ბიზნესის მართვა და კომუნიკაცია კრიზისულ პერიოდებში

ბიზნესის მართვა და კომუნიკაცია კრიზისულ პერიოდებში

2020 წლის დასაწყისში კორონავირუსის გავრცელება მკაცრი შეხსენება იყო იმისა, თუ რამდენად აუცილებელია, ვიყოთ მზად მოულოდნელი კრიზისისთვის და რამდენად ურთიერთდაკავშირებულია დღესდღეობით მთელი მსოფლიო.

კრიზისის პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია თანამშრომლების, მომხმარებლებისა და საზოგადოების უსაფრთხოება.  ყველა ორგანიზაცია ასევე უნდა მოემზადოს, რომ მართოს ოპერაციული თუ ფინანსური რისკები, რომლებიც დაკავშირებულია პანდემიის გავლენასთან მიწოდების ჯაჭვსა და ბაზრებზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესის მდგრადობისა და უწყვეტი ფუნქციონირების შენარჩუნება, ასევე პოტენციური კრიზისების დაძლევა.

ვითარებასთან გასამკლავებლად პრაქტიკული ნაბიჯები იქნება არსებულ სიტუაციასთან ერთად შესაძლო სამომავლო სცენარების შესწავლა, ეპიდემიის უფრო ფართო შედეგების გაანალიზება და ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება.

კრიზისის სამართავი გეგმის შემუშავებისა და იმპლემენტაციისას, ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ საკითხებზე:

გადააფასე კრიზისის მართვის არსებული გეგმები

კრიზისის წარმოქმნისას არსებობს იმის საშიშროება, რომ კომპანიის მოქმედებები იქნება მხოლოდ კრიზისზე საპასუხო. ზედმეტად არ კონცენტრირდეთ უახლოეს საკითხებზე. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ მომავალი დაგეგმოთ და ახალი სცენარები განიხილოთ.

დაუსვით თქვენს თავს კითხვები: არის თუ არა კრიზისისათვის მზადება და მართვის სტრატეგია ორიენტირებული როგორც გარე, ისე შიდა კომუნიკაციაზე? რისი შეცვლაა საჭირო და რომელი ახალი სცენარები უნდა გაითვალისწინოთ არსებულ მდგომარეობაში? როგორ გეგმავთ კრიზისის დასრულების შემდეგ, საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას?

დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია

გადახედეთ თქვენს დაინტერესებულ მხარეებს, რათა ნათლად განსაზღვროთ პრიორიტეტები და მოარგოთ მესიჯები თითოეულ ჯგუფს. მნიშვნელოვანია განაახლოთ გეგმები და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია დაამყაროთ მათ პრობლემებსა და საზრუნავებზე პასუხის გაცემით.

დასვით კითხვები: შეგიძლიათ თუ არა გამოეხმაუროთ დაინტერესებული მხარეების პრობლემებს არსებულ თუ სამომავლო ოპერაციებთან დაკავშირებით? შეძლებთ შეასრულოთ რეგულაციების მოთხოვნები, განსაკუთრებით ახლები? როგორ?

სიტუაციის განვითარებასთან ერთად, აუცილებელია ბიზნესპარტნიორები მუდმივად საქმის კურსში ამყოფოთ.

შეინარჩუნეთ თანამშრომლებთან კომუნიკაცია

კრიზისის დროს თანამშრომლებთან რეგულარული კომუნიკაცია დაგეხმარებთ შეინარჩუნოთ დისციპლინა და ბიზნესპროცესების უწყვეტობა. ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორია ნერვიულობა, იზოლირებულობის შეგრძნება, განსაკუთრებით, სახლიდან მუშაობისას, ამიტომაც ახლა ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია გუნდის წევრებთან კარგი და ხშირი კომუნიკაცია. დარწმუნდით, რომ თქვენს თანამშომლებს მუდმივად სწორ ინფორმაციას მიაწვდით და დაიცავთ მათ გავრცელებული მცდარი სიახლეებისგან.

ასეთ დროს ასევე საჭიროა მეტი მოქნილობა და ნაკლები ბიუროკრატია ორგანიზაციაში, რადგანაც თანამშრომლების ჩართულობა პრობლემების გადაჭრის პროცესში ეფექტიან შედეგებს იძლევა.

ბიზნესმოდელის მორგება და ადაპტაცია

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიზისულ სიტუაციებში არსებულ ვითარებაზე საპასუხო, მოკლევადიანი გეგმები არ არის მდგრადი გრძელვადიან პერსპექტივაში. დღევანდელი კრიზისი განსაკუთრებით მწვავეა და პროგნოზირებენ, რომ უფრო დიდხანს გაგრძელდება, რადგანაც მთელ მსოფლიოსა და საერთაშორისო ეკონომიკაზე იქონია დიდი გავლენა.

ამიტომ მნიშვნელოვანია მიიღოთ გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი გადაწყვეტილებები, იყოთ მოქნილები და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოთ ცვლილებები თქვენს ბიზნესმოდელში. ამისათვის გირჩევთ, გამოიყენოთ მოსახერხებელი ხელსაწყო – ბიზნესმოდელის ტილო. მისი საშუალებით გააანალიზებთ თქვენს არსებულ ბიზნესმოდელს და მის თითოეულ შემადგენელ ნაწილს.

ქვემოთ მოცემულია ბიზნესმოდელის ტილო, რომელიც ადაპტირებულია კორონავირუსის კრიზისულ ვითარებაზე და გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც დაგეხმარებათ ახალი სიტუაციის შეფასებასა და საჭირო ცვლილებების განსაზღვრაში.

ბიზნესმოდელის ანალიზისა და ტრანსფორმაციის პროცესის გასამარტივებლად დაიხმარეთ შესაბამისი ბიზნესლიტერატურაც მაგალითად – „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ და „ბიზნესმოდელების ნავიგატორი“, რომელშიც განხილულია მსოფლიოში წარმატებული ბინზესმოდელების 55 ნიმუში. მათ შორისაა მაგალითად, გაციფრულების ბიზნესმოდელი, რომელსაც დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებით ბევრი კომპანია იყენებს. ამ და სხვა ნიმუშების შესწავლით გაგიადვილდებათ მიხვდეთ ბიზნესმოდელის რა ნაწილი შეგიძლიათ შეცვალოთ და როგორ. შესაძლოა რაიმე ინოვაციური მოდელიც კი შექმნათ სხვადასხვა ნიმუშის კომბინაციით.