ჩემი ალტერნატიული ახალი წელი – „365/366 – 1“

ჩემი ალტერნატიული ახალი წელი – „365/366 – 1“

ჩემი ალტერნატიული ახალი წელი - „365/366 – 1“

 

ახალი წელი და მისი ე.წ „სურნელი“ ჰაერში დეკემბრის დაწყებისთანავე იგრძნობა. საფუძვლიანად ვემზადებით ოჯახში, სამსახურში, მეგობრებთან ერთად, მარტო თუ ვინმე „ერთ კონკრეტულთან.“ ვგეგმავთ სად და როგორ გავატაროთ ახალი წლის ღამე… მთავარი ორომტრიალი დაკავშირებულია საახალწლო სუფრასთან, რაც მე ყველაზე ნაკლებად მხიბლავს…

ჩემი ალტერნატიული ახალი წელი - „365/366 – 1“

თუმცა, გამოგიტყდებით და ყოველთვის ისე ვერ ვატარებ როგორც მინდა, როგორც მიოცნებია და წარმომიდგენია. ხელისშემშლელი ფაქტორი ბევრია, თუმცა ახლა დავფიქრდი და მაინც მგონია, რომ ერთ-ერთი არასწორად და „უგემურად“ დაგეგმვაა… და კიდევ ერთი მიზეზი – ყველა და ყველაფერი უკვე დაჯავშნილია, გადატვირთული ან სხვა შემოთავაზება არ მომწონს. საბოლოდ, ვზივარ სახლში, ტრადიციულად ვაკეთებ „იმას“ რასაც ყველა: გოზინაყი, საცივი, გოჭი  და ა.შ. ველოდები 12 საათს, ან ვინმე მესტუმრება, ან მე ვესტუმრები და… ახალი წელიც მორჩა!

თუ ევროპაში ახალი წლის დაწყებას აღნიშნავენ 1 იანვარს, ბირმაში ის დგება 1 აპრილს, ესკიმოსებთან პირველი თოვლის მოსვლისთანავე. მაგრამ უფრო გასაოცარია ის, რომ ინდოეთში ახალ წელს აღნიშნავენ წელიწადში რვაჯერ. ეთიოპიაში ახალი წელი დგება 11 სექტემბერს. ის ემთხვევა დიდი წვიმების დასასრულსა და მოსავლის აღების დაწყებას. რატომაც არა?

აი, ახლა დავგეგმავ როგორი წარმომიდგენია ალტერნატიული ახალი წელი, რომლისთვისაც სულაც არ არის საჭირო იყოს 31 დეკემბრის ღამე, 12 საათი და ა.შ.

ალტერნატიული უცხო სიტყვათა ლექსიკონში ასეა განმარტებული: ორში ერთი აუცილებელი ან შესაძლებელი…

ჩემი ალტერნატიული ახალი წელი, არც მეტი არც ნაკლები, 31 დეკემბრის გარდა, ყველა დღის საღამო იქნება, აი ასე! 31 დეკემბერი სჯობს ჩემმა გარშემომყოფებმა დაგეგმონ და საუკეთსო შემოთავაზებას კი მე ავირჩევ. შესაბამისად, შედეგით არც ვინერვიულებ და ის ისეთივე დღე იქნება, როგორიც იყო 2016 წლის 2 დეკემბერი თუ 29 ივნისი 🙂
ჩემი ალტერნატიული ახალი წელი - „365/366 – 1“
ერთ სხვა დღეს… შაბათს… ღამის 12 საათზე…

არანაირი ორგანიზება ამას არ უნდა… უბრალოდ ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც მე მომინდება და რაც მთავარია, უნდა დავივიწყო პრობლემები…

თბილისში ადრე, ახალი წლის ღამეს ხალხი კარს ღიას ტოვებდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ბედნიერება სწორედ ახალი წლის ღამეს დახეტიალობს ქუჩაში და თუ კარი დაკეტილი იქნება, ის სახლში ვერ შეაღწევს. მოკლედ, ჩემი სახლის კარი ღიაა, თუმცა შესაძლოა ზოგჯერ მე არ ვიყო სახლში!

