პოსტის წერის დროს გამოვდივარ შეხედულებიდან – როდესაც არ იცი რაზე ისაუბრო, ისაუბრე და წერე ამინდზე. ცნობილია, რომ ამინდი ჩვენს ზოგად მდგომარეობაზე აისახება. მეცნიერების მოსაზრებით, მზიანი დღეების ნაკლებობამ შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის მდგომარეობაზე და დეპრესია აქტუალური პრობლემა გახადოს.
თბილისი წვიმიან ამინდში, დამეთანხმებით, რომ კარგავს იმ მცირეოდენ ხიბლსაც კი, რაც გააჩნია. მსგავსი შემთხვევებისთვის, ზოგიერთმა ქვეყანამ ქალაქის ცუდ ამინდში გალამაზების საინტერესო მეთოდს მიმართა, მაგალითად სამხრეთ კორეამ. ქვეყნის რამდენიმე დიზაინერმა შეიმუშავა საინტერესო გეგმა, თუ როგორ უნდა ებრძოლონ პირქუშ შემოდგომას, როდესაც შეუჩერებლად წვიმს და ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი და ულამაზო გეჩვენება. სპეციალური საღებავის გამოყენებით, რომლებიც მხოლოდ დასველებისას ჩნდება, მათ მოხატეს ქუჩები დიდი, ფერადი ნახატებით. თავის პროექტს დიზაინერებმა „პროექტი მუსონი“ დაარქვეს. შედეგად კი, ქალაქის მაცხოვრებლები სიხარულით ელოდებიან წვიმას, რომ შთამბეჭდავი ნახატების ხილვის საშუალება ჰქონდეთ.
დიზაინერების გუნდმა საინტერესო რამ მოიფიქრა იერუსალიმის ქუჩების გასალამაზებლადაც: ქალაქში დაიდგა გარე განათების 9 მეტრიანი ინსტალაცია – რამდენიმე ყვავილი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იშლება, თუ მას ადამიანი უახლოვდება და ცდილობს თავი შეაფაროს (მაგალითად წვიმიან ამინდში). თუ გავითვალისწინებთ შემოდგომის არამდგრად ამინდებს, შთამბეჭდავთან ერთად, კონსტრუქციები საკმაოდ ფუნქციონალურია. დიზაინერების თქმით, ინსტალაციის მიზანი არა მხოლოდ ქალაქის გალამაზება იყო, არამედ იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენი ფანტაზიებისა და ჩანაფიქრების განხორციელება ყოველთვის შესაძლებელია. აღნიშნული მაგალითების გათვალისწინებით, შესაძლებლობები იმისა, რომ ადამიანებს გავულამაზოთ თუნდაც ყველაზე უღიმღამო დღე, ულევია.
კარგი იქნება, თუ ქართველებიც ჩავრთავთ ფანტაზიას. ეს ის შემთხვევაა როდესაც მიბაძვა მისასალმებელია.