ყველაფერი, ჯერ კიდევ, შარშან დაიწყო… სრულიად დაუგეგმავად და მოულოდნელად…
ერთ-ერთ უწყინარ ღონისძიებაზე მოვხვდი, უფრო სწორედ, რადიო „იმედის“ „ოქროს დაბადების დღეზე“. უამრავი ნაცნობი, უამრავი გემრიელობები, სასიმოვნო მუსიკა და გარემო, საჩუქრები… სხვა მეტი რა გინდა მძიმე სამუშაო დღის ბოლოს?! მით უფრო როცა მძიმე პარასკევი გამოიარე! (დღე, რომელიც ზოგჯერ ორშაბათსაც კი წონის ზესიმძიმით!)
ტრადიციულ გათამაშებაშიც კი მივიღე მონაწილოება, ტრადიციული წაწუწუნებით „მაინც ვერასდროს ხომ ვერაფერს ვიგებ“… მხივლავს ეს მომენტი!
ვაღიარებ, ბოლო დროს იმდენი ვიწუწუნე, პატარა-პატარა მოგებებსაც გამოვკარი ხელი.
ამ დღესაც ასე მოხდა… ნიკა წულუკიძის ხმამ სრულიად გამომაფხიზლა: „ნომერმა 116-მა მოიგო მოგზაურობა…“ სიმართლე გითხრათ, კარგად ვერ გავიგე სად მოგზაურობა, მაგრამ მთავარია რომ რაღაც მოვიგე… გახარებული ავარდი, გაკრეჭილი და გაოცებული! ისე, დიდი ხანია ვგეგმავ, ვგეგმავ ბარსელონაში მოგზაურობას მაგრამ… ამჯერად, ოდნავ მაინც გამიმართლა „ბარსელონა“ არა მაგრამ „ბაქოში მოგზაურობა“ მხვდა წილად ტურისტული კომპანია „გოო ტურისგან“… მშვენიერია მოგება… , თავი იმით დავიმშვიდე და დამამშვიდეს კეთილისმსურველებმა, რომ ორივე ხომ „ბ“ ასოთი იწება.. ხოლო ამის მერე ბარსელონაც იქნება… წლის დასასრული ასეთი დასაწყისისთვის მშვენიერიაო…
ერთი სიტყვით ბაქოში ტური დაიგეგმა მარტში…
7, 8 და 9 მარტი, ცოტა შორის კი მომეჩვენა, რადგან მაშინ, ჯერ კიდევ, დეკემბერი იყო..მაგრამ ისე მალე მომადგა ეს გამგზავრების თარიღი… „აზერბაიჯანული მანათების“’ შეძენაც ძლივს მოვასწარი…
საგზური ორკაციანი იყო.. შესაბამისად, ვინმე აუცილებლად უნდა წამეყვანა.. ხოდა იმ „სიხარულების ჟამს“, ვინც ჩემს გვერდით იყო – ჩემი მარო დავიმგზავრე… მარო.რომელიც ბავშვობიდან ასეთია: „ოღონდ ჩემთან ერთად იყოს ყველგან წამოვა…“
ყველაფერი კარგად დაიწყო, ვიდრე…
მარო თან რომ მახლავს, სულ დამავიწყდა, რომ რაღაცას ჩაიდენდა აუცილებლად… ისიც სულ დამავიწყდა რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ჯერ კიდევ აი, ის დროა, „ფული რომ ჯოჯოხეთს ანათებს…ჯერ კიდევ!“
მშვიდად გადმოვლახეთ საფეხმავლო საზღვარი… მოვსეირნობთ ახლა უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და მარო ისე მოაგრიალებს ჩემს ჩემოდანს. ვიცოდი აუცილებლად „სასწაულს“ იზამდა.. და ია… მანქანას „ისე გადაურა“, ე.წ. ვამპერიც ისე მოგლიჯა… უკანაც არ მოუხედავს!
ეჰ, მაშინ დავაფასე ჩემი ქართველი ბიჭები, ჩემი ჯენტლმენი ბიჭები…. დარწმუნებული ვარ ისინი ამას არ იზამდნენ…ზუსტად ვიცი! მანქანიდან ჩვენი მასპინძელი და სტუმართმოყვარე ბიჭი გადმოხტა და თავის ენაზე „სამართლის აღსრულება“ მომთხოვა… ერთი კი გავარკვიე, სადღაც რეკავდადა რაღაცას მანიშნებდა… ჩემს ჩემოდანს კი, ხელს არ უშვებდა… ბოლოს მიმახვედრა „10 მანათი“ უნდოდა და გამიშვებდა… ამოვისუნთქე და 10 მანათის ნაცვლად „აკაკი წერეთლის პასპორტი“ ჩავახუტე და ასე დავეხსენი. დიდი ხანი კი, აკვირდებოდა და ატრიალებდა, დარწმუნებულ ვარ ვერც „გამზრდელი“ გაიხსენა და ვერც „ბაში აჩუქკი“ მაგრამ დაილოცოს არითმეტიკა 10 ხომ 10-ია ყველა ენაზე… დაწყნარდა და დამშვიდდა!
