როდის ხვდები, რომ გონებრივი გადაწვის პირას ხარ? როცა მარტივ რაღაცებს ვეღარ იმახსოვრებ, როცა კომპიუტერში, რომელსაც შენი ტვინი ჰქვია, შეპარული ნერვული ვირუსი ფიქრის ფაილებს აუჩინარებს, როცა ავტორეჟიმზე მომუშავე ტვინი სიახლეებზე error-ებს ყრის.
მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ გონება, რომელიც ერთ დროს თითო საგანს 360 გრადუსით სწავლობდა და რომლის წყალობითაც დღეს საკუთარ თავს წარმოადგენ, ტაფაზე დახლილ კვერცხს დამგვანებია. მაგრამ ეს პოსტი არ იქნება უიმედო მოთქმა წარსულზე. პირიქით, ვეცდები, საკუთარი თავიდან გამომდინარე, გულწრფელად მოგიყვეთ, როგორ შეიძლება პატარა ცვლილებებმა ხელახლა აგანთოთ და სხვადასხვა რამის მნიშვნელობა/უვარგისობა დაგანახოთ.
მესიკვდილებოდა „კანის ახალგაზრდა ლომებში“ მონაწილეობა. კრეატივის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი ჩვენთან პირველად ტარდებოდა და ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს უნდა მიგვეღო მონაწილეობა. დიზაინერი + კოპირაიტერი. მაგრამ მე ამ ყველაფრისთვის არ მეცალა, რადგან ათასი პატარა (და, რoგორც მერე მივხვდი, უაზროზე უაზრო) პრობლემით თავგამოტენილს უნდა მეფიქრა სხვებისგან განსხვავებულად და დიზაინერთან ერთად შემექმნა პროდუქტი, რომელიც მინიმუმ მე მომეწონებოდა. ყოველივე ამისთვის კი 24 საათი გვქონდა.
– Hello, მე და ჩემი ტვინი ასეთი რამეებისგან, ცოტა არ იყოს, შვებულებაში ვართ! J ადამიანების სახეებსაც ვეღარ ვასხვავებ და გამომიყვანეს ამათ აქ „კრეატივშიკი“! მოკვდა ეგ ზურიუსი, რუტინამ მოკლა! – ვფიქრობდი და სიკვდილმისჯილივით მივდიოდი იუსტიციის სასწავლო ცენტრისკენ, სადაც კონკურსი ტარდებოდა.
ბევრს რომ არ მივედ-მოვედო, დავალება ასეთი იყო: უნდა შეგვექმნა დედამიწის ლოგო მომავლის ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის, რომელიც დედამიწელებსა და უცხოპლანეტელებს ერთმანეთთან დააკავშირებდა და ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფდა. რაც მთავარია, ლოგო უნდა ყოფილიყო თანაბრად გასაგები და აღსაქმელი, როგორც ჩვენთვის, ასევე უცხოპლანეტელებისთვის…
უი, აინთო!
ირმა (დიზაინერი) და მე საქმეს შევუდექით. უცებ ვიგრძენი, რომ თავში იმდენი იდეა დატრიალდა, რომ, თუ აქამდე პრობლემად მათი არარსებობა მიმაჩნდა, მივხვდი, რომ რეალური საქმე – იდეების გაფილტრვა ყოფილა. ამასობაში ზოგმა ჩვენ მოგვბაძა და ბლოკნოტში ფიგურების გამოყვანა დაიწყო, ზოგმა კი, რახან 24 საათი გვქონდა, ინსპირაციისთვის ბალახზე წამოგორება არჩია (კი, ბალახიც გვქონდა, მოსახერხებელი პუფებიც და ეზოც. სასწავლო ცენტრის მთელი პირველი სართული ჩვენი იყო და რასაც გვინდოდა, იმას ვიზამდით). ყველა ისე წყვილ-წყვილად დავდიოდით, ერთ საათში ქრომოსომებს დავემსგავსეთ.
თავდაპირველად, შავ-თეთრ ლოგოზე ვფიქრობდით, რადგან სინათლისა და სიბნელის მონაცვლეობა ყველაზე მარტივად აღსაქმელია. მაგრამ დედამიწაზე წყლის არსებობას ხაზი ასე მარტივად ვერ გადავუსვით, ამიტომ ლურჯი სფეროთი დავიწყეთ.
