მაღიზიანებს, როდესაც ადამიანები სხვების შეხედულებებს არ სცემენ პატივს. უმრავლეს შემთხვევაში, თუ საკუთარი შეხედულება არ ემთხვევა სხვისას, გვგონია, რომ საპირისპირო აზრის მქონე ადამიანი არასწორია. გვიჭირს დავუშვათ, რომ შესაძლოა ვცდებით და ვაღიაროთ საკუთარი სისუსტეები. ეს ცხოვრებისეული კანონზომიერებაა. ეს ის თვისებაა, რომელიც არ მომწონს და ყველაზე მეტად მაღიზიანებს როგორც საკუთარ, ასევე სხვის შემთხვევაში.
ადამიანი საკუთარ თავს გამოხატავს თავისი ფსიქოლოგიური და სოციალური არსებობით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ესა თუ ის საქმე გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. როდესაც გვეკითხებიან, “საიდან დავიწყო?” არ ვუშვებთ, რომ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება დაიწყო. მთავარია, საქმე გამოვიდეს. წერტილი, თავისთავად, ძალიან საინტერესო გეომეტრიული მოცემულობაა. იგი ფიგურაც არ არის, რადგან განზომილება არ აქვს. როდესაც პითაგორა გეომეტრიაზე მსჯელობდა, აღნიშნავდა, რომ წერტილი ღმერთია, რადგან ის ყველაფერშია, ყველაფერი მისგან აიგება და ის ერთდროულად დასასრულიცაა და დასაწყისიც. როდესაც შენ ამ პოზიციას აირჩევ, შენგან იწყება ყველაფერი; ირჩევ საკუთარ წერტილს და სულაც არ არის აუცილებელი ეს სხვის წერტილს ემთხვეოდეს.
შენ ქმნი შენს ცხოვრებას – ამას ცნობილი ეგზისტენციალისტი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ჟან-პოლ სარტრი ამბობდა. ანუ, არსებობა წინ უსწრებს არსებას, რადგან როდესაც ჩნდები, ჯერ ბიოლოგიური არსება ხარ, ხოლო ადამიანი რომ გახდე, ამას შენ ქმნი. მითუმეტეს, შენი პასუხისმგებლობაა, როგორი ადამიანი გახდები, რადგან არსებობა წინ უსწრებს არსს. ესე იგი, ადამიანი ჯერ არსებობს და შემდეგ განსაზღვრავს თავის თავს. ადამიანი თავისუფალია არჩევანში და, სარტრის სიტყვებით , “განწირულია თავისუფლებისთვის”.
ის, რაც მორწმუნე ადამიანისთვის არის ღმერთი, მეცნიერებისთვის არის კანონზომიერება, ფილოსოფიისთვის – ჭეშმარიტება, ხელოვნებისთვის – მშვენიერება, ფსიქოლოგიაში კი – თვითგამოხატვა.
ჩვენ, უბრალოდ, პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერი ადამიანის თვითგამოხატვას!