Covid-19-მა შეცვალა ყველაფერი. ადამიანების ცხოვრება, ბიზნესების ფუნქციონირება, სამუშაო გარემო.. მათ შორის, პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა პიარსკოლის მუშაობაზეც.
2020 წლის ზამთრის კურსი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მისი შეჩერება მოგვიწია. ადაპტირება ონლაინ გარემოზე მყისიერად ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან სტუდენტების უმეტესობას სწავლის ონლაინ გაგრძელება არ სურდათ. არც ჩვენ ვიცოდით, როგორ მოხერხებოდა პიარსკოლის, რომლის უმთავრესი ღირებულება პირდაპირ კომუნიკაცია და ნეთვორქინგია, სრულიად ონლაინ ფორმატზე გადატანა.
თუმცა ეს მოვახერხეთ, თან ძალიან წარმატებულად.
ბუნებრივია, რომ ონლაინ ფორმატზე გადასვლას შიშით ვუყურებდით: როგორ წარიმართებოდა 3 საათიანი ლექცია, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ამ ფორმატით სტუდენტებისთვის შესაბამისი ცოდნის გადაცემა.
თუმცა, ონლაინ ფორმატი აღმოჩნდა კომფორტული ლექტორებისთვისაც და სტუდენტებისთვისაც. ლექციებზე ჩართვა ნებისმიერი ადგილიდან გახდა შესაძლებელი, რამაც საშუალება მოგვცა პიარსკოლის კურსები შევთავაზოთ იმ ადამიანებსაც, ვინც თბილისში არ იმყოფება. სტუდენტებს, რომლებიც ლექციაზე დასწრებას ვერ ახერხებენ, ვთავაზობთ ჩანაწერებს, რათა არ ჩამორჩნენ მასალას და ყველა ინფორმაცია მიიღონ. ამის საშუალება კი აუდიტორული სწავლებისას არ გვქონდა.
პანდემიის გამო პიარსკოლაში პირველი 4 თვე სწავლა შეჩერებული იყო, ვინაიდან მსურველები ეჭვის თვალით უყურებდნენ კურსის ონლაინ ფორმატს. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ ონლაინ სწავლებამ ჩვენი კურსის ხარისხი შეინარჩუნა და დღეს უკვე მეოთხე ონლაინ კურსი მიმდინარეობს პიარსკოლაში.