ბერლინი „ნოველებად“ #ნოველებიცხოვრებაზე

ბერლინი „ნოველებად“ #ნოველებიცხოვრებაზე

#10წლის #წინ ..

ჩემი პირველი ზიარება ევროპასთან გერმანიით დაიწყო. 10 წლის წინ მეგობართან, ჰანოვერში სტუმრად ჩასულმა გერმანიის 8 და პოლონეთის 3 ქალაქი მოვიარე.  ეს იყო ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლული „დიდი გასეირნება“.

მას მერე, ტურიზმით „მოწამლული“ ევროპის სხვადასხვა  ქალაქს ვეწვიე, მაგრამ გერმანია, განსაკუთრებით კი ბერლინი, სულ სხვა ემოციად დამრჩა…

..#10წლისშემდეგ… #დაბრუნებაბერლინში

2019 წელი, 7 იანვარი. შობა საღამოს,  რეკავს ნატალია და სრაფად, ერთმანეთის მიჯრით მეუბნება: „ახლა რაღაცას გეტყვი და უცებ უნდა მითხრა კი!“ (ბავშვობიდან ვმეგობრობთ და იცის ჩემი ხასიათი, რომ „ასჯერ უნდა გავზომო“, დავფიქრდე,  გავაანალიზო, დრო გამოვნახო  და ისე მივიღო გადაწყვეტილება).

– „თხუთმეტში ბერლინში მივფრინავთ, ბილეთები ვიყიდეთ“ ..

„ბედობა“. თვითმფრინავში ვსხედვართ ოთხი მეგობარი და მივფრინავთ თამუნასთან. მაინც არავის სჯერა, თუ როგორ გადავწყვიტე  3 წუთში, არც, მე.

#მასპინძელი
თამუნა ჩვენი კლასელია. უკვე 13 წელია გერმანიაში ცხოვრობს და ერთ-ერთი პრესტიჟული  კლინიკის მთავარი პულმონოლოგია.  დინჯი,  გაწონასწორებული, საოცარი იუმორის მქონე და სტუმართმოყვარე ადამიანი, რომელიც სულ გვენატრება..

ისე ვჩქარობდით სიურპრიზის გაკეთებას თამუნასთვის, კონსპირაციული განხილვებისთვის დახურული ფეისბუქის დახურულ ჯგუფში შეცდომით „მასპინძელიც“ დავამატეთ. მერე ამოვშალეთ და ისევ დავამატეთ. მოკლედ, ამ ფუსფუსში მაინც გასკდა ამბავი. გაკეთდა მეორე, ალტერნატიული ჯგუფი „ბერლინი კულისები“, სადაც  სტუმრობის შესახებ ტექსტი, საჩუქრების შერჩევა და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი საოცარი ტემპით განიხილებოდა.

პარალელურად, თამუნაც ემზადებოდა „დიდი მიღებისთვის“…

 

#ბერლინშიდაკარგვამარტივია

რამდენადაც დიდი, იმდენად მშვიდი და მგრძნობიარე, მოწესრიგებული, მკაცრი და, ამავდროულად, ქაოსური და სტუმართმოყვარეა. ეს არის ბერლინი! ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ეკლექტური ქალაქი მსოფლიოში.

ბევრისგან გამიგია, რომ ბერლინში დაკარგვა მარტივია. ჩემთვის კი, ბერლინი ქალაქია, სადაც აუცილებლად იპოვი შენს თავს.

ბერლინის თითოეული ქუჩა თუ უბანი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც არქიტექტურით, ასევე შინაარსით. შეიძლება ქალაქის გარკვეულ მონაკვეთში ხან იტალიაში აღმოჩნდე, ხან კი უცებ თურქეთში ამოყო თავი თავისი შაურმებითა და „კომპლიმენტებით“.. თუმცა, ჩვენ დაკარგვისთვის არ გვეცალა, რადგან საუკეთესო და გამოცდილი „გზამკვლევი“ გვყავდა,  რომელსაც ჭეშმარიტი გერმანელის სიზუსტით გათვლილი ჰქონდა მასპინძლობის თითოეული დეტალი.  

