ჩემთვის ეს იყო აქტიური, ნაყოფიერი, საინტერესო და სასარგებლო წელი.
დიდი ხანია ჯეპრას საოპერაციო საქმიანობაში აქტიურად არ ვარ ჩართული, თუმცა ბიზნესისა და დარგის განვითარების კუთხით, მათ შორის, სპეციალისტების პროფესიული ზრდის მიმართულებით, ინტენსიურად ვეხმარები კომპანიის ხელმძღვანელობას.
2019 წლის ბოლოს, ჯეპრას სტრატეგიულ შეხვედრაზე არ დამიფარავს კმაყოფილება კომპანიის ახალი თაობის წარმომადგენლების ფანტასტიკური შედეგების გამო.
სტანდარტი და სტანდარტიდან გამომდინარე პროფესიული კომპეტენციის თამასა, რომელიც დავაწესეთ კომპანიაში, ერთგვარი მანიშნებელი და მაჩვენებელი გამოდგა ცოდნის მიღების, უნარების გაძლიერებისა და ახალი კომპეტენციების გაზიარების კუთხით.
ორთვიანი ინტენსიური შიდა ტრენინგ-ციკლი, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებში სემინარები და სამუშაო შეხვედრები, პრაქტიკული მეცადინეობებისა და საქმიანობის პარალელურად თეორიული ცოდნის მიღების შესაძლებლობა, სიახლეების მუდმივი ძიება და შემდეგ პრეზენტირება, ცხარე დისკუსიებისა და ინოვაციების დანერგვის უწყვეტობა – ასეთი იყო პროგრამა „ჯეპრა დიდაქტიკოსის“ ამოქმედების შედეგები და ეს არის წლის განმავლობაში განხორცილებული ღონისძიებები, რომელმაც შთამბეჭდავი შედეგი მოგვიტანა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჯეპრა არის ყველაზე ძლიერი საკონსულტაციო კომპანია თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე.
ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო?
ერთი ცუდი ჩვევა მაქვს. ძალიან სწრაფად ვივიწყებ წარმატებას და სწრაფადვე გამოვდივარ გამარჯვების ეიფორიიდან. შეიძლება ეს, ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ხშირად უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს
მახსენდება, სცენა ბაში-აჩუკიდან, ჯერ სალამი არ გამითავებიაო, დაჟინებით რომ იმეორებდა აბდულშაჰილი. ასე ვარ მეც. გურჯაანის ღვინის ფესტივალი დასრულებული არ იყო (30000 ვიზიტორითა და 250-ზე მეტი მონაწილით საქართველოში ყველაზე მასშტაბური ფესტივალი გამოდგა), გუნდის თათბირი რომ მოვიწვიეთ, შემდეგი ფესტივალის ჩატარების თარიღი დავთქვით, შეცდომების გაანალიზება დავიწყეთ. ამ დროს ახტალის პარკში „ლაუდსპიკერსის“ კონცერტი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
აქედან გამომდინარე, ემოციური შეფასების გაკეთება გამიჭირდება. უბრალოდ შევეცდები გავიხსენო რა გავაკეთეთ ამ წელს აღსანიშნი და წარმატებასა და წარუმატებლობაზე ცივი გონებით ამის შემდეგ ვიმსჯელებთ.
რისი შესრულება ვერ შეძელი და რაზე გწყდება გული?
ასეთი რამ ბევრია, სამწუხაროდ. ვერ დავასრულეთ თარგმანი და რედაქტირება, და ამის გამო ვერ გამოვეცით ორი ძალიან საინტერესო წიგნი. განსაკუთრებით დასანანია ადიზესის „კომპანიების საციცოცხლო ციკლის“ გამოცემის გადავადება, რომლის თარგმანზე მუშაობაც მართლაც ვარსკვლავურ გუნდში მიწევდა.
ვერც BABOK-ის (A Guide to the Business Analysis Body of Knowledge) და ვერც PMBOK-ის (The Project Management Body of Knowledge) თარგმნაზე დავიწყე მუშაობა და ალბათ ეს პროცესი კიდევ გადაიწევს, თუნდაც იმის გამო, რომ პროექტების მართვის ინსტიტუტი ძირეულად ცვლის როგორც მიდგომებს, ასევე ზოგადად მექანიზმებს. დაველოდებით PMBOK-ის მეშვიდე გამოცემას.
პროფესიულ სტანდარტებზე მუშაობა გაჭიანურდა და შესაბამისად, ჯერ კიდევ პროცესშია ეფექტიანობის საკვანძო მაჩვენებლებისა და კომპეტენციების საკვალიფიკაციო რუკის თანხვედრის მექანიზმების ჩამოყალიბება.