10-12 საათიანი გზა…
გამოგიტყდებით მთელი გზა მეძინა და მაიტომ ვერაფერს გავიხსენებ… თან ისედაც ღამე იყო!
გამთენიისას ბაქოს განაპირა სოფელში გავჩერდით. წარმოიდგინეთ რიკოთზე რომ გააჩერებთ, რიკოთზე თუ არა სურამში მაინც, დასასვენებლად…
ერთი შეხედვით „ზოოპარკი“ იყო.. თუმცა სულ რღაც 5-6 სახეობის ფრინველი და ცხოველი თუ იქნებოდა.. ისიც ზოგიერთი გარეთ ნავარდობდა, ზოგიც გალიაში განისვენებდა…
და აი, პირველად ვიგემე აზერბაიჯანული წესით დაყენებული ჩაის გემო და სურნელი .. დიდად მომხიბვლელი გარემო არ იყო მაგრამ.. ერთი რამ შევმჩნიე: სისიუფთავე ჩვენი მეზობლების ცხოვრების წესი ყოფილა…
და, აი, ბაქოც გამოჩნდა…
ბაქო – ეს არის ქალაქი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა მოინახულო… გარდა იმისა, რომ მოგზაურობა გართობისა და განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. ახალი ქვეყნისა და ხალხის გაცნობას ახალი ემოციები ნადმვილად მოაქვს. ბაქოში შაბათი-კვირის გატარება სავსებით საკმარისია
თუ თქვენ, ჩემსავით ვერ მოიგეთ, გული არ დაგწყდეთ. მაგრამ სულ რაღაც სამიოდე ასეული ლარი პასპორტთან ერთად გიჭირავთ ხელში და არ იცით სად წახვიდეთ, რაში გამოიყენოთ ეს თანხა, იცოდეთ, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში მოგზაურობა საოცარი იდეაა. ეს არის ქალაქი, სადაც ასფალტი მუდამ ბზინავს და პრიალებს… მართალია, მუდამ ქარია თუმცა არ გადარდებს…მოკლედ თუ მოგზაურობის ‘’ლომკა’’ გაქვთ და დროსა და ფულში შეზღუდულები ხართ ბაქო იდეალური ვარიანტია.
ბაქოში თავს უცხოდ, ნამდვილად ვერ იგრძნობთ. რატომ? იმდენი ქართველი ტურისტი მოძრაობს შენს გარშემო, ზოგჯერ მავიწყდებოდა სად ვიყავი….
როგორც წესი, დიდ გზაზე წასვლა ყველასთვის დისკომფორტის შექმნასთან ასოცირდება, მით უფრო, თუ მგზავრობა მიკროავტობუსით გიწევთ. 10-12 საათი ერთ მდგომარეობაში – მგზავრობის ეს სიამოვნება გამოვცადე და დარწმნებული ვარ აღარ გავიმეორებ 🙂 სულ მცირე მატარებელზე გავაკეთებ არჩევნას, თქვენც ამას გირჩევთ!
ჩასვლისთანავე, 2-3 საათი ძილს მივუძღვენი, განა იმიტომ რომ ახალი ქალაქი უძინარს არ დამეთვალიერებინა, არა უბრალოდ ეს ის მდგომარეობაა რაც საქართველოში მუდამ მაკლია, მუდამ მის დეფიციტს განვიცდი და მუდამ მისი მოთხოვნილება მაქვს… და მუდამ უძილობთ ვიტანჯები!
მოგვიანებით, ქალაქის ქუჩებში დავიწყეთ სიარული და პირველ დღეს დაახლოებით 20 კმ მაინც გავიარეთ….
და მაინც, რა ვნახოთ ბაქოში ანუ მე რა ვნახე ბაქოში
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბაქო ძალიან, ძალიან სუფთა ქალაქია. შენობები შეღებილია ერთ ტონში – კრემისფრად. ფერმა დიდად არ მომხბლა, მოწყენილი მეჩვენა, თუმცა ეს ფერი ქალაქს ელეგანტურ იერს ნადმვილად აძლევს. ქალაქში სიარულის დროს გავოცდი: არასაცობი, არატოტალიზატორი და არაკაზინო. ქუჩებში სიმშვიდეა და მანქანების ხმაური სულაც არ გაწუხებს. საღამოობით კიდევ უფრო სიწყნარეა.