კიდევ რა, კიდევ რა?
რა თქმა უნდა, ხელი – მისალმების ხუთთითიანი კიდური, რომელიც დედამიწელებს გვახასიათებს. თუმცა ხელის მტევანი სტილიზებურად, ხუთ ზოლად გამოვსახეთ, რომელსაც სხვადასხვა ფერი მივეცით. ამით დედამიწაზე არსებული 4 ძირითადი სტიქია და ერთიც – გრძნობა გადმოვეცით. მაგრამ ესეც არასაკმარისი გვეჩვენა და ბოლო შტრიხად სფეროს ქვემოთ პატარა სფერო მივუსვით, რითაც, მთვარესა და დედამიწაზე არსებულ გრავიტაციაზე მივანიშნეთ.
ნუთუ ასე მალე მივედით კონცეფციამდე? ჯერ ხომ არც დაღამებულა! კომპიუტერებს გავეცალეთ და შესვენება გადავწყვიტეთ. სხვებს გამოველაპარაკეთ, საერთოდ სხვა რამეებზე ფიქრი დავიწყეთ, ამასობაში საკვები გემრიელობები მოიტანეს და იქითკენ გავცვივდით. ირმამ მითხრა, მოდი, ნუ დავიშტამპებით და ახლა სხვა იდეებიც განვიხილოთ, ეგებ, უკეთესს მივაგნოთო. მართალია. ყოველთვის, როცა კი დრო გაქვს, აუცილებლად გვერდით გადადე გაკეთებული და ისე იფიქრე, თითქოს, წინა იდეა არც არსებობდა. რამდენიმე სხვა ვარიანტი ჩამოვყარეთ (რომლებიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სხვა მონაწილეებისას ჰგავდა) და მივხვდით, რომ თავდაპირველი არჩევანი ყველაზე სწორი იყო.
ამასობაში ღამის 12 საათიც მოვიდა და ვეებერთელა პიცები მოიტანეს. მაშინ მივხვდი, რომ ჩემს დიეტას საქმე ცუდად წაუვიდოდა. ჩაკეტილი სივრცე რომ ყოფილიყო და გაქცევა რომ შემძლებოდა, ამას, ალბათ, არ ჩავიდენდი, მაგრამ ვაი, რომ პიცა მთელი არომაგიით მიხმობდა! ზედ მივასკდი…
ღამის (თუ მეორე დილის) 1 საათისკენ თითქმის ყველაფერი მზად გვქონდა. ბოლო ვიზუალებზე გავწვალდით: დაღლილობისგან მე ინგლისური მავიწყდებოდა და ირმას – ქორელი. ნამუშევარი 4 საათზე ჩავაბარეთ და „კანის ახალგაზრდა ლომების“ დისლოკაციის ადგილი პირველებმა დავტოვეთ.
იმ დღიდან მოყოლებული ვფიქრობ და მიხარია, რომ ძველი ზურიუსი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონდა (ზამთრის სუსხიან ღამეებშიც კი, როცა, სამხედროდ მსახურობისას, ყინულის ფენით მოლიპულ ასფალტზე საათობით ვმორიგეობდი), ისევ ცოცხლობდა. საჭირო იყო ატმოსფერის შეცვლა და ათასი პატარა საზრუნავის ცალ ფეხზე დაკიდება (მოუკვდა მომგონ-მომკითხავი!), რომ ყველაფერი თავის ადგილას დამდგარიყო.
იმ ღამეს ფეხით 7 კილომეტრი ვიარეთ და საკუთარი თავებით კმაყოფილებას ვერ ვმალავდით. დღეს ვთვლი, რომ მსგავსი გამოწვევები ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ გაარჩიოს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის და მისი ჯანმრთელობისა და მომავლისთვის.
P.S. ყურადღება: რადარზე გონება შეინიშნება!
ზურიუსის გონება შეგიძლიათ იხილოთ “სხვა” რადარზე: www.zurriuss.ge (რედაქტორის ჩამატება)