ცნობის ფურცელი ეკონომიკურად ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტია მომხმარებლებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან რეგულარული კომუნიკაციის დასამყარებლად. ცნობის ფურცლის გაგზავნა კვირაში, თვეში თუ კვარტალში ერთხელ კომპანიას საშუალებას აძლევს მოხვდეს მომხმარებლის თვალთახედვის არეში. იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კონკურენტულ ბაზარზე ოპერირებენ და შესყიდვებს შორის დიდი ინტერვალები აქვთ, ცნობის ფურცელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ფართომასშტაბიან სარეკლამო აქციაზე გაცილებით იაფი და ნაკლებად მოსაბეზრებელია.
როგორია ეფექტური ცნობის ფურცელი, რა სიხშირით იგზავნება და რა ინფორმაციას მოიცავს?
ცნობის ფურცლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია კონტენტი, რომელიც მაქსიმალურად ინფორმატიული და რელევანტური უნდა იყოს. მომხმარებელთა მეილზე ყოველწლიურად სულ უფრო მეტი შეტყობინება მიდის, რის გამოც სულ უფრო მცირდება დრო, რომელსაც მომხმარებელი დაუთმობს თქვენს შეტყობინებას. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, მათი ყურადღების მისაპყრობად საშუალოდ მხოლოდ 51 წამი გაქვთ. ტექსტი უნდა იყოს „სკანირებადი”. კვლევის თანახმად ცნობის ფურცელს მომხმარებელთა მხოლოდ 23% კითხულობდა, ეს რიცხვი კი ორი წლის განმავლობაში 11%-მდე დაეცა. მომხმარებელთა 57% მხოლოდ ათვალიერებს და მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.
დროის სიმცირის გამო მომხმარებლები ძირითადად subject line-სა და ცნობის ფურცელის პირველ გვერდს ათვალიერებენ. განვიხილოთ InterContinental Hotels-ის მიერ გაგზავნილ ცნობის ფურცლის სათაური(subject): “Open Your (I)s to the Wonders of the Sea.” ერთი მხრივ ჭკვიანური ალუზია: ასო-ბგერა I – კომპანიის ლოგოს ნაწილია და მომხმარებელმა უნდა წაიკითხოს როგორც “eyes”, მაგრამ ეს word play ინბოქსის სქროლვისას მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი რჩება, რადგან მეილზე მოსული ყოველი შეტყობინების დეტალური ანალიზისთვის არავის სცალია. ასევე პრობლემატურია ტექსტის მეორე ნაწილიც „ზღვის საოცრებები“, რომელიც ზედმეტად ფართო მცნებაა, საჭიროა მეტი კონკრეტიკა, მეტი ინფორმაცია და მცირე მოცულობა. არასდროს დაგენანოთ დრო ვიზუალური მხარის დასახვეწად, რომელიც კონტენტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. უმჯობესია მშვიდი ფერების და ნაკლებად აგრესიული გამოსახულებების გამოყენება, ფოტოები უნდა ავსებდნენ შინაარსს.
არ არსებობს ოპტიმალური სიხშირე, რომლითაც მომხმარებელს ცნობის ფურცელი უნდა გავუგზავნოთ. ის დამოკიდებულია კომპანიის, ინდუსტრიის სპეციფიკაზე. მთავარია გვახსოვდეს, რომ თუ მომხმარებელი ჩათვლის რომ ზედმეტად აგრესიულები ვართ და თავს ვაბეზრებთ, ჩვენი შედეგი სასურველისგან რადიკალურად საპირისპირო იქნება. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მომხმარებელს ჰქონდეს გამოწერაზე უარის თქმის საშუალება, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ცნობის ფურცელი სპამ ფილტრის მეშვეობით შესაძლოა სპამის კატეგორიაში აღმოჩნდეს. ამიტომ ჯობია ერთი გამომწერი დავკარგოთ, ვიდრე სპამ ბლექლისტში მოვხვდეთ და სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციაც რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.