ბაქოში მიწისქვეშა გადასასვლელები მუზეუმებს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე გადასასვლელს. იქ ყოფნა ნამდვილად გესიამოვნებათ, რადგან სისუფთავესთან ერთად მარმარილოთი ნაკეთებ კედლებზე შესაძლოა სხვადასხვა ნახატიც აღმოაჩინოთ. მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლა სულაც არ დაგეზარებათ, რადგან ბაქოში ყველა გადასასვლელზე ესკალატორია დამონტაჟებული, რაც მეტ კომფორტს შეგიქმნით სიარულის დროს.
ჩვენი არ იყოს, ბაქოელებშიც „ზებრას კულტურა“ ნამდვილად განვითარებულია და მიუხედავად იმისა, რომ ტაქსიში ყოფნის დროს საკუთარი თავი შეგეცოდება, ეს რა ვქენიო გაიფიქრებ, რადგან მძღოლები მანქანებს საშინლად ატარებენ, არღვევენ წესებს, ჰოი საოცრებავ, ზებრა გადასასველზე ყველა მათგანი ჩერდება და ქვეითს უთმობს გზას. დარღვევისას იმდენი კითხვა გამიჩნდა, ბოლოს დავინტერესდი და ვიკითხე: პოლიციამ რომ გაგაჩეროთ რას იზავთ მეთქი, გაეცინათ – 5 მანათი და თავისუფალი ხარ… – იყო პასუხი. „გაიშნიკების“ დრო გამახსენდა….
ძველი და ახალი ბაქო…
ძველი ბაქო ძველი შენობებით მოგაწონებთ თავს, ახალი კი ულამაზესი ცათამბჯენებით არის გამორჩეული, თუმცა ალაგ-ალაგ ისეთ ეზოებსაც შეხვდებით თბილისში „იტალიურს“ რომ ვუწოდებთ.
ჩაი აზერბაიჯანელებისთვის იმდენად საყვარელი სასმელია, რომ შუა ზაფხულშიც კი, როცა ტემპერატურა 40 გრადუსზე მაღალია, ბაქოელები სიამოვნებით შეექცევიან მას. სწორედ იმიტომ, რომ ზაფხულის პერიოდში ამ ულამაზეს ქალაქში ძალიან ცხელა, იქ სამოგზაუროდ წასვლა გაზაფხულზე შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ამაში ნამდვილად გამიამრთლა! ბაქოსთვის სიცხესთან ერთად ქვიშიანი ქარებიც არის დამახასიათებელი, რასაც ქალაქში მდებარე კასპიის ზღვა განაპირობებს. იმ ხედისთვის კი, რომელსაც ზღვა და ქალაქი ერთად ქმნის, ნამდვილად ღირს ქარიანი ბაქოს ატანა. განსაკუთრებით კასპის ზღვაზე გემით გაშრიალება ერთი სიამოვნებაა…
სასტუმროში მისვლამდე კი თუკი გზაში დაიკარგეთ, ყველა შეეცდება თქვენს დახმარებას, თუმცა თუ რუსული არ იცით, ხელ-ფეხით მოგიწევთ იმის ახსნა, თუ რას ეკითხებით და სად გსურთ რომ წახვიდეთ. ბაქოში მხოლოდ მცირე პროცენტმა იცის ინგლისური და მათ არ ესიამოვნებათ თუ თურქულად ან რომელიმე სხვა ენაზე დაელაპარაკებით. ერთი რამ, ნამდვილად გამიკვირდა, კაფეებსა და რესტორნებში მენიუ მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზეა, რამის გარკვევა თუ მოინდომეთ ან თანდართული ფოტოთი უნდა მიხვდეთ ან მიმტანს აახსნევინოთ. მაგრამ თუ გაიგეს, რომ ქართველები ხართ, მათი პატივისცემა თქვენდამი წამში ერთიორად იზრდება, რადგან „გურჯები“ მათთვის საყვარელი ხალხია.
ბაქოს ძველი ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები 12-ე საუკუნის მაიდანის კოშკი და 15-ე საუკუნის შირვანშაჰის სასახლეა. მეიდანის კოშკი დღეს მუზეუმადაა ქცეული და სტუმარს საუკუნეების განმავლობაში ქალაქის განვითარების ისტორიას უყვება. თითოეული სართული ბაქოს ისტორიის ახალ ეტაპს წარმოადგენს. კოშკის ბოლო სართულიდან კი პანორამული ხედები იშლება ბულვარსა და კასპიის ზღვაზე. კოშკის მონახულების შემდეგ, პატარა, ქვაფენილიანი ქუჩები შირვანშაჰის სასახლესთან მიგიყვანს. კომპლექსი რამდენიმე შენობას მოიცავს, აქ შეგიძლია ნახო ძველი მეჩეთი, ძირითადი შენობა სადაც აზერბაიჯანის კულურულ მემკვიდრეობას შეგიძლია გაეცნო, აბანო და მავზოლეუმი.
