ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, თინათინ სამყურაშვილი 2023 წელს აფასებს.
2023 წელი რომ კამპანია იყოს, როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა?
2023 წლის მთავარი თემა ალექსანდრეა, ჩემი მეორე შვილი, რომელიც წლის ბოლოს გაჩნდა. ანუ წლის 3/4 ორნი ვიყავით ერთ სხეულში და ყველაფერი, რაც ამ პერიოდს უკავშირდება, ვფიქრობ, ერთად შევძელით. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წელი იყო, ბევრი საინტერესო და კომპლექსური პროექტი ვმართეთ და საკუთარი გადაწყვეტილებით, ბოლო დღემდე ვიმუშავეთ. (აბა სახლში რა გაგვაჩერებდა:) ამიტომ ამ წლის კამპანიური გზავნილი იქნებოდა “ორსულებს ყველაფერი შეგვიძლია”.
რომ შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენ თავს და რას შეცვლიდა ეს მიდგომა?
ნუ გააკეთებ იმაზე მეტს, რაც არ გევალება და არავინ მოელის შენგან იქამდე, ვიდრე თავად არ დაივალდებულებ ამით თავს. ამ მიდგომით შესაძლებელი იქნებოდა მეტი ფულის გამომუშავება და დროის უკეთ მართვაც:)
2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად?
ჯეპრას სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ამ წელს კიდევ ერთხელ მომიწია მენტორობა. 6 თვის განმავლობაში, რამდენიმე ახალგაზრდას რეალური გამოცდილების დაგროვებაში, ამ სფეროში ცოდნის, პროექტის მართვის უნარების, პასუხისმგებლობების აღებისა და თავდაჯერებულობის შეძენაში დავეხმარე. ვთვლი, რომ მათი წარმატება და შედეგები ჩემი პროფესიული მიღწევაც არის.