ზოგადად მთელი ქვეყანა რომ მაიმუნობს, არაფერს აკეთებს და მაინც არ ვიღუპებით, მაგაზე ცალკე ბლოგპოსტს დავწერ, მაგრამ ამჯერად საზოგადოებასთან ურთიერთობის არსებულ მანკიერ პრაქტიკაზე მინდა გიამბოთ და ამასთან, დაგაფიქროთ კიდეც ცოტა. ნუ, მე შევეცდები და თქვენი დაფიქრების დიდი იმედი არ მაქვს☺
ჰოდა, უკვე 14 წელია ამ საქმეში ვარ. თავიდან არაფერი ვიცოდი, ვერაფერს ვხვდებოდი და მივყვებოდი ინერციით საქმესაც და პროფესიასაც. თან ვსწავლობდი, ჭკვიან ადამიანებს ვუსმენდი, შეცდომებს ვუშვებდი და ვხვდებოდი რაღაცებს. მერე სწავლება დავიწყე და შესაბამისად, ვისწავლე კიდეც ბევრი რამ. ბოლო პერიოდი კი სფეროს ანალიზი და სხვადასხვა ფაქტორებზე ფიქრიც დავიწყე. ჰოდა, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მაგარ ტრაკში ვართ, მეგობრებო!
ტრაკში ყოფნის მიზეზი და ფაქტორი რამდენიმეა, თუმცა დღეს ერთ-ერთზე შევჩერდები, რაც მგონია მარტო ჩვენი საქმის კი არა, ნებისმიერი სექტორის თუ დარგის დამახასიათებელია ჩვენს ქვეყანაში. თავს ვიტყუებთ პიარში და თან ყველა კმაყოფილები ვართ. ამის მთავარი მიზეზი ალბათ, შეფასების ინსტრუმენტების განუვითარებლობა და ეფექტიანობის სუბიექტური ანალიზია. მაგრამ ეგეც რომ არ იყოს, სულ რომ თავი დავანებოთ შეფასების ხარვეზებს, მაინც გაუგებარი და აუხსნელია ჩემთვის ასეთი თავის მოტყუება.
აბა, დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ პიარმენეჯერების მიერ გავრცელებული იმ ნიუსების სათაურები, რაც შეგხვედრიათ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში. არ დაგეძინოთ, მაინც ვერ გაიხსენებთ. ან თუ გაიხსენებთ, პირში მწკლარტე გემოს იგრძნობთ. ანუ, ყველა ერთმანეთს ჰგავს და თან არც ერთს დაეჯერება. აი, როგორ შეიძლება ყველა „პირველი“ და ყველა „გამორჩეული“ იყოს? ან რა მანქანებით ახერხებენ ამდენი „უნიკალურის“ და „ექსკლუზიურის“ შექმნას ამ პატარა ქვეყანაში? ასეთი ცალსახად პოზიტიური კომუნიკაციის თავად სჯერათ ნეტა? ან ასეთი ბრტყელ-ბრტყელი სათაურებით ჰგონიათ, რომ ქმნიან ნდობას ან ლოიალობას სამიზნე აუდიტორიაში?
მე მაინც მგონია, რომ ზოგადად არ გვჯერა გულწრფელობის ეფექტის კომუნიკაციაში და საერთოდ არ გვჯერა გახსნილობისა და გამჭვირვალობის. ქართული პიარის პარადოქსი სწორედ ესაა. თან უნდათ ჰქონდეთ კარგი პიარი, თან არაფრის თქმა და გაზიარება არ სურთ. ხოლო როცა გადაწყვეტენ, რომ რამე თქვან, იმასაც პრანჭავენ ზედმეტად და არადამაჯერებელი სათაურებით საერთოდ ფასს უკარგავენ საზოგადოებასთან ურთიერთობას. ამას ისიც ემატება, რომ ინტერვიუებსა თუ გადაცემებში ყველა მხოლოდ საკუთარ პლუსებზე ლაპარაკობს და არავინ ახსენებს იმ შეცდომებს, თუ არასწორ ნაბიჯებს, რომლებიც ჰქონიათ.
ხალხო, ცოტა საინტერესო სათაურები მოიგონეთ რა და შეეშვით საუკეთესოს მსგავსი ზედსართავი სახელების გამოყენებას. ეს ერთი და იმავე ჰედლაინი 10 საინფორმაციო სააგენტოზე რეპორტში კი კარგია, როცა რაოდენობაზე მიდგება საქმე, მაგრამ მარტო ანგარიშგება ხომ არ არის საქმე? მესმის, რომ წარმატებულები ხართ, ბევრი ფული გაქვთ, ქვეყანას მართავთ და გავლენიანები ხართ, მაგრამ ჭკუაც ხომ გაქვთ და ცოტა ლოგიკასაც ეცით ხოლმე პატივი, როცა პიარზე მიდგება საქმე.
ჰოდა, რა გგონიათ, ვერ ვხვდები და ვის ატყუებთ, მაგრად მაინტერესებს?!