ვერ მივაღწიეთ შიდა კონსესუსს ჯეპრას ეკოსისტემის ფუნდამენტური და ცენტრალური მამოძრავებელი ბირთვის მკაფიოდ ჩამოყალიბებაზე. ალბათ კიდევ ბევრი სჯა-ბაასი, კამათი და დისკუსია დაგვჭირდება ამისთვის.
კომპანიაში ტრანსფორმაციის პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ყველა ერთად უნდა ვეცადოთ მისი მტკივნეული ნაწილის დაძლევას, რათა ბაზარზე ძალიან მალე კიდე უფრო საინტერესო პოზიციონირებითა და პოზიციით წარვდგეთ.
ამ ამბიციის გაცხადების უფლებას, ჯეპრას თანამშრომლების უაღრესად მაღალი მოტივაცია მაძლევს. ზაფხულის შუალედურ სტრატეგიულ შეხვედრას და ჯეპრას გეგმების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის პროცესს, წინა წლებისგან განსხვავებით (რომელსაც მეტწილად დირექტორი ან პარტნიორები წარმართავდნენ), ჩვენი ახალი თანამშრომელი, ჩვენთან სტაჟირებაგავლილი ანუკი ცხოვრებაძე ხელმძღვანელობდა. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ მის მიერ შემოთავაზებული მაჩვენებლების ბალანსირებული სისტემის მეთოდოლოგია ერთხმად იქნა მოწონებული და დღეს სწორედ მისი დახმარებით ვსაქმიანობთ.
რას გეგმავ 2020-ში?
სემინარებით, ტრენინგებით, საჯარო ლექციებითა და სამუშაო შეხვედრებით უნდა მოვიარო საქართველო. ვგეგმავ ზუგდიდის, თელავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებში ჩასვლას. თსუ-ში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, გაუში, ილიაუნიში, ნიუვიჟენში, სეუსა და თავისუფალ უნივერსიტეტებში ღია ლექციებს.
ილიაუნიში ვიქნებით სტუდენტური კონკურსის „მარკეტინგული ომების“ მხარდამჭერები, საქართველოს უნივერსიტეტში საქართველოში პირველი პიართონის ორგანიზატორები და მხარდამჭერები, პირველი სტუდენტური საკომუნიკაციო პორტალის „უპრიანის“ თანადამფინანსებლები, და კიდევ ბევრი საინტერესო წამოწყების თანამონაწილეები. რომელიც პროფესიული განათლებისა და ჩვენი დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მიხარია, რომ 2020-ში უფრო პროდუქტიულები ვიქნებით ბიზნესლიტერატურის, უცხოენოვანი ბიზნეს-ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემის კუთხით. ჩემი გათვლებით, 2020 წელს მინიმუმ 5-6 ბესტსელერს შევთავაზებთ მკითხველს, რითაც კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ „სპოთლაითი 2018“-ზე გაცხადებული დაპირების შესასრულებლად: ჯეპრას 20 წლის იუბილეზე, 2022 წლის ბოლომდე, ბიზნესლიტერატურის 20 ბესტსელერს გამოვცემთ.
ნებართვა არ ამიღია, და ამიტომ თავს შევიკავებ პიროვნების დასახელებისგან, მაგრამ არ შემიძლია ეს სიახლე არ გავამჟღავნო: ინიციატივით მოგვმართა სფეროს ერთ-ერთმა ყველაზე აღიარებულმა და წარმატებულმა სპეციალისტმა და მასთან ერთად ვაპირებთ პიარის სპეციალისტების ეთიკის კოდექსის შემუშავებაზე მუშაობას და პიარის ერთ-ერთი საუკეთესო ბესტსელერის ქართულ ენაზე გამოცემას.
არ დავივიწყებ გურჯაანს და მის გადასარევ ფესტივალებსაც. ღვინისა და კულინარიის ფესტივალებს, წელს ხილის განახლებული ფესტივალიც დაემატება.
ჯეპრას განვითარებაშიც ახალი ეტაპის ამოცანები იქნება გადასაჭრელი. კომპანია მეილმარკეტინგისა და დიჯიტალ მარკეტინგის მიმართულებით აპირებს ძალების მოსინჯვას, ძლიერდება მენეჯმენტ კონსალტინგის დეპარტამენტიც.
ჩემთვის პიროვნული გამოწვევაა, ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე მცდარი და პროპაგანდისტული სიცრუის, ე.წ. ყალბი ნიუსების გავრცელება, ანტიდასავლური აგიტაციის მანქანის მოქმედებების გამოაშკარავება და სიყალბის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა.
შევეცდები, ამ მიმართულებას ჩემი დროის უფრო მეტი ნაწილი დავუთმო და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ამ საქმეში.