ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი 2020 წელს აფასებს.
რა შეიცვალა 2020 წელს შენთვის? რაზე დაგჭირდა მეტი მუშაობა, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ „ახალ რეალობას“?
ონლაინ მუშაობამ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის საზღვრები საერთოდ მოშალა და ღამის პირველ საათზეც კი შესაძლოა ისე გააგზავნო ოფიციალური წერილი ელ-ფოსტის საშუალებით, ან პირად სოციალურ ქსელში გააბა სამსახურეობრივი მიმოწერა, თითქოს არაფერი, მერე რა მოხდა, ასე უნდა იყოს… სიმართლე რომ ვთქვა, ძველი წლებიდან იმ იშვიათი სამუშაო დღეების უკან დაბრუნებაც კი მინდა, როცა გარკვეული მიზეზების გამო სახლში დავრჩენილვარ, რადგან ონლაინზე გადასვლა ყოფილა სრული „ტანჯვა“, ვერაფრით ვეჩვევი.
ჩემგან მეტ ენერგიას, დროს და რესურსს მოითხოვს. მაგალითად, ყველაზე მეტად დღემდე „მერთულება“ ერთი შეხედვით ისეთი მარტივი რაღაცები, როგორიც არის ონლაინ შეხვედრის ჩანიშვნა, ზუმში/მითში შესვლა, ტრელოში ან ნოუშენში დავალების დაწერა და ა.შ. და მიუხედავად ამისა, 2020 წელი, ვფიქრობ, პროფესიული ზრდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. პანდემიამ მოგვცა შესაძლებლობა, კომუნიკაციის მიმართულებით განვითარებული სწრაფი ცვლილებების თანამონაწილეები ვყოფილიყავით და ახალი გამოწვევებისთვის ძალიან მოკლე დროში მზადყოფნით გვეპასუხა. საკმაოდ დატვირთული წელი გამოვიდა და ძალიან ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტიც განვახორციელეთ.
აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე
ჩვენ ვუმარტივებთ ორგანიზაციებს მათ მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობის სირთულეებს. ვეხმარებით, სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პოზიტიურად წარმოჩენას და მოუტანს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მხარდაჭერას.
გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი, რატომ გამოიყურება ის ასე
რაც სახლში დავიდე სამსახური, ჩემი სამუშაო მაგიდა ჩემი მუხლები გახდა. უნდა ვაღიარო, მაგიდასთან დიდხანს ჯდომა ჩემთვის საკმაოდ დამღლელი პროცესია და ამ მხრივ, ახლა კომფორტის ზონაში ვარ.
გვითხარი რა იყო შენთვის როგორც პიარკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა?
დედა რომ გავხდი, აღმოვაჩინე რომ თავზესაყრელი დრო, რომელსაც ძირითადად ჩემს საქმეებს და სამსახურს ვუთმობდი, აღარ მქონდა. ახალ რეალობაზე გადაწყობა არ იყო მარტივი და ალბათ ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა დროის განაწილებისა და მართვის სწავლა გახდა. შევძელი. დღეს ვფიქრობ, ბავშვმა უფრო მეტად მობილიზებულ და პროდუქტიულ ადამიანად მაქცია და რაც მთავარია მასწავლა, რამდენად ძვირფასი და ღირებულია დრო. ახლა ზუსტად ვიცი, დღის რა მონაკვეთი რისთვის მაქვს თავისუფალი და ვცდილობ, მაქსიმალურად იმ კონკრეტული საქმისთვის გამოვიყენო.
დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან) ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ?
ჩემი შვილი ლილიანა, რომელიც ნამდვილად არის ჩემი მთავარი მოტივაცია და ენერგია. Tbilini-ს (ნინი ჩიქოვანი) ბლოგი ინსტაგრამზე, რომელიც ბავშვთან კომუნიკაციას და სწორი აღზრდის გზებს ეხება და ფრიდერიკ შოპენი, რომლის ნოქტიურნებზეც დავწერე ახლა ეს ინტერვიუც.