მცდელობა 1: მაგრამ თუ სახლში ვარ ან სადაც ვარ… ვაღებ ფანჯარას, რაც კი ნამდვილი ახალი წლიდან შემომრჩა ყველაფერს ჰაერში ვისვრი. თითოეული გასროლა მიზანმიმართულია – ტყვია ბოროტ სულს ხვდება და ჩემს ახალ წელს ბოროტებას სიკეთე სძლევს! ასევე ჩემს ახალ წელს დაძინებასაც არ გირჩევთ, რადგანაც შეიძლება საკუთარი ბედნიერება გაუშვათ ზოგზგოიერთებმა ხელიდან…

მცდელობა 2: საახალწლოდ ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს და კაშკაშებდეს! ამისთვის ასულაც არ არის აუცილებელი 31 დეკემბერის ღამე… შესაძლოა, სუფრაზე არ მქონდეს გოზინაყი, საცივი, გოჭი… არ მეწვიოს მეკვლე, ან არ ვეწვიო მეკვლედ… მაგრამ აუცილებლად მექნება „ის“ რაც ყველაზე ძალიან მინდა…

მაგალითად, იტალიაში, ტრადიციულად, ახალ წელს თავისუფლდებიან ძველი ნივთებისგან. რაც უფრო მეტი ძველი ნივთია გადაგდებული საახალწლოდ, მით უკეთესია. ყოველთვის მომწონდა იტალიელების ეს ფიცხი და სპონტანური ხასიათი! ასე რომ, ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ რომ თავზე დაგეცეთ უთო ან ხის მაგიდა! ეს იმას ნიშნავს, რომ გათავისუფლებულ ადგილს აუცილებლად დაიკავებენ ახალი ნივთები. ახალი წლის დადგომამდე შოტლანდიელები ამსხვრევენ ჭურჭელს მეზობლების კარებთან. ახალი წლის ღამეს არ ქრება შუქი არც ერთ სახლში და ყველა ქუჩა განათებულია… ესეც მომწონს!
ჩემი ალტერნატიული ახალი წელი - „365/366 – 1“
მცდელობა 3: და აი, მერე მივდივარ „იქ“ სადაც მელოდებიან… შესაძლოა იმაზე შორს, ვიდრე წარმოგიდგენიათ! თურმე ირლანდიაში ახალი წლის მოახლოებისას ყველა აღებს სახლის კარს. ნებისმიერს, ვინც მოისურვებს შეუძლია შემოვიდეს სახლში და გახდეს სასურველი სტუმარი. მას აუცილებლად გაუმასპიძლდებიან და საგანგებოდ მიართმევენ ერთ ჭიქა ღვინოს სიტყვებით „ მშვიდობა იყოს ამ სახლსა და მთელს მსოფლიოში!“ ჰოდა, წავედი „ჩემს ირლანდიაში”  სადაც ჩემს ალტერნატიულ ახალ წელს თავს მოვახვევ და კარი ყოველთვის ღიაა! ეს სავარაუდოდ 20 ივნისი იქნება!

p.s. რამდენად მოვასწრებ ამ ყველფერს ერთ დღეს, არ ვიცი…. თუმცა ყველა დღე ახალი წელივით ბრჭყვიალა, გრანდიოზული და სასურველი უნდა იყოს! ისე უნდა ატარებდე 365/366 დღეს, როგორც შენ გინდა!

ასე რომ, ბედნიერ 2017 წელს გისურვებთ… მხოლოდ სიყვარულმა, სიკეთემ და ბედნიერებამ „შეგაწუხოთ“ 365-ვე დღეს! დამერწმუნეთ, მოსაბეზრებელი და მოსაწყენი არ იქნება!

ჩემი ალტერნატიული ახალი წელი - „365/366 – 1“