86 წლის ჩეხი მწერალი მილან კუნდერა, ივნისში ახალ რომანს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ მწერალმა ნიუ-იორკერის მეშვეობით აცნობა პუბლიკას. რას ნიშნავს ეს ქართველი მკითხველისთვის და რით არის საინეტერესო ეს მწერალი ქართული ცნობიერებისთვის?
ის, რომ მწერალმა სახელი საერთაშორისო მასშტაბით 1984 წელს გამოქვეყნებული რომანით, “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” გაითქვა და მას შემდეგ მსოფლიო ლიტერატურაში დიდ ფიგურად იქცა, ცნობილი ფაქტია და ამას გუგლში ძიებითაც მარტივად შეიტყობთ. მინდა გესაუბროთ კუნდერას მნიშვნელობაზე ქართველი მკითხველისთვის მისი ერთ-ერთი თეზისიდან გამომდინარე:
“დიდი ერების პატრიოტიზმი განსხვავებული ბუნებისაა: ისინი ტკბებიან თავიანთი სიდიადით და მნიშვნელობით, საკუთარი უნივერსალური მისიით. ჩეხებს თავიანთი ქვეყანა უყვარდათ არა იმიტომ, რომ ის დიდებული იყო, არამედ იმიტომ, რომ ის უცნობი იყო; უყვარდათ არა სიდიდის გამო, არამედ იმიტომ, რომ პატარა იყო და მუდმივი საფრთხე ემუქრებოდა. მათი პატრიოტიზმი თავიანთი ქვეყნის მიმართ უსაზღვრო თანაგრძნობაში მდგომარეობდა.”
ჩემი აზრით, არ არსებობს ქართველი, რომელიც თავისი ქვეყნის მიმართ საკუთარ განწყობას ვერ ამოიკითხავს კუნდერას ამ სიტყვებში. ჩვენ მუდმივად ვწუწუნებთ, ვზუზუნებთ და ვშფოთავთ საკუთარი ერის მიმართ უკმაყოფილებით, დავცინით საკუთარ თავს. ხშირად გვრცხვენია და პროვინციალიზმად მიგვაჩნია ბევრი რამ საკუთარი ერის ფიზიოგნომიაში.
მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ გული შეგვტკივა ჩვენს მამულზე, რომელიც მეზობელი იმპერიებისაგან — ოსმალეთის, სპარსეთის თუ რუსეთის —მუდმივ საფრთხეს განიცდიდა და საკუთარი მეობის შენარჩუნებას ცდილობდა. სწორედ ამ გულისტკივილში გამოიხატება თანაგრძნობაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი, რასაც ამ ციტატაში აღწერს კუნდერა.
მეც მქონია მსგავსი პატრიოტიზმის განცდა, როდესაც ამერიკაში მითქვამს ახალი გაცნობილი ადამიანისთვის: “Georgia, the country, not the State.” ამის თქმას აუცილებლად სიამაყე და განსაკუთრებულობის გემო დაჰყვება. ამით დიდი იმპერიის წარმომადგენელს თითქოს დემონსტრაციულად ეუბნები, რომ ატლანტის იქით არის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ქვეყანა, რომლის შესახებ მას არც კი სმენია. ამაზე ხაზგასმით საკუთარი ერის კუნდერიასეულ (important insignificance-ის) დემონსტრირებას ახდენ და სწორედ ამით ხარ ამაყი. როგორც კუნდერამ ნათლად განმარტა: “ჩეხებს თავიანთი ქვეყანა უყვარდათ არა იმიტომ, რომ ის დიდებული იყო, არამედ იმიტომ, რომ ის უცნობი იყო.”
თავად კუნდერა ბოლო ორმოცი წელია საფრანგეთში ცხოვრობს. ის გაექცა 1968 წელს, პრაღაში, რუსეთის კომუნისტური არმიის მიერ დატრიალებულ უწესრიგობას. მისთვის ეს უწესრიგობა პირველ რიგში, რუსეთის პოლიტიკურ მიდგომასა და ხასიათში გამოიხატებოდა. მან ვერ აიტანა ყოფილი ჰაფსბურგის იმპერიაში ბარბაროსული კომუნიზმის ძალადობრივი გაბატონება. ამ კუთხითაც ძალიან ახლოა კუნდერას შემოქმედება ქართველი მკითხველისთვის. მისი გმირები, ამ თავსმოხვეულ კომუნიზმთან ბრძოლაში მოხვედრილი შემთხვევითი ინდივიდები არიან.
კუნდერა დღემდე ებრძვის მსოფლიოს მიერ “ყოფილი კომუნისტური ქვეყნების გამორჩეული მწერლის” მიწებებულ იარლიყს და ცდილობს საკუთარი შემოქმედება ამ ვიწრო არეალიდან გამოყოს. ის ერთი ჯიჯღინა ჩეხი მოხუცია, რომელიც უკვე წლებია წერს ფრანგულ ენაზე და ძალიან დიდი პრეტენზიით ეკიდება თავისი ნამუშევრების ნებისმიერ თარგმანს.
კუნდერას ახალ რომანს დიდ ხანს ელოდა მკითხველი. “უმნიშვნელობის ფესტივალი” მილან კუნდერამ შემოქმედების 13-წლიანი პაუზის შემდეგ გამოსცა. ახალი რომანის შინაარსი არაფრანგულენოვანი მკითხველისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. კუნდერას შემოქმედებაში ერთი შეხედვით მცირე და უმნიშვნელო ერების განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ და კულტურულ წონაზე ხაზგასმა, ვფიქრობ, საინტერესოა თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის. იმედია, ამ წიგნს ქართულ ენაზეც სულ მალე ვიხილავთ.