ბერლინი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ევროპული ქალაქია ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით. ულამაზესი ქუჩები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები, უამრავი გრაფიტი და საინტერესო არქიტექტურა.

ამ ქალაქის  უდიდესი ტერიტორია უჭირავს პარკებსა და მწვანე საფარს. ყველაფერი ისეთი მოვლილი და მოწესრიგებულია, რომ სულ სეირნობა და თვალიერება გინდება. სუნთქვა გიხარია!

აქ თავისუფლების და დისციპლინის საოცარი ნაზავია. ეს ის ქალაქია, სადაც ფრენა მოგინდება!

#ქალაქისგამყოფიზღუდე  #თუ ..#თავისუფლებისსიმბოლო?

ბერლინის კედელი თავისი ისტორიით მართლაც საინტერესოა. კედელს ბევრი სევდიანი ისტორია უკავშირდება. ის ერთის მხრივ, დედაქალაქის ორად გაყოფას,  ტრაგედიას, ადამიანებისთვის ოჯახის დაკარგვასა და ახლობლებთან განშორებას  უკავშირდება. მეორეს მხრივ, თავისუფლების, შთაგონების, საზღვრების ნგრევისა და გაერთიანების  სიმბოლოდ იქცა.

ბერლინის კედელი – კედლის საშუალებით უამრავმა ხელოვანმა გამოთქვა თავისი სათქმელი. განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს ის  ჩემთვისაც. წლების წინ აქ მიღებულმა შთაბეჭდილებამ  ძლიერი სურვილი გამიჩინა, დავბრუნებულიყავი. ჩავიფიქრე.. და ამისრულდა!

#როგორ #აღმოვჩნდი #სხვის #სელფებში #1…
ბრანდენბურგის კარიბჭე – ბერლინის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. კარიბჭე ადგენდა საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. გერმანიის გაერთიანების შემდეგ ბრანდენბურგის კარიბჭე არის სიმბოლო წარსული ცივი ომისა და გერმანიის გაერთიანებისა. კარიბჭესთან უამრავი ტურისტი ირევა და ყველა ცდილობს ფოტოზე აღბეჭდოს ეს ისტორიული საოცრება. არც მე ვიყავი გამონაკლისი და ფოტოსესიითა და „სელფებით“ გართული მოვწყდი „მთავარ ჯგუფს“ (სამეგობროს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა). მეგობრების ძებნაში, თავზე დავადექი რაღაც დელეგაციას, რომლებიც სპეციალურად უნიფორმებში გამოწყობილნი კოლექტიური ფოტოსესიისთვის ემზადებოდნენ. აქ, თავი ვეღარ შევიკავე და გაერთიანების სიმბოლო  „კარიბჭე გავარღვიე“ და ჩავუხტი კადრში. რეაქცია ჰქონდათ საოცარი: ჯერ გაუკვირდათ, მერე გულიანად იცინეს.. მე – გავერთე!

„ის მომენტი, როცა ყველა შენ გიყურებს“

#როგორ #აღმოვჩნდი #სხვის #სელფებში #2…

მართალია, 1945 წლის მაისისგან განსხვავებით, რაიხსტაგი მხოლოდ შენობის სახელწოდებაა,  მის გუმბათზე მოხვედრა დღესაც გარკვეულ წინაღობებთან არის დაკავშირებული. უამრავი ტურისტი მხოლოდ  წინასწარი რეგისტრაციის, უზარმაზარი რიგებისა და უსაფრთხოების მკაცრი კონტროლის გავლის შემდეგ ახერხებს მის გუმბათზე ასვლას. მსურველთა რაოდენობა არასდროს წყდება.

პირველი, რაც თვალში გხვდება, შუშის გუმბათიდან დანახული ბერლინის ულამაზესი პანორამაა. საოცრად დადებითი აურა. თან სიმშვიდეა, თან აურზაური. ყველა გიღიმის, ყველა კეთილგანწყობილია. ყველა ცდილობს ბევრი ფოტო გადაიღოს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოხვდება მის კადრში, ან ვის კადრში აღმოჩნდება თვითონ.  მთავარია, უკვდავყონ რაიხსტაგის გუმბათზე ყოფნის მომენტი.

