ჯეპრას უმცროსი კონსულტანტი, ელენე თაყაიშვილი 2020 წელს აფასებს.
რა შეიცვალა 2020 წელს შენთვის? რაზე დაგჭირდა მეტი მუშაობა, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ „ახალ რეალობას“?
ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იყო 2020 წელი, ვერც იმას ვიტყვი, რომ ახალი ეტაპი დაიწყო და წინა წელი „წარმატებით“ გავაცილეთ, 2020 ჩემთვის ჯერ კიდევ გრძელდება თავისი რთული და მოულოდნელობებით სავსე ხასიათით, თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი იმას, რომ ცუდი იყო, გარკვეულწილად საინტერესო და სასარგებლოც კი იყო, ბევრი ისეთი რამ „შემოგვესწავლა“ სრულიად შემთხვევით, რომელსაც დიდი ხანია ვგეგმავთ.
არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ჩვენს მწვანე „კრეატიულ ოთახში“ ყველანი შევიკრიბეთ და დავიწყეთ სრულიად ახალ რეალობაზე მორგება. თავიდან რამდენიმე ტიპის შიში გაჩნდა – დისტანციური მუშაობის, ერთმანეთისგან შორს ყოფნის, პროექტებისა და საქმის ნაკლებობის, თუმცა დიდხანს ნერვიულობის დრო არც მაშინ გვქონია და კიდევ უფრო ჩქარი ტემპით გავაგრძელეთ მუშაობა.
ვისწავლე სახლიდან მუშაობა, რაც საკმაოდ მერთულებოდა და არასდროს მიზიდავდა, დროის მართვა, სწორი დაგეგმვა და კიდევ უფრო დავრწმუნდი იმ ჭეშმარიტებაში, რომ მართლა არასდროს უნდა თქვა რამეზე რომ არ/ვერ გააკეთებ.
აღნიშნე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე.
საერთოდ არაა რთული ჩემი სამსახურის აღწერა პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციის ხსენების გარეშე, რადგან ამ ყველაფერზე მაღლა დგას ურთიერთობა, მხარდაჭერა, გამხნევება და მოტივაცია, რაც შემდეგ გვასტიმულირებს, რომ ვაკეთოთ კარგი და სასარგებლო საქმეები.
გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე.
ჩემს სამუშაო მაგიდაზე თითქმის არაფერი შეცვლილა, ლეპტოპი, მაუსი, მობილური (რომლითაც ეხლა ფოტოს ვიღებ) და ჭიქა წყალი. პერიოდულად იცვლება სამუშაო მაგიდა და სივრცე, რომელიც ყოველთვის მოწესრიგებულია. მუშაობას ჯერ სამუშაო მაგიდის დალაგებით ვიწყებ, შემდეგ ჩემ გონებას ვალაგებ და ვასუფთავებ და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია მუშაობის დაწყება.
გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა.
თავდაპირველი გამოწვევა იყო ის, რომ აღარ მექნებოდა საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა, რომ „ფრთებს“ ძველებურად ვეღარ გავშლიდით, ამას ემატებოდა ისიც, რომ ჩემი ყოველდღიურობა წარმოუდგენელი იყო ჩემი თანამშრომლების და საერთო ფუსფუსის გარეშე, თუმცა გამოწვევებს დისტანციურად, მაგრამ ამაყად გავუმკლავდით და კვლავ ვაგრძელებთ საერთო მიზნებისკენ სვლას.
დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან) ვისგანაც ხშირად იღებ შთაგონებას;
ვერ ვიქნები ორიგინალური და არ მეყოფა სამი ადამიანის ჩამოთვლა, რადგან ჩემზე გავლენას უფრო მეტად ის ადამიანები ახდენენ, ვის გარემოცვაშიც მუდმივად ვარ. შეიძლება შთაგონება მივიღო დიდი ხნის უნახავი მეგობრისგან, რომლის საქმიანობა, მიმდინარე წამოწყებები და ყოველდღიურობა შესაძლოა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და ინსპირაციის წყარო გახდეს.