ხშირად ვფიქრობ – ყოველთვის აღვიქვამთ თუ არა სწორად იმას, რასაც ვხედავთ, გვესმის ან გვიზიარებენ.
ვნახულობდი ახალ ინსტალაციას, ნახატს, ვკითხულობდი ახალ წიგნს და მიჩნდებოდა კითხვა – შევძელი კი სწორად გამეგო შინაარსი?
ავტორის ჩანაფიქრი სიტყვასიტყვით, უცვლელად მინდოდა მცოდნოდა. საბოლოოდ, ამ ფიქრებმა იმ აზრამდე მიმიყვანეს, რომ ყველაფერი პირობითია და ზოგი ამოცანა ამოუხსნელი რჩება.
ეს წინასიტყვაობა ერთმა კონკრეტულმა სკულპტურამ განაპირობა. თითქოს არაფერია მასში ისეთი, მაგრამ დიდ ხანს ვერ ვწყვეტდი თვალს. განა იმიტომ, რომ ლამაზია (რაც უდაოდ სიმართლეს შეესაბამება), არამედ იმიტომ, რომ როგორც კი შევხედე, დავიწყე ფიქრი, ამუშავდა ანალიზის პროცესი და წარმოსახვა და გამიჩნდა სურვილი, ამ ფოტოს გაზიარების შემდეგი ქვეტექსტით :
დამაფიქრა… გამახსენდა, რომ ადამიანი მართლაც ჭურჭელია – რასაც ჩაასხავ ის გადმოვა. მშვენიერი შედარებაა. უფრო დრამატული იქნებოდა ნაკადი რომ წყდებოდეს და აღარ იღვრებოდეს მეორე ჭურჭლიდან, ბოლომდე შთაინთქას… ან პირიქით, მონაცვლეობით ისხმეოდეს.
რა შუაშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? ბევრი პრობლემა ჩნდება არასწორად გაგებული ამოცანიდან. როგორც კი ადამიანი მიიღებს არასწორ ინფორმაციას, მისი ფიქრები და ქმედებებიც არასწორად წარიმართება.
ჩემეული დასკვნა:
განათლებას წინ არაფერი ეღობება, არასწორი ამოცანისა და უკუღმართი ამოხსნის გარდა.