშილს მხოლოდ მინერალური წყლით იკლავენ…
შედეგი: რადიკალურად შემცირებული, ერთფეროვანი რაციონით გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ ორგანიზმს და ჯანმრთელობას.
სამაგიეროდ, შედარებით ბედნიერები არიან სამშაბათს: 5 კილოგრამი კიტრი, ამავე რაოდენობის პომიდორი, ძეხვი (აუცილებლად შებოლილი) და სულგუნი (რატომღაც სჯერათ და დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმს)… პარალელურად, არ ივიწყებენ „შეთხზულ დიეტას“. მაინც „სხეულს უფრთხილდებიან“ და მხოლოდ 0 % კალორიან პურს ამატებენ.
მაგრამ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ბედნიერები არიან კვირის დანარჩენ დღეებში, ოღონდ მხოლოდ ორშაბათამდე – კვების რაციონს უკვე ემატება ტკბილეული და ცომეული, ზოგჯერ კი ალკოჰოლიც. მიზეზი? ეს გაუთავებელი პრეზენტაციები, შეხვედრები, ღონისძიებები, კლუბური კონცერტები. თავის მართლება: წინ ორშაბათიც ეყოფათ – ამ დღეს ხომ „დიეტაზე სხდებიან“. აი, ასეთია მათი „ცხოვრების წესი“.
არადა, რეალობა ერთია – მათი დიეტა არ იწვევს ყოველთვის გახდომას.
რჩევა მათთვის: სიგამხდრე მომხიბვლელ და სასურველ სხეულს არ ნიშნავს.
და.. კიდევ ერთი რჩევა: ირბინეთ და ივარჯიშეთ. მხოლოდ სპორტულ კომპლექსებში სიარული არაფერია!
ექიმები გვირჩევენ: როდესაც დიეტაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია კვების დადგენილი წესის დაცვა. ასეცაა – გააზრებულ, სწორად შედგენილ დიეტაში (ანუ კვების რეჟიმში), რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია, თუ ის დაბალანსებული კვების და ზომიერების პრინციპებზეა აგებული.
აი, მე კი, თავისუფალი „ცხოვრების წესი“ მაქვს… რასაც მინდა და როგორც მინდა ისე მივირთმევ…. არ ვწონი საკვებს და არ ვითვლი კალორიებს. თვლა ბუღალტერიაშიც მეყოფა (განსაკუთრებით, როდესაც კლიენტს მედიაბიუჯეტს ვუმზადებ) და აწონ-დაწონა კი, რამე გადაწყვეტილების მიღებისას.