მართალია, ქანთარიასავით რაიხსტაგიდან დროშა „ვერ დავკიდენ“, გერმანელი ბავშვების წინ „სელფის“ ჯოხი მაინც „აღვმართენ“.

ასე აღმოვჩნდი მე მათ კადრში, თუ ისინი ჩემსაში, კაცმა არ იცის. მედალს ხომ ორი მხარე აქვს.

#ჩემი #ეკლექტური #ბერლინი. 

ბერლინის ცენტრი – Alexander Platz. აქ მუდამ ტურისტები ირევიან.

გოთური ნაგებობებიდან  გამოსული ელექტრომუსიკის ხმა ერევა სტარ ბაქსის ყავის სუნს, ბაროკოს სტილში ოჯახური რესტორნის მიღმა თვალს გჭრის სავაჭრო ცენტრის კაშკაშა განათება, ველობილიკს მიყავხარ აკადემიურ მუზეუმთან „სთრით არტის“ აჭრელებული ქუჩის გავლით. სწრაფი კვების ობიექტებიდან  ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ულვაშებიანი პერსონალი ღიმილით ეგებება ტყავის ხელთათმანიან კონსერვატორიის სტუდენტს..

მოკლედ, თითქმის ყველაფერია, რასაც მოისურვებ.

ჩემთვის ეკლექტური ბერლინი – სადაც აუცილებლად დაიკარგები ან იპოვი საკუთარ თავს.

 #შემდეგი #გაჩერება #ფილარმონია

ერთხელ მაინც უნდა მოხვდე  ბერლინის ფილარმონიაში! ეს არც თუ ისე მარტივია. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მე გამიმართლა! არაჩვეულებრივი ჯაზის საღამო The Big Chris Barber Band-ის შესრულებით, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში და, ალბათ, კიდევ დიდი ხანი გამყვება.

მიუხედავად მცირე დროისა, არ შეიძლება ბერლინი ისე დატოვო, არ ესტუმრო პოპულარულ  ელიტარულ ჯაზ-კლუბს A-Trane-ს, რომ არ მიირთვა ნამდვილი გერმანული კანჭი და უგემრიელესი ლუდი Berliner Republik-ში, ასევე, არ დაბრუნდე ამ ქალაქში სიმპატიური და  სტუმართმოყვარე ფაბიოს მორთმეული „სართულებიანი“ და მრავალფეროვანი ნაყინის კვლავ დასაგემოვნებლად (Caffé e Gelato Gmbh & Co. KG).

 

და თუ  #რამდენი #რამ #მაქვს #მოსაყოლი – ამისათვის არსებობს   მყუდრო და საყვარელი კოქტეილ ბარი Vincent – Piano Bar Berlin. ნახევრად მბჟუტავი განათება, სხვადასხვა ფორმისა და ზომის სანთლები, მუსიკა ცოცხალი შესრულებით, ინტერიერი მორთული ვან გოგის ნახატებით, ბევრი კოქტეილი, ძვირფასი ადამიანები. მეტი რა გინდა სხვა? კიდევ რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი.. თუმცა, ეს უკვე სხვა „შეხვედრაზე“.

პ.ს. აქ დაიგეგმა ჩვენი „მზაკვრული“ სამომავლო გეგმები. 

#სიყვარული #მოიტანა

ბერლინი –  ყველგან სიცოცხლე  და ენერგია დუღს! ბერლინი ქალაქია, სადაც ცივ ამინდშიც კი დიდი სითბო ტრიალებს. ყველა ბედნიერია.  ეს ის ქალაქია, რომელიც სტიმულს გაძლევს, იმედს გიჩენს, საუკეთესო გადაწყვეტილებებს მიგაღებინებს, ყველაზე თამამ გეგმებს  დაგასახინებს და, რაც მთავარია, სიყვარულზე გაფიქრებს.

თამუნა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამდენი დადებითი ემოციისთვის, დაუვიწყარი მომენტებისა და შესაძლებლობებისთვის!

სადაც არ უნდა წახვიდე, ეცადე სიყვარული მიიტანო…