ქვაფენილზე, გზად სწორედ იმ სარდაფს წააწყდებით სადაც ფილმი „ბრილიანსტის ხელი“ გადაიღეს! ეს ის სადარფია, რომლის წინ თუ წაიქეცი შეიძლება შიგნით არავინ შეგათრიოს და ბრილიანტით სავსე თაბაშირის ხელით არ გამოგიშვათ, მაგრამ ცხელს ჩაის აუცილებლად შემოგთავაზებენ.
მინიატურული ლიტერატურის მუზეუმი
მინიატურული ლიტერატურის მუზეუმი აუცილებლად სანახავი ადგილია. აქ წარმოდგენილი წიგნები ზარია სალაჰოვას პირადი კოლექციაა, რომელმაც 6,500 წიგნი 65 სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინა. 2002 წლიდან მუზეუმი გაიხსნა და მისი დათვალიერება უფასოდ შეგიძლია. ცნობილ ლიტერატურულ შედევრებთან ერთად, მუზეუმს იშვიათი ეგზემპლარებიც აქვს. მაგალითად, 17-ე საუკუნის ყურანი, წიგნი რომელიც 13-ე საუკუნეში გუტენბერგის შთამომავალმა გამოსცა და იმდენად პატარა წიგნები რომლის ნახვა მხოლოდ გამადიდებელი შუშით შეგიძლია. აქვე ნახავთ ქართულ ლიტერატურასაც.
ნასიმის ქუჩა
ნაზიმის ქუჩა ყველაზე დიდი ფეხითმოსიარულეთა ქუჩაა, სადაც უამრავი სავაჭრო და გასართობი ცენტრია განთავსებული.ქუჩას აზერბაიჯანელი, ცნობილი პოეტის სახელი ქვია. აქ ნახავთ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდ მაღაზიებს, ბანკებს, საელჩოებსა და კვების ობიექტებს. სწორედ ამიტომ მიიჩნევა ნაზიმი მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირადღიებულ ქუჩად.
ბაქოს ვენეცია
ე.წ. „პატარა ვენეცია“ ხელოვნური არხია, რომელიც რამდენიმე კუნძულს ლამაზი თაღებით აკავშირებს. ეს პატარა ატრაქციონი ვენეციის ანალოგია თავისი გონდოლითა და მომსახურე პერსონალის ჩაცმულობით. გონდოლით გასეირნება 6-8 წუთს გრძელდება. ქარის გამო ვერ გავისეირნე თუმცა გარემოთი ნადმვილად დავტკბი!
ბულვარი
3 კმ სიგრძის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ბაქოს სტუმრებისთვისაც. აქედან კარგად ჩანს ბაქოს სავიზიტო ბარათი – ცეცხლოვანი კოშკები. ბულვარში ყოფნა განსაკუთრებით მაშინაა კარგი, როდესაც კოშკები სხვადასხვა ფერებად ინთება. თუ ცოტა დასვენება და განტვირთვა გსურს, შეგიძლია პატარა კაფეში ჩაის სმითა და კასპიის ზღვის ხედებით დატკბე. ან გაიხსენო ბავშვობა და რამდენიმე ატრაქციონს ეწვიო. აზრბაიჯანში სტუმრობისას ჩაით ნადმვილად ვისიამოვნე.
ჭამე, როგორც ადგილობრივმა
აზერბაიჯანული კერძები ძალიან გავს თურქულ და ირანულ სამზარეულოს. აქაური კერძები სავსეა ხორცითა და ბოსტნეულით. ყველაზე ცნობილი საკვები რაც უნდა გასინჯო არის ბრინჯის კერძი ზაფრანითა და მწვანილებით.ქართული სამზრეულოს მსგავსად, აზერბაიჯანელებიც ხშირად მოიხმარენ კაკალს. ქაბაბი და მწვადი ყველაზე პოპულარული კერძებია. ერთი სიტყვით შიმშილი ნადმვილად არ შეგაწუხებს. დააგემოვნე ნამდვილი აზეიბაიჯანული სამზარეულო და სამი დღით მაინც დიეტაზე ნუ ფიიქრებთ. ბოლოსდაბოლოს ორშაბათიდან დაიწყეთ.
და ბოლოს,
სამი დღისგანმვალობაში ფეხით გავიარე 100 კილომეტრზე მეტი, მივიღე ლიტრობით წყალი და ჩაი, ჩავყლაპე უამრავი ჟანგბადი, უარი ვთქვი ყავაზე, როგორც ამბობენ, „თვალსაც წყალი დავალევინე“….დავტკბი უსაქმურობით 🙂 ამ ყველაფერს ჩემს სამშობლოში ვიზღუდავ… უბრალოდ არ მცალია საკუთარი თავისთვის!