ჩემი ოთახი

ჩემი ოთახი

ოფისი. პირველი რა მოგვდის თავში ამ სიტყვაზე? როცა ლინქდინზე ეს კითხვა დავსვი, პასუხების უმეტესობა, ხუმრობით თუ სერიოზულად, “ჟალუზები” და “გარემო” აღმოჩნდა. როგორც ამ მინიკვლევისგან დასტურდება, ოფისი ჩვენთვის უფრო ფიზიკური განსაზღვრების მატარებელია, ვიდრე არამატერიალური და, მაგალითად, შემოქმედებითი მნიშვნელობის. ის, თუ როგორ ვსაუბრობთ სამუშაო გარემოზე, მეტყველებს ჩვენზე, ჩვენს კმაყოფილებასა და სამსახურისადმი დამოკიდებულებაზე. ახლა მეორე თემა: რატომ ნაკლებად ასოცირდება ოფისი შემოქმედებითობასთან? ჩემი აზრით, ამ კითხვის პასუხი, ნაწილობრივ, პირველ აბზაცში უნდა ვეძებოთ. ყველაფრის თავი და თავი ის გარემო და ჩვენ გარშემო არსებული რეალობაა, რომელიც დაგვახვედრეს და სადაც მუშაობა გვსიამოვნებს ან გვიწევს. ამასთან ერთად, ყველას შემოქმედებითი სამსახური/სამუშაო არ გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ე.წ. არაკრეატივშიკული საქმიანობის ადამიანები რუტინულ ოთხ კედელში უნდა ისხდნენ. უბრალოდ, მჯერა, რომ ოფისი უნდა იყოს იქ მომუშავეთა ინტერესებზე(ც) მორგებული და არა მხოლოდ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, რადგან საქმეს აკეთებს (უნდა აკეთებდეს) ყველა. ასე და ამგვარად, კიდევ ერთი კითხვა დავდე ლინქდინზე და ამჯერად უკვე ფეისბუკზე: როგორ ოფისში მუშაობას ისურვებდით? რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ყველაზე ნაკლებად შემხვდა გუგლის და ფეისბუკის ოფისების მსგავსი პასუხები. კომენტარების ავტორთა უმრავლესობა უმარტივეს დეტალებს ითხოვს: ნათელ ინტერიერს, ფანჯრებს, სიმწვანეს და კარგ სავარძელს. ანუ რეალურად არაფერს, გარდა ბუნებრივი სამუშაო გარემოსა, რასაც ისედაც ვესწრაფით. რაც შეეხება ზე კომფორტულ ოფისს, ათასნაირი სიფუმფულით, თავშესაქცევით და ა.შ. ამაზე პასუხს დამოუკიდებლად გაგცემთ: ყველაფერი კარგია, რაც ყურადღებას არ გიფანტავს და მუშაობის სურვილს აღგიძრავს და არაფერი ვარგა, რაც გთენთავს და პოტენციალს გიკლავს. ახლა კი კითხვა, რომელიც სათაურში გამოვიტანე და გამიხარდება, თქვენს აზრსაც თუ მოვისმენ: როგორი ოფისი გინდათ?

 

ჩემი ოთახი ისეთი მყუდროა, ზოგჯერ მგონია, რომ აქ მოხვედრისას ვუჩინარდები.

ჩემი ოთახი იმდენად პატარაა, რომ მე დავუმეგობრდი კუებს და ლოკოკინებს.

ჩემი ოთახის დახატვა რომ გადავწყვიტე, ვფიქრობდი, სკამი რომელ კუთხეში დამედგა, რომ იმ რაკურსიდან დამეხატა და მერე გამახსენდა: ჩემი ოთახი ჩემი არ არის, ნაქირავებია.

ჩემი ოთახი ტანსაცმლის, წიგნების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ნახატების იმდენად ქაოსური ნაზავია, რომ ასეთ ჰარმონიას ძალით ვერ მიაღწევ (როგორც ყურსასმენებს ვერ გადახლართავ ისე ოსტატურად, როგორც თავისით შვებიან ხოლმე).

ჩემი ოთახი ითვისებს ყველაფერს, რომლის ადგილმდებარეობაც დაგავიწყდება. მანამ არ გამოგიჩენს, სანამ ნერვებმოშლილს არ ჩაგეძინება და 1 კვირის მერე მშვიდად დალაგებას არ შეუდგები.

ჩემს ოთახში მოხვედრისთანავე ფანტაზიის ვარჯიშს ვიწყებ.

ჩემს ოთახში, დაძინებისას, ხმამაღლა ვამბობ შელოცვებს ჩემს ენაზე.

ჩემს ოთახში თითქმის არასდროს დგება დამწვრის სუნი, რადგან შემოსასვლელი და აივნის კარების გაღებისას, გამჭოლ ქარს გააქვს გარეთ.

ჩემი ოთახის აივნიდან შემოსული ოხვრა თურმე გარეთა კარადაში ჩაბუდებული მტრედების ღუღუნი ყოფილა. ზოგჯერ გამაღიზიანებელია.

ჩემი ოთახი ისეთი პატარაა, ან მე უნდა ვიცხოვრო, ან ტარაკნებმა. მე ვაჯობე.

ჩემი ოთახი არ მოგცემს საშუალებას, დახატო 1 მეტრზე განიერი (ან გრძელი) ნახატი.

ჩემს ოთახს მაშინ შეველევი, თუ სხვა, უფრო ჩემს ოთახს ვიპოვი.

ჩემი ახალი ოთახი ჰოგვორტსის მიშველე-ოთახი იქნება.

ჩემი ოთახი